ადვოკატი: დავით ფეიქრიშვილის თქმით, დაზიანებები ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა და სხვებმა მიაყენეს

პუბლიკა

დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „ფორმულას“ ეუბნება, რომ დავით ფეიქრიშვილის გადმოცემით, მას ციხეში ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა და კიდევ ორმა პირმა სცემეს. ადვოკატის თქმით, ისინი 16 ოქტომბერს საკანში შეუსახლეს და ამის შემდეგ დაიწყო ფეიქრიშვილზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა. პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილისგან ტელეფონის კოდს მოითხოვენ.

„მე ვადასტურებ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალი. ეს დაზიანებები მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ. მისი განმარტებით და გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბიგანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. აღნიშნული პიროვნებები 16 ოქტომბერს შეუსახლეს მას საკანში და ამის მერე მოხდა, რაც მოხდა. 16 ოქტომბრის შემდეგ მიდის მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

დღეს რომ შევედი, მან ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანება. აღნიშნულ პატიმრებს, ვინც შესახლებულია მასთან საკანში, სარგებლობენ მობილური ტელეფონით, პირდაპირ კავშირზე არიან დეპარტამენტის დირექტორთან, დარეკვის შემდეგ მას მოიხსენიებენ, როგორც „ზაუტა“.

ორივე ძმის ჯანმრთელობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ვაკისრებ პენიტენციურ დაწესებულებას, გენერალურ დირექტორ პატარიძეს, N8 საპყრობილის დირექტორს, მის მოადგილეს, უსაფრთხოების და რეჟიმის უფროსს. მოვუწოდებ გენერალურ პროკურატურას, მოახდინოს მყისიერი რეაგირება. ადამიანის სიცოცხლეს შეეხება ეს ყველაფერი.

დაპირისპირების მიზეზი ნამდვილად არ ვიცი. გაჟღერებული ფაქტია, რომ ეს სამი პიროვნება იმისთვისაა დაჭერილი, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია. ეს მათი ფიზიკური დაზიანებაც მოყვა იმას, რომ ეუბნებიან, რომ მისცენ მობილურ ტელეფონზე დაყენებული კოდი.

ასევე გოგა ფეიქრიშვილსაც მიყენებული აქვს თვითდაზიანება, ვენები გადაიჭრა, რათა ძმის სიცოცხლე გადაერჩინა, რათა მასზე არ მომხდარიყო ფიზიკური ზეწოლა, არ გაგრძელებულიყო ეს ფიზიკური ზეწოლა“, – განაცხადა ადვოკატმა.

„პუბლიკა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია გავრცელდება.

დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის ოფისი გამოეხმაურა ინფორმაციას, თითქოს დავით ფეიქრიშვილზე სავარაუდო ძალადობაზე შეტყობინებას სახალხო დამცველის დაგვიანებული რეაგირება მოჰყვა. ომბუდსმენის თქმით, ეს ტყუილია.

ძმები ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა განაცხადა, დავით ფეიქრიშვილს სცემეს. მას შვილთან შეხვედრა სურს. ცემის ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა „კატეგორიულად უარყო“. უწყების ცნობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ფეიქრიშვილს ვიზიტები შეზღუდული აქვს.

„2026 წლის 19 ოქტომბერს, 16:31 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე და თხოვნა მისი მონახულების შესახებ. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ინფორმაცია გადაეცემოდა უფლებამოსილ დეპარტამენტს, ხოლო პატიმრის მონახულება განხორციელდებოდა უმოკლეს ვადაში.

იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია შესაბამისი ოქმით, რომელზეც დაფიქსირებულია ბრალდებულის ხელმოწერა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედია საშუალებებს გაავრცელონ მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატთან გადამოწმებული ინფორმაცია“, – აცხადებს ომბუდსმენი.


ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) 15 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ისინი 14 ოქტომბერს ერთ-ერთ რესტორანში ჯგუფურად გაუსწორდნენ დაზარალებულს.

დაკავებულებს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით წარედგინათ. სასამართლომ მათ პატიმრობა 16 ოქტომბერს შეუფარდა.

რაც შეეხება ძმებ ფეიქრიშვილს, ისინი შსს-მ 22 სექტემბერს დააკავა.

მათი დაკავების შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ  გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით მიმდინარეობდა.

მოგვიანებით პროკურატურამ ძმებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარუდგინა.