ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მოგვიანებით საქართველოს პროკურატურამ ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის და შოთა ყიფიანის დაკავებაზე განცხადება გაავრცელა.
„საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია(იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.“