სექტემბერში ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 000 კილომეტრი უკვე გათავისუფლდა - ზელენსკი

პუბლიკა

ამ დროისთვის, სექტემბრის დასაწყისიდან აქტიური მოქმედებების ფარგლებში ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 000 კილომეტრი უკვე გათავისუფლდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მისი თქმით, უკრაინელი  ჯარისკაცების მოძრაობა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება.

„რუსული არმია ამ დღეებში ავლენს ყველაზე უკეთესს, რისი კეთებაც შეუძლია – გვაჩვენებენ ზურგს. საბოლოო ჯამში, ეს არ არის ცუდი არჩევანი მათთვის – გაქცევა. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არასდროს იქნება“, – განაცხადა მან.