ხარკოვში, ლუჰანსკსა და ხერსონში ოკუპანტებმა უკან დაიხიეს - უკრაინის გენშტაბის ანგარიში

პუბლიკა

„ხარკოვის მიმართულებით ჩვენი ჯარების წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, რუსული ჯარები ტოვებენ პოზიციებს და ნაძარცვით გარბიან სიღრმეში, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 18:00 საათისთვის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათი თქმით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 150-მდე სამხედრო მოსამსახურემ ხარკოვის ოლქი ორი ავტობუსით, ერთი სატვირთოთი და 19 მოპარული მანქანით დატოვა.

შეარაღებული ძალების ანგარიშის თანახმად, იგივე სიტუაციაა ლუჰანსკის ოლქის ქალაქ სვატოვში. მათი თქმით, რუსეთის სამხედროებმა სასწრაფოდ დატოვეს სვატოვი 4  სატვირთო მანქანით, 20 „ტიგრის“ ჯავშანმანქანითა და ადგილობრივ მცხოვრებთა 20-ზე მეტი მოპარული მანქანით.

„დამპყრობლებმა ხერსონის ოლქის ზოგიერთ დასახლებაშიც დაიხიეს თავიანთი პოზიციებიდან. ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგის გამო, რუსმა დამპყრობლებმა ყველა ადგილობრივ მცხოვრებს დაატოვებინეს კახოვკის ცენტრალური საქალაქო საავადმყოფო და მას იყენებენ სამხედროებისთვის“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.