ერევანსა და ბაქოში აცხადებენ, რომ დღეს დილიდან საზღვარზე დაპირისპირება განახლდა

პუბლიკა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება ღამის განმავლობაშიც გაგრძელდა, დღეს დილიდან კი აზერბაიჯანმა სომხეთის დაბომბვა განაახლა.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერის თქმით, წუხელ აზერბაიჯანმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ჯერმუკის არეალში, ხოლო დღეს 08:00 საათიდან ჯერმუკისა და ვერინ შორჟას მიმართულებით არტილერიის, ნაღმტყორცნებისა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით დაიწყო სროლა. ერევანში აცხადებენ, რომ თავადაც მიმართეს საპასუხო ზომებს.

აზერბაიჯანი კი დაპირისპირების განახლებაში სომხეთს ადანაშაულებს. ბაქოში აცხადებენ, რომ ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით, მათ კი საპასუხო ზომებს მიმართეს.

საზღვარზე დაძაბულობის პარალელურად, სომხური მედიის ცნობით, დღეს ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სომხური ოპოზიციისა და დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრება საპროტესტო აქცია დაიწყეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი, ასევე სომხური მედიის ინფორმაციით, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, წუხელ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) საგანგებო სხდომა მოიწვია.

სომხური მედიის ცნობით, ვდეოკონფერენციით მოწყობილ სესიას რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ლიდერები ესწრებოდნენ, ასევე ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანი.

სხდომაზე გადაწყდა, რომ სომხეთში ОДКБ-ის გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით სპეციალური მისია ჩავა და სიტუაციას ადგილზე შეისწავლის.

წუხელვე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა. სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესსპიკერის ნედ პრაისის თქმით, აშშ ხაზს უსვამს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას.

კითხვაზე პასუხად კი, ვინ არის დამნაშავე განახლებულ დაპირისპირებაში, ნედ პრაისმა პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ დასძინა, რომ მათ აქვთ „მნიშვნელოვანი მტკიცებულები“, რომ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიას ბომბავს.

ოფიციალური მონაცემებით, 12 სექტემბრის ღამით დაწყებული დაპირისპირების შედეგად 50 აზერბაიჯანელი და 49 სომეხი სამხედრო დაიღუპა. დაშავდნენ სამოქალაქო პირებიც როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს.