შესავალი
ბოლო წლებში გატარებული არაერთი საკანონმდებლო რეფორმის მიუხედავად, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ კვლავაც დაბალია საზოგადოებრივი ნდობა. გარდა იმისა, რომ რეფორმის ტალღებს აკლდა სისტემურობა და თანმიმდევრულობა, ცალკე ყურადღებას იმსახურებს კანონებს მიღმა, ყოველდღიურობაში არსებული გამოწვევები. წლების განმავლობაში სამოქალაქო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო პარტნიორები საუბრობენ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა: პოლიტიკური ნების არარსებობა დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს შექმნაზე; მმართველ პოლიტიკურ ძალასა და სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფს შორის კავშირებსა და სასამართლოს პოლიტიზებაზე; სასამართლოს შიგნით განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობებზე; არამერიტოკრატიულ საკადრო პოლიტიკასა და მნიშვნელოვან თანამდებობებზე იმ მოსამართლეთა დანიშვნაზე, რომლებიც გამოირჩევიან შიდა გავლენიანი ჯგუფისადმი ლოიალურობით.
პრობლემების ეს არასრული ჩამონათვალი დიდ გავლენას ახდენს მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის ხარისხზე, თუმცა ამ სტატიის მიზანს არ წარმოადგენს მართლმსაჯულების ინსტიტუციური მოწყობის კრიტიკა ან იმის შეფასება, რამდენად თავისუფალია სასამართლო შიდა თუ გარე გავლენისგან. ტექსტის მიზანია, უფრო ფართოდ წარმოაჩინოს სასამართლოსადმი ნდობის მნიშვნელობა და მისი შესაძლო შედეგები მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილზე, ვისაც ნაკლებად მიუწვდება ხელი სამართლებრივ სერვისებსა და ინფორმაციაზე.
სასამართლოს მიმართ ნდობის კრიზისი
პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ინსტიტუციური მოწყობის მიღმა სასამართლოსადმი ნდობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსამართლის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია სახელდებით მიუთითებს მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესში კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებზე, ამ მიმართულებით ქართულ მართლმსაჯულებას მაინც აქვს მწვავე პრობლემები. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში. ჯერ 2019 წელს მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა აჩვენა, რომ კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატების პროფესიული კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების მიმართ სერიოზული კითხვები არსებობდა. მომდევნო წლებში კი უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა ისიც მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ საკანონმდებლო და პროცედურული გაუმჯობესება ავტომატურად ვერ ქმნის გარანტიებს მაღალი კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების მქონე მოსამართლეთა შესარჩევად.
სასამართლოს ინსტიტუციური ლეგიტიმაცია თვისებრივად განსხვავდება ხელისუფლების პოლიტიკური შტოების ლეგიტიმაციისგან და მთლიანად ემყარება საზოგადოებრივ ნდობას. ფრაგმენტული რეფორმების, მუდმივი პოლიტიზების რისკის, შიდა გავლენებისა და მოსამართლეთა დაბალი კვალიფიკაციის ფონზე ლოგიკურია, რომ დღეს ქართულ სასამართლოს არ აქვს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. მაგალითად, სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტის აზრით, ქართული სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან არაა თავისუფალი. NDI-ის 2021 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 16% მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში მართლმსაჯულების სისტემა გაუმჯობესდა, როცა ორჯერ მეტი – 32% ამბობს, რომ ვითარება ამ კუთხით გაუარესებულია. მძიმე ვითარებაზე მიუთითებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2022 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევაც, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიმართ დადებითად მოსახლეობის მხოლოდ 38% პროცენტია განწყობილი, ხოლო უარყოფითად – 48%. აღნიშნული კვლევის თანახმად, სასამართლოზე მეტად, საქართველოს მოსახლეობა კეთილგანწყობილია ისეთი ინსტიტუტების მიმართ, როგორიცაა პოლიცია, პრეზიდენტი, პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები და სხვ.
როგორც აღინიშნა, სასამართლოს მიმართ ნდობა განსხვავებული ფაქტორებით ყალიბდება და ის შეიძლება განპირობებული იყოს როგორც ინსტიტუციური და პოლიტიკური კონტექსტით, ისე კონკრეტული ინდივიდების გამოცდილებითა და აღქმით. ასევე, საგულისხმოა, რომ ნდობის დეფიციტი პირდაპირ ახდენს გავლენას ინდივიდების ქცევაზე – მიმართონ თუ არა სასამართლოს, ცადონ თუ არა თავიანთი უფლებების სამართლებრივი გზებით დაცვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღალია სასამართლოსადმი უნდობლობა, მით ნაკლებია შანსი, რომ მოქალაქემ მას პირადი ინტერესების დასაცავად მიმართოს. მართლმსაჯულებისადმი უნდობლობა განსაკუთრებით მწვავედ შესაძლოა, სწორედ იმ ინდივიდების უფლებრივ მდგომარეობაზე აისახებოდეს უარყოფითად, ვისაც ყველაზე ნაკლებად მიუწვდება ხელი სამართლებრივ ინფორმაციასა თუ დახმარებაზე.
მოწყვლადი ჯგუფები და სასამართლოს ხელმისაწვდომობა
სასამართლოსადმი ნდობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორი ის გამოცდილებაა, რომელიც დიდწილად აყალიბებს მოქალაქეთა მოლოდინს პოტენციურ სამართლებრივ დავაზე. მართლმსაჯულებისადმი უნდობლობა შესაძლოა, უკავშირდებოდეს დისკრიმინაციულ ან ნაკლებად მგრძნობიარე დამოკიდებულებას სასამართლოს მხრიდან; სამართალწარმოებასთან დაკავშირებით არასაკმარის განმარტებებს; სასამართლოს არაერთგვაროვან პრაქტიკას; სამართალწარმოების ხანგრძლივობას, მასთან დაკავშირებულ სახსრებსა და სხვ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2021 წლის კვლევის თანახმად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად მიუთითებენ პოლიციის გულგრილობასა და ირონიულ დამოკიდებულებაზე. გამოკითხული პირები, აგრეთვე, საუბრობდნენ ქალების მიმართ სოციალური სტიგმისა და რე-ვიქტიმიზაციის მაღალ რისკზე, ამასთანავე, თავად სამართალდამცავთა მხრიდან ქალების მიმართ სექსუალურ შევიწროებაზე. ამ შემთხვევაში რესპონდენტები არა სასამართლოზე, არამედ სხვა უწყების მიმართ დამოკიდებულებაზე აკეთებენ აქცენტს, მაგრამ ამან შესაძლოა, მთლიანად სამართალწარმოებასა და უფლებების სამართლებრივი გზით დაცვის რწმენაზეც იქონიოს გავლენა. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები ასევე მიუთითებდნენ ვითარების გამოსწორების მხრივ უიმედობასა და სოციო-ეკონომიკურ მოწყვლადობაზე. ეს ფაქტორებიც პირდაპირ უკავშირდება სასამართლო რგოლს – კერძოდ კი იმას, თუ რამდენად ხელმისაწვდომია, ფინანსური თვალსაზრისით, ეს ინსტიტუტი და რამდენად მგრძნობიარეა სასამართლო სხვადასხვა ჯგუფისა თუ ინდივიდის სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების მიმართ.
იმავე კვლევის თანახმად, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ადამიანები, განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრებნი, ხშირად თავს იკავებენ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისგან – ძირითადად, სირცხვილისა და რიდის გამო; არის შემთხვევები, როცა დედები შვილებს მამაკაცის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის ატანისკენ მოუწოდებენ. აგრეთვე, ხშირია მოსაზრება, რომ „ოჯახური საკითხები ოჯახში უნდა გადაწყდეს და პოლიცია ამაში არ უნდა ჩაერიოს“. საყურადღებოა ისიც, რომ ეს ტენდენციები უფრო მეტად სოფლებში ჩანს, ვიდრე ქალაქებში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პრობლემის ბუნებას – სასამართლოსადმი უნდობლობა, თუ მის მიმართ არსებული სხვა ბარიერები, საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად შესაძლოა იმ ინდივიდების უფლებრივ მდგომარეობაზე აისახებოდეს უარყოფითად, რომელთაც ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ხარისხიანი იურიდიული დახმარება ან მოიძიონ საჭირო სამართლებრივი ინფორმაცია.
ასევე, მკაფიოა, რომ მართლმსაჯულების სისტემის შესაფასებლად მხოლოდ მის მიმართ არსებული ნდობა არაა საკმარისი კრიტერიუმი და მხედველობაშია მისაღები ისიც, თუ რამდენად ხელმისაწვდომია მართლმსაჯულება მოქალაქეებისთვის. მაგალითად, 2020 წელს წარმოებული კვლევა აჩვენებს, რომ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდ ბარიერად მოსახლეობა სასამართლო ხარჯს და საქმის განხილვის ხანგრძლივობას ასახელებს და ამის შემდეგ მოდის სასამართლოსადმი უნდობლობა. იმავე კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის სასამართლომდე მისასვლელ გზაზე ბარიერს წარმოადგენს შურისძიების საფრთხე, მოსამზადებელი დოკუმენტების სირთულე, კულტურული ფაქტორები, ენის არასაკმარისი ცოდნა და სხვ.
შეჯამებისთვის
იმისათვის, რომ სასამართლომ რეალურად უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების სათანადოდ დაცვა, აუცილებელია, მის მიმართ არსებობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, თუმცა მხოლოდ ნდობა არაა საკმარისი სასამართლოს ეფექტიანი მუშაობისთვის და მოქალაქეები უნდა მიმართავდნენ კიდეც სასამართლოს თავიანთი უფლებების დასაცავად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასამართლო ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი გარიყული, მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
მართლმსაჯულების ეფექტიანობის მხოლოდ ვიწრო ლეგალისტური პერსპექტივით განხილვა ხშირად არა მხოლოდ არ იძლევა საფუძვლიან და სიღრმისეულ პასუხებს ვითარების გამოსასწორებლად, რეალური პრობლემის იდენტიფიცირებასაც კი შეუძლებელს ხდის. ამ მიზნით აუცილებელია, მხედველობიდან არ დავკარგოთ ის სოციალური და კულტურული ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ შეიძლება განსაზღვრავდეს სასამართლოსადმი ნდობის ხარისხს და აძლიერებდეს ან ასუსტებდეს მოქალაქის მოტივაციას – მიმართოს სასამართლოს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ქართული სასამართლოს განვითარების ისტორია მხოლოდ ინსტიტუციურ მოწყობაზე მოგვითხრობს და მართლმსაჯულებაზე მიმდინარე პროფესიული დისკუსიებიც იშვიათად სცდებოდა ლეგალისტურ ჩარჩოებს. საკანონმდებლო და ინსტიტუციური კონტექსტი უმნიშვნელოვანესია სისტემის გამართულად მუშაობისთვის, მაგრამ რიგითი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად მხოლოდ ეს არ კმარა. სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად, ინსტიტუციური და პოლიტიკური მდგრადობის მიღმა, აუცილებელია სასამართლოს მაღალი სოციალური მგრძნობელობა და იმ კულტურული, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის ბარიერების აღმოფხვრა, რომლებიც გავლენას ახდენს მოქალაქეების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების ნდობაზე.
ინსტიტუციური და ლეგალისტური გამოწვევების მიღმა, აუცილებელია პოლიტიკურ დღის წესრიგში ისეთი საკითხების შემოტანაც, რომლებიც შესაძლოა, ყველა მოქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არ იყოს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის პირდაპირ განსაზღვრავდეს სასამართლოსადმი ნდობისა თუ ხელმისაწვდომობის ხარისხს.
პროექტი: ,,აქტიური მოქალაქეების ჩართულობა უკეთესი სასამართლო სისტემისათვის’’
სტატია მომზადდა ევროპის ფონდის დაფინანსებით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. სტატია არ გამოხატავს ევროპის ფონდის და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.