მასწავლებელმა, რომელმაც მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და სკოლიდან წავიდა, – ამის შესახებ „პუბლიკას” მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხანალი გახრამანოვმა განუცხადა.
ის მომხდარს კატეგორიულად გმობს და აღნიშნავს, რომ ქართული ენის მასწავლებელი დღეიდან გათავისუფლებულია.
„ფაქტი სახეზეა, რაც გააკეთა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვისაც და სკოლისთვისაც… პედაგოგმა დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე და სკოლის მხრიდანაც დაკმაყოფილებულია მისი განცხადება. დისციპლინური კომისია ამ საკითხს ისედაც განიხილავდა და გაუშვებდა, მაგრამ თავადვე დაწერა და წავიდა სკოლიდან… ფაქტი ზუსტად როდის მოხდა არ ვიცი, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გარდა პარასკევს. დღეიდან გათავისუფლებულია”, – ამბობს რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებაც დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ენის მასწავლებელი მოსწავლეებს, საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო, დასჯის მიზნით, აიძულებს მუხლებზე დადგნენ. დასჯილ ბავშვებს კი ფოტო გადაუღო და ახლობლებს გაუგზავნა.