ვინ და როგორ აძლიერებს სოფლად მცხოვრებ ქალებს?

ფასიანი განთავსება

15 ოქტომბერს მსოფლიო სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სოფლად მცხოვრებ ქალებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ადგილობრივი თემის განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოებასა და სიღარიბის დაძლევაში. ისინი ყოველდღიურად უამრავ გამოწვევას უმკლავდებიან. ქალების ცხოვრება სოფლად დაკავშირებულია მძიმე ფიზიკურ შრომასთან იქნება ეს მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, შინამეურნეობა, სხვადასხვა სახის ზრუნვა თუ სხვა. და მაინც, ცოტამ თუ იცის, რომ არსებობს დღე, რომელიც სოფლად მცხოვრებ ქალებს ეძღვნება. ეს დღე მათი თავდაუზოგავი შრომის დაფასებისა და მათ მიმართ მადლიერების გამოსახატად დაწესდა.

საქართველოში სოფლად მცხოვრები ქალების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიმართულებით,  წლებია, „ფონდი ტასო“ მუშაობს. აქ მათ ბევრ სოფელში იცნობენ, ენდობიან და ელოდებიან. სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, თვითდასაქმების წახალისება, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გზების მოძიება, პროფესიული განვითარება თუ მოტივაციის გაზრდა, ფონდის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობის – ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტებია.

2007 წელს „ფონდი ტასო“ დამოუკიდებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდა მარინა თაბუკაშვილის ხელმძღვანელობით, როგორც ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ქალთა პროგრამის გაგრძელება. ფონდმა აქტიურად მიმართა თავისი საქმიანობა ქალთა გაძლიერებისა და მძლავრი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისკენ. ამ ჭრილში, საჭიროებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება სოფლად მცხოვრები ქალების მხარდაჭერასა და გაძლიერებას დაეთმო.

როგორც „ფონდი ტასოს“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მაია გრძელიშვილი გვიყვება, 2010 წლიდან,  ფონდმა სოფლად მცხოვრებ ქალებთან მუშაობისთვის სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიის  გამოყენება დაიწყო. ეს მეთოდოლოგია გულისხმობს გრძელვადიან, თანმიმდევრულ მუშაობას თემში ჯგუფების მობილიზაციისთვის. მეთოდოლოგია შესაძლებლობას იძლევა მოიცვას ეთნიკური უმცირესობების, დევნილი- კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფის მობილიზება და გაძლიერება.

მაია გრძელიშვილის თქმით, ამ მეთოდის დანერგვამ ხელი შეუწყო ქალების ინდივიდუალურ განვითარებას, ლიდერობას, სოციალური და პოლიტიკური აქტივობების წამოწყებას, მათ მოტივირებას.

„სწორედ ამ მეთოდის შედეგი იყო, რომ მარტოხელა დედა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს,  მერის წარმომადგენლად აირჩიეს. მანამდე ეს ქალი დამხმარე იყო საბავშვო ბაღში და ქართულად ვერ საუბრობდა. ამ მეთოდმა ხელი შეუწყო, რომ ესწავლა ქართული ენა, უკეთ დაუფლებოდა კომპიუტერულ უნარებს და გაზრდილიყო მისი ხელმისაწვდომობა რესურსებსა და სერვისებზე. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც ქალების სოციალურ-პოლიტიკურ წარმომადგენლობას შევუწყვეთ ხელი. გვაქვს მრავალი სხვა შემთხვევა, მაგალითად, საკრებულოს წევრობამდე თუ მენეჯერულ პოზიციებზე ქალების დაწინაურების“, – ამბობს მაია გრძელიშვილი.

სოციალური მობილიზაციის მეთოდის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, გარდა პოლიტიკური მონაწილეობისა, მოხალისეობრივი კულტურის გავრცელებაცაა.

პირველი ეტაპი თემში შესვლისას ნდობის მოპოვებაა, რაც როგორც ფონდში ამბობენ, სტერეოტიპული დამოკიდებულებებისა და სხვადასხვა ბარიერის გათვალისწინებით, არც ისე ადვილია. ნდობის მოპოვების შემდეგ კი საერთო ღირებულებებზე შეთანხმება ხდება და სწორედ ამის ნაწილია მოხალისეობაც.

„რაში დაგვეხმარებით? – ეს არის ხოლმე კითხვა, როდესაც სოფელში მივდივართ. ჩვენ კი ვეუბნებით – ჩამოვედით, რომ განვითარებაში შეგიწყოთ ხელი, თქვენ თუ გაქვთ ამის სურვილი და მოტივაცია. ვეუბნებით, რომ მონდომებით, ცოდნისა და უნარების შეძენით გექნებათ სხვადასხვა რესურსებსა და შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობა. მნიშვნელოვანია თქვენი მზაობა განვითარებისთვის – მოხალისეობრივად“, – ამბობს მაია გრძელიშვილი.

სათემო მუშაკი სვირის თემიდან

სვირის სათემო მუშაკი თამარ შუბითიძე გვიყვება, რომ „ფონდი ტასო“ მათ სოფელში 2019 წელს ჩავიდა. ქალები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და მოუსმინეს ერთი შეხედვით მათთვის დაუჯერებელ ამბავს, რომ ვიღაც დაეხმარებოდა მათ ცოდნისა და უნარების შეძენაში. ასევე, მისცემდა შესაძლებლობას, მიეღოთ თანხა საკუთარი მცირე ბიზნესის განსავითარებლად.

„სულ თავიდან რამდენიმე გოგოსგან ჯგუფი შეიქმნა. ამ ჯგუფის წევრებმა სათემო მუშაკად მე დამასახელეს. მაშინ პატარა მყავდა, ამიტომ უარის თქმას ვაპირებდი, რადგან ტრენინგებზე უნდა მევლო და ბავშვს ვერსად დავტოვებდი. მაგრამ  შევძელი და გავხდი სათემო მუშაკი.

ჩემი მოვალეობაა ადგილზე შეხვედრების ორგანიზება, ჯგუფის წევრების შეკრება, მათთვის ეკონომიკურ და სასწავლო გრანტებზე ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება, პროექტების წერაში, მათ შესრულებასა და ინფორმაციის მოძიებაში დახმარება. ვცდილობ, ეს ყველაფერი გავაკეთო და  გამომდის“, – გვეუბნება თამარი.

ის იხსენებს, რომ ბევრი რამ გაკეთდა თემში, მაგალითად, სოფლის მოსახლეობას აწუხებდა, რომ მოწესრიგებული არ იყო შიდა გზა. ასევე, არ იყო მოსაცდელი, ცენტრალური საპირფარეშო, გარე განათება, საბავშვო ბაღი და ბიბლიოთეკის შენობა.

„წვიმასა და სიცივეში დგომა გვიწევდა, ახლა კი ძალიან კარგი მოსაცდელი გვაქვს. ამ პრობლემის მოგვარებამ გაამართლა და ახლა ეს მოსაცდელი თავშეყრის ადგილადაც კი იქცა. უკვე გარე განათებაც კეთდება და ალბათ მალე ჩაგვირთავენ. საბავშვო ბაღი მუშაობს, პირველი ნაკადი წინა წელს გაუშვეს. ახლა ჩემი პატარაც დადის ბაღში და სწავლობს. სვირის საბავშვო ბაღში სულ 37 ბავშვია“, – ამბობს თამარი.

ის ჰყვება, რომ ქალების ცხოვრება სოფელში ძალიან რთულია და ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ მხარდაჭერას. თამარ შუბითიძე ამბობს, რომ ქალებისთვის სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა, მათ კი ხშირად არ ჰყავთ დამხმარე. ამიტომ ტექნიკა, რომელიც ქალებს მძიმე შრომას უმსუბუქებს, ძალიან სჭირდებათ. ფონდის დახმარებით თემისთვის შეძენილი 7 ხელის ტრაქტორი დიდი შეღავათი აღმოჩნდა ქალებისთვის.

„ხელის ტრაქტორით შესაძლებელია მიწის გაფხვიერება, განოყიერება, დათესვაც. თოხი აღარ არის საჭირო. ამან ქალებს შრომა ბევრად გაუადვილა. მაგალითად, ახლაც ქალები ტყიდან შეშას ეზიდებიან და ზამთრისთვის იმარაგებენ. “, – ამბობს ის.

სათემო მუშაკობის შემდეგ,  თამარ შუბითიძე ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მენეჯერი გახდა. ამჟამად სოფელში უკვე 26 ქალისგან შემდგარი 3 თვითდახმარების ჯგუფთან მუშაობს. ისინი აქტიურად მუშაობენ თემისა და ქალების საჭიროებები ადგილობრივ თვითმართველობასთან მიიტანონ.

სოციალური მობილიზაციის მეთოდოლოგიის ფარგლებში ფონდი ხელს უწყობს შემოსვლის მომტანი საქმიანობების წამოწყებას.„ერთი მხრივ, ქალებს ვასწავლით ბიზნესგეგმის წერას, მეორეს მხრივ, კი ისინი იწყებენ ფიქრს, რამდენად შეიძლება გახდეს მათი საყვარელი საქმიანობა შემოსავლის მომტანი. არის საქმიანობები, რომლებიც თავიდანვე ძალიან წამატებული იყო, შემოსავლიანი და გადააჭარბა იმ მოგების გეგმას. თუმცა არის ბიზნესები, რომლებმაც ვერ გაამართლეს. ამ რისკების გათვლაც რთული და კომპლექსური პროცესია. ამ ყველაფერს კი, მეტი მუშაობა და ცოდნის დაგროვება სჭირდება. ამიტომ ჩვენ მუდვივად მათ გვერდით ვართ და იციან, რომ შეუძლიათ მოგვმართონ“, – გვეუბნება მაია გრძელიშვილი.

სათბურისთვის მიღებული გრანტი

„ბევრმა მითხრა – შენ ეს უკვე შეძელი, ცრემლი აღარ არის საჭიროო“, – ამბობს ირინა ლაბაძე. ის გურიიდან, სოფელ ოზურგეთიდანაა. ირინას სათბურის მშენებლობა მალე დასრულდება და საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდაც იქცევა. ამისთვის გრძელი გზა გაიარა.

ირინა გვიყვება, რომ მცენარეებთან და მიწაზე მუშაობა ყოველთვის უყვარდა. სულ თავს დასტრიალებდა ყვავილებს. ამის გამო ბევრი წყენა და დამცირებაც მიუღია, როგორც იხსენებს, რადგან სოფელში სულ ეუბნებოდნენ, რომ სჯობდა მიწაზე სხვა რამ მოეყვანა, ოჯახისთვის გამოსადეგი.

ის არ ნებდებოდა, ნაცნობებს ურეკავდა, რჩევას იღებდა. თუკი სადმე რამე შესაძლებლობის შესახებ გაიგონებდა, მონაწილეობას იღებდა. ასე გაიგო „ფონდი ტასოს“ შესახებ, რომელიც გურიის რეგიონში სხვადასხვა პროექტს ახორციელებდა. მან მეგობართან ერთად განაცხადი შეიტანა.

„მე კომპიუტერი დიდად არ ვიცოდი, კლავიატურისგან ცოტა შორს ვარ. მეგობარი დამეხმარა. შევსების შემდეგ გავიდა ხანი და დამიკავშირდნენ, დაიწო შეხვედრები. ჩვენს გუნდს ჰქვია „მოტივირებული გოგოები“ სოფელ ოზურგეთში. გავიარეთ ტრენინგები, ვისწავლეთ, როგორ დაგვეწერა პროექტი და ელექტრონულად გაგვეგზავნა. დიდი მონდომებით, ხალისითა და იმედით ვავსებდით. ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო და არ შეგვეძლო მანამდე . ამ პროცესში გავაცნობიერეთ, რომ ჩვენ არ ვართ უსუსურები, არ ვართ პატარები და ჩვენი შრომით, სახლებიდან გამოსვლით შეგვიძლია სწავლა და საყვარელი საქმის კეთება“, – ამბობს ირინა.

ის იხსენებს, რომ პანდემიის დროს, როდესაც ყველას ძალიან გაუჭირდა და ბევრი უმუშევარი დარჩა, მანაც გამოსავლის ძიებისას, ტყიდან მოტანილი ნეკერჩხლის ნერგი გაყიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გააცნობიერა, რომ შესაძლებელი იყო მცენარეების მოყვანითა და გაყიდვით შემოსავალი მიეღო.

„ძალიან მომეწონა პროცესი და თან სასიამოვნო იყო რომ ჩემი შვილებისთვის დამოუკიდებლად ლუკმა-პურის მოპოვება შემეძლო. გადავწყვიტე ეს პატარა საქმე მცირე შემოსავლად მაინც მექცია.

ბიზნეს გეგმის  დაწერის არანაირი გამოცდილება არ მქონდა მანამდე, მაგრამ მას შემდეგ რაც გავიარეთ და ვისწავლეთ, ამან მომცა გამბედაობა უკვე დამოუკიდებლად შემევსო  განაცხადი.

მანამდე მიუხედავად იმისა, რომ არც ატესტატი მქონდა, არც დიპლომი და არც გამოცდილება, იმდენად გამზარდა ცოდნის შეძენის პროცესმა, მოტივაცია მომცა და იმედი ჩამისახა, რომ გამოცდა ჩავაბარე ექსტერნად, ატესტატი ავიღე. ონლაინ სწავლება იყო მებაღე დეკორატორობაზე და იქაც მივიღე მონაწილეობა“, – გვიყვება ირინა.

ირინა ლაბაძე მალე სერტიფიკატსაც აიღებს. როგორც ამბობს, ძალიან გაუხარდა, როცა აღმოაჩინა, რომ მისი ხელით დაწერილი პროექტი ფინალში გავიდა და გრანტიც მიიღო სათბურის გასაკეთებლად. სათბურში ყვავილებს მოიყვანს და მერე გაყიდის. გეგმავს ზამთარში მწვანილი და ბოსტნეულიც გაახაროს. არ აპირებს სათბურის გაჩერებას, დარწმუნებულია, რომ მისი ბიზნესი განვითარდება.

„ჩემი ოცნებები ნელ-ნელა სრულდება. ბავშვობიდან ვშრომობდი ჯერ მშობლების სახლში, მერე ქმრის ოჯახში, ძროხის მოვლა, მიწაზე მუშაობა… ყოველთვის დიდი ეზო გვქონდა. ახლა მივაღწიე იმას, რომ რაც მომწონს ვაკეთებ. ქალებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ არაფერი გამოვა, მე ვარ მაგალითი მათთვის. ჩემი შრომით, დაკოჟრილი ხელებით ეს შევძელი. ბევრ ადამიანს ამოვიყენებ კიდევ გვერდით რომ გავიზარდო, გავფართოვდე და დამატებითი შემოსავალი გვქონდეს“, – ამბობს ირინა.

ეკონომიკური საქმიანობების გარდა ფონდს სხვა მიმართულებებიც აქვს და ცდილობს ქალთა გააქტიურებას სხვადასხვა სფეროსა და პროცესში.

„ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვმუშაობთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, პოლიტიკურ მონაწილეობაზე, მაგრამ ვხედავთ, რომ სანამ ქალებს ფინანსური დამოუკიდებლობა არ ექნებათ, ძალიან რთულია მათი სოციალურ თუ პოლიტიკურ აქტივიზმში ჩართვა. ამიტომ ქალების ეკონომიკური გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ფაქტობრივად,  სულ ვმუშაობთ და ვხვეწთ მიდგომებს, როგორ შეიძლება უკეთესად შევუწყოთ ხელი ქალებს, რომ ხელი მიუწვდებოდეთ სხვადასხვა საგრანტო პროექტსა თუ სახელმწიფო პროგრამაზე, რომ გახდნენ მეწარმეები, განავრცონ თავიანთი შინამეურნეობა, დასაქმდნენ, დაწინაურდნენ და მათი ხმა ისმოდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში“, – ამბობს მაია გრძელიშვილი.

ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და სოციალური სამართლიანობის საქმეში განსაკუთრებული როლის მიღმა, ეროვნულ ქალთა ფონდს აქვს მრავალი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ქალთა სტატუსის, ქალთა მიმართ პოლიტიკისა და არსებული სისტემის თუ პრაქტიკების გაჯანსაღებისკენაა მიმართული.