თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში განაცხადი მხოლოდ ჯაბა სამუშიამ შეიტანა

პუბლიკა

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის კომისიაში მხოლოდ ერთი კანდიდატის, ჯაბა სამუშიას განაცხადი შევიდა – ინფორმაცია „პუბლიკას“ თსუ-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

„ამ ეტაპზე კომისია იმსჯელებს საბუთების დასაშვებობასთან დაკავშირებით. თუ რაიმე ხარვეზი არ არის საბუთებში, 20ოქტომბერს დაინიშნება აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც დამტკიცდება დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. კომისიის მხრიდან 20 ოქტომბრამდე გვეცოდინება, საბუთების კუთხით რაიმე ხარვეზი ხომ არ არის. თუ არ არის, 20 ოქტომბერს გავიგებთ შედეგებს. მოვალეობის შემსრულებელი არაუმეტეს ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს რექტორის მოვალეობას. შემდეგ აკადემიური საბჭო გადაწყვეტს თარიღს, როდის ჩაინიშნება უშუალოდ რექტორის არჩევნები. მოხდება განაცხადების მიღება, კომისიის მხრიდან დასაშვებობის განსაზღვრა და შემდეგ სრულფასოვანი ვადით აირჩევა რექტორი. რაც შეეხება გია შარვაშიძეს, ის 15 ოქტომბრის ჩათვლით რჩება თანამდებობაზე“, – განაცხადა თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი კაკაურიძემ „პირველ არხთან“.

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება.

წესდების მიხედვით, კანდიდატების განაცხადების განხილვის შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს.

მოვალეობის შესრულებისთვის განსაზღვრული 6-თვიანი ვადის შემდეგ კი გამოცხადდება კონკურსი რექტორის შესარჩევად.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საზოგადოებამ 7 ოქტომბერს გაიგო.


რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თსუ-ის ყოფილი რექტორის გიორგი შარვაშიძის შემდეგ თანამდებობას ჯაბა სამუშია დაიკავებს.

დღის განმავლობაში კი ჯაბა სამუშიას facebook-გვერდზე მილოცვებს უწერენ და ახალ პოზიციაზე წარმატებებს უსურვებენ.

საკითხს ასევე გამოეხმაურა თსუ-ის სტუდენტური მოძრაობა. ისინი გავრცელებულ ინფორმაციაზე დაწყრდნობით ამბობენ, რომ ცხადია, „უნივერსიტეტის კლანურ მმართველობას წინასწარ აქვს განსაზღვრული თუ ვინ გახდება რექტორი, მაგრამ სტუდენტები მათ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ”.

„ვწუხვარ, რომ ბევრმა ეს ინფორმაცია სანდოდ მიიღო. თსუ-ს წესდება არეგულირებს არჩევნების წესს და არავინ არავის არ ნიშნავს. ამასთანავე, დღეისათვის უნივერსიტეტს ჰყავს რექტორი და ახლის არჩევა, მხოლოდ რამდენიმე კვირაში იგეგმება. ყველამ პატივი უნდა ვცეთ თსუ-ს ტრადიციას”, – ასე გამოეხმაურა თსუ-ის პროფესორი, ჯაბა სამუშია გავრცელებულ ინფორმაციას რამდენიმე დღის  წინ.

ჯაბა სამუშია ასევე იყო ორი მოწვევის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან”.