სამუშია მისი კანდიდატურის შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელებას მედიას აბრალებს

პუბლიკა

თსუ-ის მოვალეობის შემუსრულებმა, ჯაბა სამუშიამ არჩევის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მან ჟურნალისტებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მის კანდიდატურასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დღეს აირჩია. 30-დან 28 წევრის მხარდაჭერა მიიღო.

მისი თქმით, მისი მოვალეობის შესრულების პერიოდში არცერთი დახურული კითხვა არ იქნება და იმ საკითხებზე, რომლებიც სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, შეხვედრებს გამართავს.

„ჩემი არჩევის შემთხვევაში, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა, არ იქნება არცერთი დახურული კითხვა.

მე შევეცდები, ყველა იმ საკითხზე, რომელი საკითხიც ბოლო პერიოდში ჩვენს სტუდენტობას აწუხებდა, ყველა ამ კითხვაზე პასუხი გავცე და მქონდეს მუდმივი დიალოგი ყველასთან: ყველა სტუდენტთან, ყველა ადამიანთან, რომელსაც გული შესტკივა თსუ-ის მომავალზე.

სამ რამეს ეფუძნება უნივერსიტეტი. ეს არის მისი საუკუნოვანი ტრადიცია, ძვირფასი პროფესურა და ჩვენი ძვირფასი სტუდენტობა. ამ სამივე მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ავტორიტეტი გაიზარდოს“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მან პროტესტის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრის მზაობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მზადაა ყველას შეხვდეს. კითხვაზე – ხომ არ უქმნის უხერხულობას ის ფაქტი, რომ კონკურსის ერთადერთი მონაწილე იყო? – უპასუხა:

„რომ ეს იყო დადგმული ფარსი. ალბათ შეიძლებოდა ვინმეს, მეორე კანდიდატურას რომ შემოეტანა განაცხადი. არ იყო არაფერი დადგმული. აბსოლუტურად ღია პროცესი მიდის. აქედანაც ჩანს, თუნდაც ის, რომ აკადემიურ საბჭოს ასეთი მხარდაჭერა გვაქვს, ასეთი ლეგიტიმაციით ჩატარდა არჩევნები.

მე ვერაფერს მოგიხსენებთ, სხვამ რატომ არ შემოიტანა. ეს ცოტა უხერხული კითხვაა ჩემ მიმართ. შეიტანა კანდიდატმა, ამ შემთხვევაში მე შევიტანე განაცხადი, სხვას ჰქონდა თავისი პოზიცია, ბუნებრივია. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, აქ არის საუბარი მოვალეობის შემსრულებელზე. მოვალეობის შემსრულებლის ფუნქცია გარკვეულწილად არის ის, რომ მოამზადოს დიდი არჩევნები უნივერსიტეტში და შესაძლოა, ამანაც განაპირობა ის, რაზეც თქვენ ამ შემთხვევაში აკეთებთ აქცენტს”. – განაცხადა სამუშიამ.

სამუშიას ჰკითხეს – უქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ მისი კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია იქამდე გახდა ცნობილი, ვიდრე ამას ოფიციალურად იტყოდა თსუ-ის ადმინისტრაცია?

„ეს თქვენი კოლეგების წყალობით მოხდა, სამწუხაროდ, რამდენიმე სააგენტომ წინასწარ გაავრცელა ინფორმაცია.

როცა მე ჩამოვედი, მე შევეცადე, ყველა სააგენტოსთან დაკავშირებას, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თქვენგან კოლეგებმა იჩქარეს. გამომდინარე აქედან ბევრმა უცნობმაც დაიწყო მილოცვა. ვფიქრობ, რომ დიდი ტრაგედია არაა, როცა ადამიანს რაღაცას ულოცავენ, თუმცა იყო უხერხულობა, ვურეკავდი და ვთხოვდი ყველას, რომ აეღოთ. ეს არის თქვენი კოლეგების ბრალი, თქვენმა კოლეგებმა თქვეს, რომ დაინიშნა სამუშია რექტორად და საზოგადოების მცირე ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს“, – განაცხადა სამუშიამ.

ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დღეს აირჩია. 30-დან 28 წევრის მხარდაჭერა მიიღო. თსუ-ის რექტორის თანამდებობა ვაკანტური 7 ოქტომბერს გახდა. არჩეულმა რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ საზოგადოებას გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ 7 ოქტომბერს მოულოდნელად აცნობა. შვიდ ოქტომბერსვე გავრცელდა ინფორმაცია მედიაში გიორგი შარვაშიძის შესაძლო შემცვლელის შესახებ. მედია წერდა, რომ რექტორობა ჯაბა სამუშიას სურდა. მედიაში ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა საჯარო მილოცვებიც, რაზეც მოგვიანებით ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ „რაღაც მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, თითქოს მე თსუ-ის რექტორი გავხდი“, და „ახლა ვზივარ, ვურეკავ ყველას, ვინც ნაცნობია, რომ აიღონ პოსტი, რომ ტყუილია, რადგან ძალიან უხერხულია ეს ყველაფერი “. ამ განცხადებიდან ზუსტად 4 დღეში ცნობილი გახდა, რომ ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ერთადერთი კანდიდატი იყო.