საერთო შეხვედრის დაწყებამდე პუტინი ფაშინიანსა და ალიევს ცალ-ცალკე შეხვდა

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდა.

სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე მათ სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხზე ისაუბრეს.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანული მხარე პირვანდელ პოზიციებს უნდა დაუბრუნდეს.

პუტინთან შეხვედრაზე ფაშინიანმა თქვა, რომ რუსეთის მტკიცებამ, თითქოს საზღვრების დელიმიტაციის კომისია სომხეთისთვის უსაფრთხოების გარანტი იქნებოდა, აზერბაიჯანი ვერ შეაკავა და 2022 წლის 13 სექტემბერს სომხეთის ტერიტორიას თავს დაესხა.

ალიევისა და პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით კი აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ აზერბაიჯანი აფასებს რუსეთის როლს ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით

ილჰალმ ალიევის განცხადებით, ორი წლის წინ ხელმოწერილი სამმხრივმა დეკლარაციამ წერტილი დაუსვა მრავალწლიან კონფლიქტს, ახლა კი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მოქმედებაა საჭირო.

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ სამსჯელოდ ვლადიმერ პუტინის ინიციატივით 31 ოქტომბერს სოჭში დაიგეგმა სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან.