ალიევის, ფაშინიანისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ საერთო განცხადება ვრცელდება

პუბლიკა

სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის ლიდერები სოჭში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების ტექსტს კრემლი ავრცელებს.

ტექსტის მიხედვით, ლიდერებმა ისაუბრეს 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესრულების პროცესზე.

„მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას, დაიცვან ყველა აღნიშნული შეთანხმება, რაც არის აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების კომპლექსური ნორმალიზაციის, სამხრეთ კავკასიის მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის ინტერესებში. მხარეები შეთანხმდნენ, დამატებითი ძალისხმევა მიმართონ დარჩენილი ამოცანების გადაუდებელ მოგვარებაზე, მათ შორის ჰუმანიტარული საკითხების.

მხარეები შეთანხმდნენ ძალის გამოყენებისა ან მისი გამოყენების მუქარისგან თავის შეკავებაზე, ყველა პრობლემური საკითხის მხოლოდ ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის საფუძველზე გადაჭრაზე. ასევე ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობიანი შეთანხმების გაფორმებისთვის აქტიური მზადების მნიშვნელობას რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ ურთიერთმისაღები გამოსავლის ძიება.

აქცენტი გაკეთდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოზიტიური ატმოსფეროს ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე საზოგადოების, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს და რელიგიურ ლიდერებს შორის რუსეთის ხელშეწყობით დიალოგის გასაგრძელებლად; ასევე პარლამნეტთაშორისი სამმხრივი კონტაქტების დაწყების მნიშვნელობაზე.

აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები მიესალმნენ რუსეთის მზადყოფნას, მომავალში ყველა ზომით გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობა, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში. [„პირველი არხის“ თარგმანი]