რა გამოწვევები არსებობს არასრულწლოვან დაზარალებულთა უფლებების გაძლიერების კუთხით

პუბლიკა

რა შესაძლებლობები, ბარიერები თუ გამოწვევები არსებობს საქართველოში არასრულწლოვან დაზარალებულთა უფლებების გაძლიერების კუთხით – დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში პოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშავა. პოლიტიკის დოკუმენტი ეყრდნობა, ერთი მხრივ, არსებული საკანონმდებლო ბაზის მოკვლევის შედეგებს, ასევე – შესაბამისი უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან მრგვალი მაგიდის ფარგლებში გაზიარებულ ინფორმაციას.

მოკვლევის შედეგებსა და არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებზე ინსტიტუტის დამფუძნებელი ლადო ჯავახიშვილი საუბრობს.

ლადო ჯავახიშვილი ამბობს, რომ  „საჭიროებები ძალიან ბევრი მიმართულებით გამოიკვეთა“, გამოწვევები არსებობს როგორც სისტემური მიმართულებით, ასევე  საკანონმდებლო ჩანაწერების დონეზეც.

მისი შეფასებით, მართალია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვის უფლებათა კოდექსებშიც არსებობს გარკვეული  ჩანაწერები, რომლებიც იცავს დაზარალებული ბავშვების უფლებებს, მაგრამ ამ ყველაფერს არ ახლავს თან პრაქტიკაში აღსრულების მექანიზმი.

ამის საილუსტრაციოდ ლადო ჯავახიშვილს მაგალითად მოჰყავს სერვისებთან დაკავშირებული ჩანაწერი ბავშვთა უფლებების კოდექსში, რომელიც გულისხმობს, როგორც შეფასების, ასევე გრძელვადიანი და მოკლევადიანი ინტერვენციის მექანიზმების არსებობას, მაგრამ, მისივე თქმით, ჩანაწერში არსადაა მითითებული, კონკრეტულად, თუ რომელ უწყებას ეკისრება პასუხისმგებლობა, ვინ ახორციელებს, როდის ახორციელებს შესაბამის სერვისებს და ა.შ.

ლადო ჯავახიშვილი ამბობს, რომ მოკვლევისას გამოიკვეთა გამოწვევები მონაცემთა შეგროვების მხრივ. მისივე განმარტებით, თუ შესაბამისი მონაცემები არ გროვდება, ვერ გაკეთდება ვალიდური ანალიზი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალში, რათა გადაწყვეტილებები დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე და არა რომელიმე საჯარო მოხელის პირად შეხედულებებზე.

ის ამბობს, რომ ერთადერთი უწყება, რომელიც სტატისტიკას აგროვებს, არის საქართველოს გენერალური პროკურატურა, თუმცა აღნიშნული სტატისტიკა სრულყოფილი არ არის.

„მოკვლევის ფარგლებში რასაც ვგეგმავდით, რომ გაგვეანალიზებინა არსებული სტატისტიკური მონაცემები, შეგვედარებინა სხვა უწყებების მიერ მიწოდებული სერვისების მაჩვენებლებთან, ეს ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა მონაცემები ითვლება და რაც ითვლება, ისიც დამუშავებისთვის არ არის ვალიდური. “

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პრობლემურად გამოიკვეთა, არის კოორდინაცია უწყებებს შორის.

ჯავახიშვილი განმარტავს, რომ უწყებები ზოგიერთ შემთხვევაში კოორდინირებულად მუშაობენ და ამის მაგალითად მოჰყავს საკოორდინაციო მექანიზმი ძალადობის მსხვერპლი ბავშვების შემთხვევაში, თუმცა, მისივე განმარტებით, მოკვლევისას ამ საკოორდინაციო მექანიზმზე თვითმმართველობებში ცოდნის ნაკლებობა გამოიკვეთა.

„კარგია, რომ საერთოდ ეს მექანიზმი არსებობს უკვე და ამ მექანიზმს გარკვეული პრაქტიკული პროგრამებიც მოჰყვება, მაგრამ ეს არის ძალიან მყისიერი რისკების ნეიტრალიზებაზე მორგებული და მხოლოდ კონკრეტული დანაშაულებისთვის, მაგალითად – ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. ასევე, შეიქმნა სპეციალური დაწესებულება, რომელიც მოემსახურება სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს.

ამ დაწესებულებების მიზანია, სერვისი მიაწოდოს ერთი ფანჯრის პრინციპით, ანუ გამომძიებელიც, პროკურორიც, მოსამართლეც, სოციალური მუშაკიც, ფსიქოლოგიც ერთ ადგილას მივიდნენ და ბავშვს არ უწევდეს სხვადასხვა უწყებაში სიარული, თუმცა ესეც იმწუთიერი პირველადი რისკების დაზღვევისთვისაა და არც  ამ ორგანიზაციაში არ არის გრძელვადიან პერსპექტივაში გათვლილი პროექტები, რომლებიც შეიძლება იყოს რამდენიმეთვიანი და ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმეწლიანიც.“

ჯავახიშვილის შეფასებით, პრობლემურია ისიც, რომ სხვა ტიპის დანაშაულზე, რომელიც შეიძლება არ იყოს ძალადობრივი, მაგალითად, ქურდობის ან ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი სერვისი.

მას მაგალითად მოჰყავს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ქვეშ არსებული სერვისი, რომლის ფარგლებშიც ბავშვს შეუძლია, მიიღოს სოციალური მუშაკის ან ფსიქოლოგის მომსახურება, მაგრამ ეს სერვისიც  მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, ასევე, მიმართულია კრიზისული სიტუაციების მართვისკენ და არ ემსახურება გრძელვადიან მიზნებს, რაც საშუალებას იძლევა, სიღრმისეულად იმუშაონ დანაშაულის შედეგად მიყენებულ ტრავმაზე.

„კრიზისულ საჭიროებებს აკმაყოფილებს ეს სერვისი, რაც დადებითია; კარგია, რომ არსებობს და სერვისის გარეშე არ არის დარჩენილი ეს ჯგუფი, რადგან განსაკუთრებულად მოწყვლადია, თუმცა არსებობს ასევე გრძელვადიანი საჭიროებაც, მაგრამ არ არსებობს რევიქტიმიზაციის რისკისა და საჭიროებების შეფასების მექანიზმები.“

რეკომენდაციები – რა უნდა გაკეთდეს

რეკომენდაციებზე საუბარს ლადო ჯავახიშვილი საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე ყურადღების გამახვილებით იწყებს.

მისი თქმით, მოკვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ საკანონმდებლო ჩანაწერებს სჭირდება გადახედვა, უნდა გაჩნდეს კანონქვემდებარე აქტები, ბრძანებები თუ დადგენილებები, რომლებითაც კონკრეტულად დარეგულირდება, როგორც სერვისების მიწოდების ასევე, შეფასების საკითხი.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი და რეკომენდაცია იქნება, აუცილებლად შეიქმნას შეფასების სისტემა, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში (ზრდასრულების შემთხვევაშიც სასურველია, რომ არსებობდეს). როცა ადამიანი მოხვდება მართლმსაჯულების სისტემაში, როგორც დანაშაულის მსხვერპლი, უპირველესად უნდა შეფასდეს იმის რისკი, რამდენად შეიძლება განმეორებით გახდეს დანაშაულის მსხვერპლი, და რა გვჭირდება გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარ გახდეს დანაშაულის მსხვერპლი.

მეორე მხრივ, უნდა შეფასდეს მისი საჭიროებები, ანუ რა სჭირდება, რომ დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის კომპენსირება მოხდეს და ანაზღაურება, აქ არ იგულისხმება მარტო მატერიალური ზიანი, აქ ვგულისხმობთ მორალურ ზიანსაც“, – განმარტავს ჯავახიშვილი.

მომდევნო რეკომენდაცია შეეხება დანაშაულის მსხვერპლის ჩართულობას მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ლადო ჯავახიშვილი განმარტავს, რომ ხშირად მართლმსაჯულების ორგანო  შიდა რეკომენდაციების საფუძველზე იღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ გაიაროს კონსულტაცია დაზარალებულთან. მას მაგალითად მოჰყავს პროკურატურა, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით აქვს შემდეგი პოლიტიკა – საპროცესო გარიგების საკითხს წყვეტს დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, თუმცა, როგორც ჯავახიშვილი ამბობს, სხვა ქმედებებთან მიმართებით ასეთი პოლიტიკა შესაძლოა, არ არსებობდეს ან ერთ დღეს ისიც შეიცვალოს, რადგან არ არის საკანონმდებლო დონეზე გაწერილი. ამიტომ, მისივე შეფასებით, აუცილებლად უნდა არსებობდეს სპეციალური მექანიზმები, რომლებიც დაზარალებულს სწორედ ამ პროცესში ჩართავს.

მომდევნო რეკომენდაცია მსხვერპლის ინდივიდუალური შეფასების საჭიროებას შეეხება. ჯავახიშვილი განმარტავს, რომ არა მხოლოდ არასრულწლოვანების, ზრდასრულების შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, რევიქტიმიზაციის რისკების, მეორე მხრივ კი, საჭიროებების შეფასება. თავის მხრივ, საჭიროებების შეფასება გულისხმობს, რა შეიძლება სჭირდებოდეს დაზარალებულს, სერვისების თვალსაზრისით: ფსიქოლოგიური, ემოციური, სოციალური სერვისები და ა.შ.

ლადო ჯავახიშვილი ყურადღებას ამახვილებს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის საჭიროებაზეც.

„სტატისტიკა, ცალკე აღებული, არაფერს არ გვაძლევს. ამ რიცხვებს სჭირდება ანალიზი კრიმინოლოგებისა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან იმისათვის, რომ დაიგეგმოს სწორი ინტერვენციები, ანუ, როდესაც ეცოდინება სახელმწიფო უწყებას, რომ, ვთქვათ, ბავშვებთან დაკავშირებით სატრანსპორტო დანაშაულზე უფრო ხშირად ხდება ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები, უფრო მეტად უნდა ორიენტირდეს სერვისებზე ამ მიმართულებით.

იმავე თვითმმართველობის დონეზე, თუ სტატისტიკა აჩვენებს, რომ სატრანსპორტო დანაშაული ბავშვებთან მიმართებით  მაღალია, შესაძლოა, რეგიონში გარკვეულ ზომებს მიმართონ – დამატებითი საგზაო ნიშნები დააყენონ კონკრეტულ უბანსა  და ა.შ.  სწორედ ამგვარ ანალიზზე დაფუძნებით უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები და არა სუბიექტურ შეფასებებზე დაყრდნობით.“

კიდევ ერთი რეკომენდაციაა, აღდგენითი მართლმსაჯულების, როგორც დაზარალებულის სერვისის გამოყენება. როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, აღდგენითი მართლმსაჯულება საქართველოში ორიენტირდა (და ზოგადად, ბავშვთა მართლმსაჯულება) იმ ბავშვებზე, რომლებიც დანაშაულს სჩადიან და მართლმსაჯულების სისტემაში ხვდებიან, როგორც ბრალდებულები და მსჯავრდებულები, მათთვის არსებობს უამრავი სარეაბილიტაციო სერვისი, ბევრი სხვადასხვა ტიპის გადამისამართების მექანიზმი, თუმცა იგივე არ არსებობს დაზარალებული ბავშვებისთვის.

მისივე განმარტებით, აღდგენითი მართლმსაჯულება, განრიდებისა თუ მედიაციის შემთხვევებშიც, ორიენტირებულია, დანაშაულს ვინც სჩადის იმ ბავშვზე, ანუ ინიციირება ხდება, როცა ბავშვი ჩადის დანაშაულს და არა მაშინ, როდესაც ბავშვის მიმართ ჩადიან დანაშაულს. ჯავახიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მიმართულებითაც არსებობდეს გარკვეული სერვისები – მსხვერპლს შეეძლოს მედიაციის ინიციირება და ეს არ იყოს საპილოტე რეჟიმში (როგორც დღესაა) და არც კონკრეტული უწყების გადაწყვეტილებაზე იყოს დამოკიდებული, საერთოდ მიიღებს თუ არა სამედიაციოდ ამა თუ იმ საქმეს.