ვუერთდებით ბრძოლას - „ილიაუნის სტუდენტები საერთო საცხოვრებლისთვის“

პუბლიკა

სოციალურ ქსელში გვერდმა „ილიაუნის სტუდენტები საერთო საცხოვრებლისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით ბრძოლას სტუდენტური საერთო საცხოვრებლისთვის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დადგა დრო ილიაუნის სტუდენტებმაც დაიწყონ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი და მოითხოვენ ის, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია.

„მაისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო პროტესტი ღირსეული სტუდენტური საცხოვრებლის მოთხოვნით. თსუ-ს სტუდენტებმა მრავალთვიანი პროტესტის შედეგად უკვე მიაღწიეს გარკვეულ შედეგს. სახელმწიფო და საუნივერსიტეტო ბიუროკრატია თვვეების განმავლობაში გულგრილად უყურებდნენ სტუდენტების საბინაო პრობლემებს. მაგრამ მათმა დაუღალავმა ბრძოლამ პირველი შედეგები გამოიღო: საუნივერსიტეტო ბიუროკრატია იძულებულია საჯაროდ აღიაროს პრობლემა და საჯაროდვე დადოს პირობა სტუდენტური საცხოვრებლის აშენების შესახებ.

ახლა დადგა დრო, ჩვენც დავიწყოთ ჩვენს პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი და მოვითხოვოთ ის, რაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია.

სტუდენტების უმრავლესობა ბინის სიძვირის, არასათანადო შრომითი პირობების, გაზრდილი ხარჯების გამო ღირსეული საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი, რაც საგრძნობლად აუარესებს სწავლის მოტივაციასადა ხარისხს. ამ მიზეზებით ყოველწლიურად იზრდება სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა. ახალგაზრდებს უწევთ არჩევანი გააკეთონ სწავლასა და მუშაობას შორის, ასეთ შემთხვევაში კი ხშირად პრიორიტეტი მუშაობას ენიჭება.

ამის შედეგად, ღრმავდება ეკონომიკური და კულტურული უთანასწორობა საზოგადოებაში. სწავლა გახდა პრივილეგია და ის კარგავს ფუნდამენტური უფლების სახეს.

ამ ბრძოლაში ყვლა სტუდენტის ჩართულობა აუცილებელია, რადგან ეს არის ერთადერთი გზა თანასწორი, სამართლიანი, აკადემიური სივრცისა და სტუდენტური ცხოვრების შესაქმნელად, “- ნათქვამია განცხადებაში.

სტუდენტები მოუწოდებენ ასევე ლექტორებს, აკადემიურ პერსონალს შეუერთდნენ ბრძოლას თანასწორობისთვის, უკეთესი მომავლისთვის.

„ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! ერთად მოვთხოვოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის შესრულება – ღირსეული საერთო საცხოვრებლის აშენება ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტისთვის. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სამართლიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ის აუცილებლად გამოიღებს მნიშვნელოვან შედეგებს, “- ნათქვამია განცხადებაში.~