ილიაუნი ინტენსიურად მუშაობს სტუდენტური საცხოვრებლის პროექტზე, შერჩეულია ტერიტორია - დობორჯგინიძე

პუბლიკა

„მარეგულირებელ ინსტიტუციებთან თანამშრომლობით ილიაუნი ინტენსიურად მუშაობს სტუდენტური საცხოვრებლის პროექტზე, შერჩეულია უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ორი ტერიტორია თემქასა და ნუცუბიძის პლატოზე“,- ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განმარტებით, სტუდენტებს და დაინტერესებულ საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან ამ პროექტთან დაკავშირებით.

„სრულად ვიზიარებ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების პოზიციას საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით. ყველასთვის ნათელია, რომ Ბოლო წლების ორმა ურთულესმა ფაქტორმა – ჯერ პანდემიამ და შემდეგ კი რეგიონში მიმდინარე ომმა – განსაკუთრებით დაამძიმა სტუდენტების სოციალური მდგომარეობა“,- წერს დობორჯგინიძე.

3 დეკემბერს სოციალურ ქსელში გვერდმა „ილიაუნის სტუდენტები საერთო საცხოვრებლისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით ბრძოლას სტუდენტური საერთო საცხოვრებლისთვის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დადგა დრო ილიაუნის სტუდენტებმაც დაიწყონ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი და მოითხოვენ ის, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია.