„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამაში“ დაგეგმილ ცვლილებებზე ქალაქ მერიას მშობლები წერილით მიმართავენ.
წერილში ნათქვამია, რომ პროგრამაში რამდენიმე კარგი ცვლილებები იგეგმება, თუმცა პროექტში ერთი ჩანაწერია, რომელიც აუარესებს პროგრამას და შეიძლება პროგრამის მონაწილე ბავშვებს სესიები შეუმცირდეთ.
წერილის ავტორები ამბობენ, რომ პროექტში ბუნდოვანია ჩანაწერია სესიების რაოდენობასთან დაკავშირებით და აუცილებელია დაკონკრეტდეს სესიების ჩატარების მინიმალური რაოდენობა, თვეში 20 სეანსი.
„ჩვენ, აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლები ვეწინააღმდეგებით პროგრამის ამ ფორმით დამტკიცებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით თანახმა, თუ მე-2 მუხლის, მე-3 პუნქტის, ბ) ქვეპუნქტის გაწერა მოხდება შემდეგნაირად: „ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის სეანსების მიწოდება, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 საათს; მიმწოდებლის მიერ ჩატარებული სეანსების რაოდენობა თვიურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 სეანსისა. ამასთან, მშობლის თანხმობის შემთხვევაში, სეანსების ჩატარება შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებულ გარემოში“. – ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ განცხადება სრულად.
განცხადება
ბატონო კახა,
როგორც მოგეხსენებათ 2022 წლის 5 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა, სადაც განიხილებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამა“-ში დაგეგმილი ცვლილებები.
როგორც ჩვენთვის, მშობლებისთვის შეხვედრაზე გახდა ცნობილი, პროგრამაში იგეგმება რამდენიმე კარგი ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხდება აუტიზმის მქონე ბავშვების ინდივიდუალური გეგმების გაწერა და თერაპიების ტიპის არჩევის თავისუფლება. თუმცა, პროგრამის პროექტში არის ერთი ჩანაწერი, რომელიც პირდაპირ მიმართულია პროგრამის გაუარესებასა და ბავშვებისთვის თერაპიული სესიების შემცირებისკენ. კერძოდ კი, პროგრამის პროექტის მე-2 მუხლის, მე-3 პუნქტის, ბ) ქვეპუნქტი. ამ პუნქტში ძალიან ბუნდოვანია შემდეგი ჩანაწერი – „იმ შემთხვევაში, თუ მშობელი არ ეთანხმება შესაბამისი სპეციალისტის მიერ შეთავაზებულ ინდივიდუალური განვითარების გეგმას, მაშინ ავტომატურად გრძელდება ძველი შეთანხმება (სეანსების რაოდენობის გათვალისწინებით) ახალი შეთანხმების დადებამდე“. ამ ჩანაწერთან დაკავშირებით ჩვენ გვიჩნდება შემდეგი კითხვები: 1. რომელი შეთანხმება? 2. თუ შეთანხმებაში იგულისხმება ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება სერვისპროვაიდერსა და ბენეფიციარის წარმომადგენელს შორის, ეს ვერ იქნება იმის გარანტი, რომ ბავშვებს ისევ ჩაუტარდებათ თვეში მინიმუმ 20 თერაპია, იქედან გამომდინარე, რომ აუტიზმის სააბილიტაციო ცენტრებს ინდივიდუალურად აქვთ დადგენილი არაპროგრამული თერაპიული სეანსების (როგორც „აბა“, ასევე ალტერნატიული თერაპიები) ტარიფი, რომელიც მერყეობს 30-დან 50 ლარამდე (ტარიფები წარმოდგენილია დღეის მდგომარეობით. ტარიფების ზრდა მოსალოდნელია 2023 წლის იანვრიდან), რაც ნიშნავს იმას, რომ განახლებულ ხელშეკრულებებში სერვისპროვაიდერები თერაპიულ სეანსებს შემოგვთავაზებენ არა 20 ლარად, არამედ ზემოთაღნიშნული გაძვირებული ტარიფით. შესაბამისად კი, ძველი ხელშეკრულებით ვეღარ შევძლებთ თერაპიებზე ბავშვების ტარებას, რადგანაც ხელშეკრულების ვადა გახლავთ ერთი წელი და ის უკვე იქნება არავალიდური. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია პროგარამაში დაკონკრეტდეს სესიების ჩატარების მინიმალური რაოდენობა (თვეში 20 სეანსი). წინააღმდეგ შემთხვევაში, სერვისპროვაიდერები 400 ლარად ჩაატარებენ მაქსიმუმ 13 თერაპიას, რაც უარყოფითად აისახება ბავშვების განვითარებაზე.
კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, თუ რატომ იქნება დამაზიანებელი ბავშვებისთვის თერაპიული სესიების რაოდენობის შემცირება. კორონავირუსის პანდემიის დროს, როდესაც დაიკეტა აუტიზმის სააბილიტაციო ცენტრები და ბავშვებს მოუწიათ სახლში გამოკეტვა, მათი მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ ბევრ მათგანს განუვითარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (ობსესიურ კომპულსიური აშლილობა), თვითდაზიანება, ქცევის მწვავე გართულება და ა.შ. მას შემდეგ რაც დამთავრდა პანდემია და ბავშვებმა დაიწყეს თერაპიებზე სიარული, ყველა ზემოთაღნიშნული პრობლემები ალაგდა. ანუ, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველდღიურად თერაპიული სეანსების მიღება. ასევე, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ თვეში 20 თერაპია მათთვის არაა საკმარისი და მშობლებს, პირადი სახსრებით ისედაც გვიწევს არაპროგრამულად თერაპიული სესიების დაფინანსება, რომელიც ხდება ზემოთ ჩამოთვლილი ტარიფების (30-დან 50 ლარამდე) შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაუშვებლად მიგვაჩნია პროგრამაში ნებისმიერი სახის ჩანაწერის არსებობა, რომელიც შეიცავს ისეთ რისკს, რაც ბავშვებისთვის თერაპიული სესიების შემცირებას გამოიწვევს.
ჩვენ, აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლები ვეწინააღმდეგებით პროგრამის ამ ფორმით დამტკიცებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქნებით თანახმა, თუ მე-2 მუხლის, მე-3 პუნქტის, ბ) ქვეპუნქტის გაწერა მოხდება შემდეგნაირად: „ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის სეანსების მიწოდება, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თითოეული სეანსის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 საათს; მიმწოდებლის მიერ ჩატარებული სეანსების რაოდენობა თვიურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 სეანსისა. ამასთან, მშობლის თანხმობის შემთხვევაში, სეანსების ჩატარება შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებულ გარემოში“.
ასევე, ზოგიერთ აუტიზმის სააბილიტაციო ცენტრში ადგილი ჰქონია ისეთ ფაქტებს, როდესაც ცენტრი არ ითვალისწინებდა მშობლის აზრს, თუ რამდენი და რა სახის თერაპია უნდა ჩაუტარდეს მის შვილს და ცენტრი ერთმნიშვნელოვნად თავად იღებდა ამაზე გადაწყვეტილებას. იმისათვის, რომ სამომავლოდ მოვახდინოთ მსგავსი შემთხვევების პრევენცია, ჩვენი მოთხოვნაა, პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში ჩაემატოს შემდეგი ქვეპუნქტი – „სეანსების ტიპის განსაზღვრა მოხდეს მშობლის და თერაპევტის/სუპერვაიზორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სადაც მშობლის აზრს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა“.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის აუტიზმის პროგრამაში ჩართული ყველა აუტიზმის სააბილიტაციო ცენტრში თერაპევტები ითხოვენ ხელფასების გაზრდას. სწორედ აქედან გამომდინარე, ვხედავთ საშიშროებას, რომ ზემოთაღნიშნული ცვლილებები (400 ლარად მაქსიმუმ 13 თერაპიის ჩატარება) სწორედ ამიტომ იგეგმება ქალაქ თბილისის „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამა“-ში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით თერაპევტებისთვის ხელფასის გაზრდას, მით უმეტეს, ქვეყანაში არსებული ინფლაციის ფონზე, თუმცა ეს უნდა მოხდეს არა ბავშვების თერაპიული სესიების რაოდენობის შემცირების ხარჯზე, არამედ ვაუჩერის ღირებულების გაზრდის შედეგად.
ჩვენი აუცილებელი მოთხოვნაა, პროგრამაში ხაზგასმით ეწეროს, რომ სერვიპროვაიდერმა თითოეულ ბავშვს თვეში ჩაუტაროს არანაკლებ 20 სეანსისა.
იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ მოხდება ჩვენი მოთხოვნის გათვალისწინება და არ მოხდება პროგრამაში მათი ასახვა, ჩვენ, აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლები მივმართავთ პროტესტის ისეთ ფორმას, რაც გულისხმობს მერიის წინ აქციების გამართვას.
პატივისცემით,
აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლები
თარიღი 12.10.2022