„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 16 476 ხმა (40%) მიიღო, ხაბეიშვილმა კი – 21 656 (52.6%).
ლევან ხაბეიშვილი 35 წლისაა. როგორც პარლამენტის ვებგვერდზე განათლების გრაფაში ვკითხულობთ, დაამთავრა ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციასთან არსებული უნივერსიტეტი „მცირე აკადემია“, ბიზნესის მიმართულება.
რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, მისი საქმიანობა 2008 წლიდან ისანი-სამგორის გამგეობიდან იწყება – იყო ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი. შემდეგ მუშაობას აგრძელებს თბილისის მერიაში სპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფში. 2012 – 2013 წლებში იყო მოწვეული სპეციალისტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მომდევნო წელს კი კვლავ თბილისის მერიაში სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
2017- 2020 წლებში კი იყო თბილისის VI მოწვევის საკრებულოს წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით, ხოლო 2020 წლიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია.
2016 წელს ის გიორგი ვაშაძის პარტიის „ახალი საქართველოს“ წევრი და ვარკეთილის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
როგორც ნიკა მელია ენმ-ის თავმჯდომარის წინასაარჩევნო პერიოდში იხსენებს, 2017 წელს სწორედ მან შესთავაზა ხაბეიშვილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნება და ისიც „ნახევარ საათში დათანხმდა”.
ხაბეიშვილის განცხადებები „ნაციონალურ მოძრაობასა” და დავით კეზერაშვილზე
მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები ოფიციალურ ფაზაში გადავიდა, კანდიდატები დასახელდნენ და საზოგადოებამ ნიკა მელიას წინააღმდეგ გავრცელებული ფარული ჩანაწერებიც იხილა [მიხეილ სააკაშვილის შესახებ], ლევან ხაბეიშვილსაც გაუხსენეს „ნაციონალურ მოძრაობაზე” 2016 წელს გაკეთებული შეფასება:
„ქართული ოცნება” და ხელისუფლება მაქსიმალურად აბუქებს „ნაციონალური მოძრაობის” შესაძლებლობებს. მიმაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” ამის შესაძლებლობა, არც ადამიანური რესურსი და აღარც ინტელექტუალური რესურსი აღარ დარჩა…
ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობა”, ორივე დაკავებულია ერთი რამით, რომ ქვეყანას ანახონ, რომ მხოლოდ ორი პარტიაა. გარდა ამისა, „ქართული ოცნება” ხელს უწყობს „ნაციონალურ მოძრაობას” – რომ ეს ასეთი ძლიერი პარტიაა, მას ეს შესაძლებლობები აქვს, ეს ასეთი მონოლითური პარტიაა, მაშინ, როცა „ნაციონალურ მოძრაობას” საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. ესაა ფაქტი, ამას არაერთი კვლევა აჩვენებს”, – ამბობდა ხაბეიშვილი.
აღნიშნული ვიდეო ხაბეიშვილს 2023 წელს გაუხსენეს. „TV პირველის” გადაცემაში მან ასეთი განმარტება გააკეთა:
„რაც თქვენ ახლა აჩვენეთ, მიშა სააკაშვილი სადმე იყო ნახსენები? 2016 წელია, როცა ჩერგოლეიშვილი და ბოკერია ართმევდა პარტიას მიშა სააკაშვილს… კი, ბოკერიას „ნაციონალურ მოძრაობაზე”: ვსაუბრობ ღიად, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ქვეყანაში ცვლილებებს და რომ ესენი ართმევენ პარტიას მიშა სააკაშვილს…”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მას შემდეგ, რაც მან „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის სურვილი საჯაროდ გამოთქვა, ინტერნეტში ასევე გავრცელდა მისი ძველი შეფასებები კეზერაშვილის შესახებ. „ნაციონალურ მოძრაობაში” ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენების დროს კეთდებოდა შეფასებები, რომ ხაბეიშვილი კეზერაშვილ-მერაბიშვილის, ე.წ. ფლანგს წარმოადგენდა და მათი პარტიული ინტერესების გამტარებელი იყო.
„…კეზერაშვილმა რომ მოიპარა მილიარდები და ადეკვატური პასუხი არ იყო გაცემული, ეს არის პრობლემა. ეს კეზერაშვილი დღეს რას აკეთებს? მსახურობს ივანიშვილის კარზე და აფინანსებს ვითომ ოპოზიციას… ამას აკეთებინებს ივანიშვილი, ამას აკეთებინებს კეზერაშვილის ხელით, ამას აკეთებს ბოკერია-ჩერგოლეიშვილისა და ამ ხალხის მეშვეობით”, – ამბობდა წლების წინ ხაბეიშვილი.
რაც შეეხება კეზერაშვილის მიმართ გაკეთებულ ამ განცხადებას, როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, წლების წინ გაჟღერებული ბრალდება „მილიარდების მოპარვაზე”, „მისი აზრი” იყო.
„…2016 წლის მერე იყო იმავე კეზერაშვილთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, 2016 წლის მერე იყო დავით კეზერაშვილზე ევროპული რეზოლუციები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა…
მაშინ ვლაპარაკობდი მის მილიონებზე, რომლებიც შესაძლოა იყო მოპარული. თუმცა, კიდევ ვამბობ, ეს იყო ჩემი განცხადება და ჩემი აზრი, ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ამის შემდეგ იყო ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილება…”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რაც შეეხება კეზერაშვილთან თანამშრომლობას, ხაბეიშვილის თქმით, ის არის მათი პარტნიორი „ანტიკორუფციული მოძრაობის” საქმიანობაში.
„დავით კეზერაშვილი არის ჩვენი პარტნიორი, ის გვეხმარება, მათ შორის ტექნიკურ და ლოჯისტიკურ საკითხებში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის არის ჩვენი დამხმარე, ადამიანი, რომელიც ეხმარება ანტიკორუფციულ მოძრაობას, რომელმაც ამხილა უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი… გვეხმარება, რომ ვიყოთ ქმედითი და კორუფციული მიმართულებით ვამხილოთ „ქართული ოცნების“ ოლიგარქები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, თავმჯდომარის პოსტზე მისი მიზანი იქნება პარტიის გაძლიერება, „რუსი ოლიგარქის” დამარცხება და საქართველოს გათავისუფლება, ასევე მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა.
„ცხადია, პირველი გადაწყვეტილებები დაკავშირებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა, შეგპირდე, რომ არ გავჩერდებით, სანამ შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის არ იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა მან დღეს, გამარჯვების შემდეგ.
მისი და მისი თანამოაზრეების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ სწორედ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში ინერტულობა და პროცესებში „ნაციონალური მოძრაობის” როლის დამცრობა იყო.
„ჩამოაქცია ნიკა მელიამ [პარტია]. ნამყოფი არაა ენმ-ის ოფისების 70%-ში. არანაირი კომუნიკაცია მათთან არ აქვს… ველოდებოდი, რომ ილაპარაკებდა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანის გზებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებაზე, როგორ უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, როგორ უნდა გავაერთიანოთ „ნაციონალური მოძრაობა”, საბოლოო ჯამში კი ვნახეთ, რომ ის დაუპირისპირდა „ნაციონალურ მოძრაობას…”, – ამბობდა ის.
მელია კი ხაბეიშვილის ფლანგს პარტიაში არაფორმალური მმართველობის დამკვიდრების მცდელობაში ადანაშაულებდა. მელიას თქმით, მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს მერაბიშვილი და კეზერაშვილი მართავენ – „ეს პროცესები თავიდან ბოლომდე ინსპირირებული, დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ამ ორი ადამიანის მიერ”.
როგორც ის კენჭისყრის დაწყებამდე წერდა, მხარდამჭერები თუ არ იაქტიურებენ, ამ პარტიის მართვაც ზუსტად იმავე სტილში მოხდება, როგორც ამ ქვეყნის მართვა – არაფორმალური მმართველის მიერ.
მის წინააღმდეგ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს კი მან მანკიერება უწოდა და აღნიშნა, რომ ამას ის არასოდეს მიესალმებოდა. მისივე თქმით, გავრცელებული ჩანაწერის გასაჯაროების უკან ვანო მერაბიშვილი დგას.
რა ქონებას ფლობს ხაბეიშვილი
ერთი წლის წინ შევსებული ბოლო დეკლარაციის მიხედვით, მას ავტომანქანა Toyota Highlander ჰყავს. სხვა უძრავი ან მოძრავი ქონების შესახებ დეკლარაციაში არაფერია აღნიშნული. 2021 წელს პარლამენტის დეპუტატის ანაზღაურების სახით მიღებული აქვს 42 500 ლარამდე.
„ქირქილებენ, რომ ხაბეიშვილი გოიმია, სოფლელია, ბრენდულები არ აცვია და ლილოში ყიდულობს ტანსაცმელს… მე წარმოვადგენ მშრომელ, წესიერ, პატიოსან ხალხს და არა ვიწრო პრივილეგირებულს, „ელიტას”.
დიახ, პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილის პედაგოგი დედა დღეს გაზის აღმრიცხველად მუშაობს სამგორის რაიონში და კარდაკარ დადის; მამაჩემი ინჟინერი კაცი იყო და არასდროს უთაკილია შრომა… როცა ოჯახს დასჭირდა, გაზგასამართის დაცვაში იმუშავა და ღამეებს ათენებდა; ჩემი მაიორი ძმა ამერიკაში ტრაილერის მძღოლია. ვამაყობ ჩემი ქართული, ტრადიციული, ქრისტიან-მართლმადიდებლური ოჯახით და მისი თითოეული წევრით“, – განაცხადა ამის შესახებ ხაბეიშვილმა 13 იანვარს.
რით ახსოვს საზოგადოებას ხაბეიშვილი
თბილისის საკრებულოს დეპუტატობის დროს ლევან ხაბეიშვილი ხშირად ჩანდა მედიაში, რომელიც თბილისის მერიას აქტიურად აკრიტიკებდა და მისი ძირითადი ნიშა „კორუფციასთან ბრძოლა” იყო.
ამ და სხვა საკითხებზე პოლემიკა არაერთხელ გადაზრდილა ხელჩართულ დაპირისპირებაშიც. მათგან ყველაზე „ცნობილი”, „ხაბეიშვილი&ზარქუას” დაპირისპირება იყო, რომელიც შემდგომ პარლამენტშიც გაგრძელდა.
2020 წელს საკრებულოში მორიგი ფიზიკური დაპირისპირების დროს ხაბეიშვილს თვალი დაუზიანეს.
„ორი წელია, ხაბეიშვილი ცდილობს, რომ გაილახოს. სამწუხაროდ, მიაღწია მიზანს“, – ასე გამოეხმაურა მაშინ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ხაბეიშვილის ცემას.
ამ საქმეზე ძალადობის მუხლით თბილისის საკრებულოს 3 წევრს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას ბრალდებაც წარედგინათ.
რაც შეეხება ანტიკორუფციული მიმართულებით მის საქმიანობას, როგორც ზემოთ აღინიშნა, ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა 2021 წელს დააფუძნეს „ანტინარკოტიკული მოძრაობა”. ოფიციალურად ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის არიან – ვასო ურუშაძე, ლაშა ფარულავა და ირაკლი ფავლენიშვილი.