დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სწრაფად იზრდება მსხვერპლის რაოდენობა თურქეთსა და სირიაში. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 15 865 ადამიანი.
ამ დროისთვის თურქეთში მსხვერპლის რაოდენობა 12 873-ია. სირიაში კი ჯამში დაღუპულია 2 992 ადამიანი, მათგან 1 730 ამბოხებულთა კონტროლირებად ტერიტორიაზე, 1 262 კი სირიის იმ ნაწილში, რომელსაც ასადის რეჟიმი მართავს.
სამაშველო სამუშაოები კი ისევ გრძელდება, მაშველებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ შენობების ქვეშ გადარჩენილ მოქალაქეებს იპოვიან და ამოიყვანენ. სამუშაოებს გარე ფაქტორები აფერხებს, მათ შორის, ზამთრის ცივი ამინდი და განმეორებითი ბიძგები.
7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ 125 ისეთი, ე.წ. აფთერშოკი დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც 4 მაგნიტუდაზე მეტი იყო. შესაბამისად, რჩება საშიშროება, რომ დაზიანებული შენობების ნგრევა გაგრძელდეს და მაშველებიც მოიყოლოს.
გარე ფაქტორებთან ერთად მიწისძვრის მძიმე შედეგებსა და არაეფექტიან სამაშველო სამუშაოებში თურქეთის პრეზიდენტს ადანაშაულებს ოპოზიცია. „თუკი ერთ ადამიანს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, ეს სწორედ ერდოღანია“, – განაცხადა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ქემალ ქილცდაროღლუმ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ არის გარკვეული სირთულეები მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში, მაგრამ მისი თქმით, შეუძლებელია ასეთი მასშტაბის კატასტროფას მომზადებულები დახვედროდნენ. ასევე მისი თქმით, ახლა სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის.
რთული რჩება სიტუაციაა სირიაშიც. მიწისძვრამ ყველაზე მეტად დააზარალა რეგიონი, რომელსაც თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულები აკონტროლებენ. ადგილობრივი არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის „თეთრი ჩაფხუტების“ განცხადებით, მათ მხოლოდ თავიანთი ძალებით უწევთ მიწისძვრის შედეგებთან გამკლავება.
აღდგა მოძრაობა თურქეთსა და სირიის ამ ნაწილს შორის საზღვარზე, რომლის მეშვეობითაც თურქეთში დაღუპული რამდენიმე ასეული სირიელის ცხედარი სირიაში გადაასვენეს. CNN-ის ინფორმაციით, ამ გზით შევა მცირე მოცულობის ჰუმანიტარული დახმარებაც ამბოხებულთა კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე.
თავის მხრივ, ჰუმანიტარული დახმარების სიმცირეს უსვამს ხაზს ასადის რეჟიმიც. მათი თქმით, დამოუკიდებლად უჭირთ მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო კი ვერც ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ.
თურქეთსა და სირიაში სამაშველო ჯგუფები გაგზავნა ათობით ქვეყანამ. თუმცა სირიაში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციის გამო, მათი უმეტესობა თურქეთში მუშაობს. მაშველებთან ერთად არაერთმა ქვეყანამ ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებაც გამოყო. მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებას ცდილობენ მოქალაქეებიც, რომელთა ნაწილი სტიქიის ზონაში მოხალისედ მუშაობს, ნაწილი კი დაზარალებულთა დახმარებას პირველადი საჭიროებებით ცდილობს.