მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ჯერჯერობით რაიმე შედეგით არ დასრულებულა, „ქართული ოცნება“ რამდენიმე დღეში პარლამენტში კონსტიტუციური კანონპროექტის წარდგენას გეგმავს.
ამის მთავარი მიზეზი, მმართველი გუნდის განცხადებით, დროის სიმცირეა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მამუკა მდინარაძის თქმით, 9 მარტი, მოლაპარაკების დასასრულებლად და საარჩევნო სისტემაში ცვლილებების ინიცირებისთვის ბოლო ვადაა.
ხელისუფლების განცხადებით, მათ იმედი ისევ აქვთ, რომ რამდენიმე რაუნდინი მოლაპარაკების ბოლოს ოპოზიციასთან კონსესუსი შედგება. ოპოზიცია კი მათი მოთხოვნების გათვალისწინებას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკების გაგრძელებას და კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.
როგორ დაიწყო და რაზე მიდის მოლაპარაკება?
ოპოზიციის პროტესტი ნოემბერში უმრავლესობის მიერ პორპორციული საარჩევნო სისტემის პროექტის ჩაგდებას მოჰყვა. პარლამენტთან ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციებზე ოპოზიციური პარტიები მოითხოვდნენ, ხელისუფლებას შეესრულებინა ივნისში გაცემული პირობა, გაეტარებინა კონსტიტუციური ცვლილებები და მიეღო პროპორციული საარჩევნო სისტემა. საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქცია და პიკეტი ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით ორჯერ დაშალა.
პრალელურად იყო განხილვები, შეძლებდა თუ არა ხელისუფლება იმავე კანონპროექტის ან მიმსგავსებულის ხელახლა გატანას, დაუჭერდა თუ არა მას მხარს უმრავლესობის იმ წევრთა ნაწილი, ვინც კანონპროექტი ჩააგდო და სხვ.
პოლიტიკური პროცესის გამწვავების შემდეგ კი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყება ევროკავშირის წარომადგენლობამ და დიპლომატიურმა კორპუსმა აიღო თავისთავზე.
მოლაპარაკების პროცესში ოპოზიციამ ხელისუფლებას პროპორციულის რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზა. მათ შორის: ე.წ. გერმანული მოდელი, „გერმანული მოდელის“ ადაპტირებული ვერსია და მრავალმანდატიანი ოლქები. ყველა მათგანი ხელისუფლებამ დაიწუნა. უფრო მეტიც, ამ დიალოგის პარალელურად მმართველი გუნდის მაჟორიტარების ნაწილმა, არათუ პროპორციული, სრულად მაჟორიტარული არჩევნების იდეაზეც კი დაიწყეს მუშაობა.
საბოლოოდ, ხელისუფლების განცხადებით, მათ წამოაყენეს ინიციატივა მმართველი გუნდისთვის ყველაზე კომპრომისულ საარჩევნო სისტემაზე. 100/50-ზე ან მაქსიმუმ 110/40-ზე პროპორციული სისტემის სასარგებლოდ. თუმცა, ეს ოპოზიციის აზრით, მათთვის მისაღები არ იყო და ამ პროპორციას მხარს არ დაუჭერენ.
რას ითხოვს ოპოზიცია?
თავის მხრივ, მოლაპარაკებაში ჩართულმა ოპოზიციამაც წარმოადგინა საარჩევნო სისტემის კიდევ ერთი ვერსია. ეს სისტემაც ხელისუფლების ვარიანტის მსგავსად საარჩევნო მოდელის ცვლილების გარეშე, უბრალოდ მაჟორიატარული ოლქების შემცირებას გულისხმობს. ოღონდ არა 110/40-ზე, როგორც „ოცნება“ ამბობს, არამედ 130/20-ზე და როგორც ამბობდნენ, მათი მხრიდანაც ეს იყო მოლაპარაკების საბოლოო შეთავაზება.
რატომ 130/20-ზე?
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის აზრით, ეს არის ისეთი განაწილება, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების არსებით პროპორციულობას.
„ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ყველა ის მოდელი, რომელიც პროპორციული არჩევნების ტოლფას შედეგს აჩვენებს და ძალას, რომელიც ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერით ვერ სარგებლობს, ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას არ მისცემს“, – ამბობდა სერგი კაპანაძე „პუბლიკასთან“, როცა ეს ინიციატივა წარმოადგინეს.
ამ განაწილებას არ ემხრობა „ქართული ოცნება“. მთავარ წინაღობას 20 მანდატი ქმნის, რადგან თუკი 40 მანდატს ჯერ კიდევ შეუძლია მოიცვას საქართველო, ოცისთვის, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი „პუბლიკასთან“ ამბობს, ეს შეუძლებელია. 20 მაჟორიტარულ ოლქამდე შემცირება ამ სისტემას საერთოდ აზრს უკარგავს და გეოგრაფიულადაც შეუძლებელია საქართველო მხოლოდ 20 ოლქად დაიყოს.
„ეს გულისხმობს იმას, რომ მაგალითად მთელ კახეთს შეიძლება ჰყავდეს 2 მაჟორიტარი. მაჟორიტარული ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის ეს იქნება წარმოუდგენელი. გამორიცხულია, როგორ შეიძლება ერთი მაჟორიტარი ჰყავდეს ნახევარ კახეთს ან ნახევარ იმერეთს, ერთი მაჟორიტარი ჰყავდეს მთლიანად სამცხე-ჯავახეთს. ფაქტობრივად რეგიონების დონეზე ხდება ოლქების გამსხვილება და გაუმართლებელია“, – ამბობს კახიანი „პუბლიკასთან“.
ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით კი, ალოგიკურია ხელისუფლების ის არგუმენტი, რომ ოპოზიციის შეთავაზებული განაწილება მაჟორიტარულ სისტემას დაუკარგავს აზრს და გეოგრაფიულად შეუძლებელი იქნება.
„უბრალოდ ზღაპარია, რომ გეოგრაფიულად ვერ დაიყოფა ამ შემთხვევაში. თავად რაც წარმოუდგენლად მიაჩნიათ, ზუსტად იგივეს აკეთებენ ახლა. თუნდაც 40 კანდიდატის შემთხვევაში, საინტერესოა როგორღა აპირებენ დაყოფას. ძალიან მარტივად შეიძლება დაყო ოლქები ისე, რომ წარმომადგენლობა იყოს შენარჩუნებული.
თუ გვექნება 130/20-ზე, იმ 20 მაჟორიტარული ოლქიდან თითო ოლქში გამოგვდის 100 000 ან 120 000 ამომრჩეველი. ეს არ არის ის რაოდენობა, რომელსაც ერთი მაჟორიტარი ვერ „მოუვლის“. ამას ვამბობ იმათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ეს საჭიროა. თორემ მე პირადად მაჟორიტარულ სისტემას საერთოდ არ ვემხრობი“, – ამბობს სერგი კაპანაძე.
რას გვთავაზობს ხელისუფლება?
გიორგი კახიანი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მმართველ გუნდში, აბსურდულად მიიჩნევენ ოპოზიციის მოსაზრებას, თითქოს 110/40 განაწილებით, 30%-იანი მხარდაჭერის პარტია მაჟორიტარული ოლქების მოგებას შეძლებს. ამის მიუხედავად, კახიანის თქმით, მათ სამართლებრივი დამზღვევი მექანიზმები შექმნეს და თანახმა არიან 40% ან ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას უმრავლესობის შექმნა შეუზღუდონ.
„მით უმეტეს, როცა საუბრობენ რომ თითო კანდიდატს დააყენებენ, როგორ შეიძლება ამ დროს 30%-იანი მხარდაჭერის პირობებში გაიმარჯვო 70%-ის წინააღმდეგ?! შეუძლებელია, 30%-იანი მხარდაჭერის პირობებში პარტიამ მაჟორიტარების უმრავლესობა გაიყვანოს.
მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან ოპოზიციამ გააჟღერა ეს მოსაზრება. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ კანონმდელობაში ჩავდოთ ნორმა, რომლითაც პოლიტიკურ პარტიას 40% ან ნაკლები მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში არ ჰქონდეს შესაძლებლობა დააკომპლექტოს უმრავლესობა“, – ჰყვება გიორგი კახიანი „პუბლიკასთან“.
რას ნიშნავს 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი და რატომ არის მნიშვნელოვანი?
2016 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ ნაწილში ამომრჩეველთა უმეტესობის, 50%-ზე მეტის მხარდაჭერა ვერ მიიღო. შესაბამისად, რომ არა მაჟორიტარული სისტემა მას დამოუკიდებლად უმრავლესობის შექმნა და მთავრობის დამტკიცება არ შეეძლო. მაგრამ „ოცნებამ“ პროპორციულისგან განსხვავებით მაჟორიტარული ნაწილი სრული უპირატესობით მოიგო და არათუ მთავრობის ფორმირება, საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნაც კი მოახერხა.
შესაბამისად, როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, წარსული გამოცდილებით, თუკი ვლაპარაკობთ 40%-იან მხარდაჭერაზე, ეს უნდა განვიხილოთ პროპორციულის კუთხით – პარტიამ ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების მიუხედავად პროპორციულ ნაწილში 40%-ზე ნაკლები ხმის მიღების შემთხვევაში უმრავლესობის მოპოვება ვერ უნდა შეძლოს.
ამ შემთხვევაში, პირდაპირი გადანაწილებით, თუკი საარჩევნო ბარიერს არ მივიღებთ მხედველობაში, საჭიროა, რომ პროპორციულმა ნაწილმა დააკომპლექტოს მინიმუმ 125 მანდატი. 125/25-ზე პროპორციით, თუკი პარტია მიიღებს ზუსტად 40%-ს და მოიგებს ყველა მაჟორიტარულ ოლქს, მას პარლამენტში ეყოლება 75 დეპუტატი, ერთით ნაკლები, ვიდრე უმრავლესობის შექმნას სჭირდება.
ხოლო თუკი საარჩევნო სისტემა იქნება 110/40-ზე, მაშინ: პარტია 40%-იანი მხარდაჭერით შეძლებს – 44 დეპუტატის გაყვანას და 40 მაჟორიტარული ოლქიდან უმრავლესობის შესაქმნელად 32-ში გამარჯვება დასჭირდება, ანუ მაჟორიტარული ოლქების 80%-ის მოგება.
ხოლო თუ 110/40 სისტემაში პარტია მოიგებს ყველა მაჟორიტარულ ოლქს (40), მაშინ უმრავლესობისთვის მას პროპორციულ ნაწილში 33%-ის მოპოვებაც ჰყოფნის.
ოპოზიციის მოთხოვნა სწორედ 40%-იანი მხარდაჭერის მექანიზმის ასახვა ასე პირდაპირი განაწილებით იყო.
„ქართულ ოცნებაში“ კი როგორც ამბობენ, რადგან ეს განაწილება შეუძლებლად მიაჩნიათ, მაგრამ ეთანხმებიან 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპს, მას სხვა მექანიზმით დებენ.
„შემიძლია გითხრათ, რომ იქნება დადგენილი ზედა ზღვარი, ჭერი, რომელიც 40% ან ნაკლები მხარდაჭერის პარტიას არ მისცემს შესაძლებლობას პარლამენტში ჰყავდეს 75 წევრზე მეტი. პარტიას, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას მიიღებს, ეს ნორმა არ მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ 75 მანდატზე მეტი მიიღოს არჩევნების შედეგად. მარტივად რომ ვთქვათ, ასეა.
კაი, თეორიულად დავუშვათ, რომ პარტიამ ყველა მაჟორიტარი გაიყვანა, მას 75 მანდატზე მეტი მაინც ვერ შეევსება პროპორციული სიიდან. ხოლო ეს კონკრეტულად როგორ იქნება გაწერილი, ამაზე პროექტის გასაჯაროვების შემდეგ ვიმსჯელოთ“, – ამბობს გიორგი კახიანი „პუბლიკასთან“.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არ აკონკრეტებს რა ტიპის მექანიზმი ჩაიდება და როგორ დაარეგულირებს კანონმდებლობა მათ ინიციატივას. ეს კახიანის აზრით, სამართლებრივი დეტალია და კანონპროექტის ინიცირების შემდეგ გასაჯაროვდება. მთავარი კი იდეაა, რომ 40% ან ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას არ ჰქონდეს შესაძლებლობა ერთპიროვნულად დააკომპლექტოს უმრავლესობა. რაც კახიანის აზრით, „ქართული ოცნების“ კომპრომისია და არსებით პროპორციულობაზე ოპოზიციის მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოდის.
„ოცნების“ 40%-იანი მხარდაჭერის მექანიზმს არ ენდობა ოპოზიცია
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის აზრით, 40%-იანი მხარდაჭერის მექანიზმი აუცილებლად მკაფიოდ, პირდაპირ განაწილებაში უნდა ასახულიყო, სხვა შემთხვევაში ხელისუფლება მისთვის გვერდის ავლას მაინც შეძლებს.
„40%-იანი ჩამკეტი კანონის დონეზე ვერ განისაზღვრება. ბევრ ხვრელს ტოვებს, როგორ აუარო გვერდი.
არადა, ლოგიკაა, რომ თუ 40%-იან ზღვარს ეთანხმებიან, ამის მაგალითია მინიმუმ 125/25-ზე. ანუ ხელოვნური ზღვარი არ უზრუნველყოფს რეალურად 40%-იან მხარდაჭერას. მაგრამ 125/25-ზე ან 130/20-ზე სისტემურად უზრუნველყოფს 40%-იანი ზღვარი იყოს დაცული, ესაა განსხვავება.
რაც გაჟღერებული იქნა, ეს კანონის დონეზე თუ განისაზღვრა, მისთვის გვერდის ავლა ადვილად შეიძლება სხვადასხვა შემოვლითი გზით. ჩვენ არ გვინდა, რომ სწორედ ეს შემოვლითი გზები, რაღაც გამოსაძრომები იყოს და შედეგი მივიღოთ სხვა. ხომ არ ვატყუებთ საზოგადოებას?!“, – ამბობს სერგი კაპანაძე „პუბლიკასთან“.
ამ სისტემას თუ უჭერენ მხარს დეპუტატები, რომლებმაც ნოემბერში კანონპროექტი ჩააგდეს?
კიდევ ერთი საკითხია, თუ უჭერენ მხარს მაჟორიტარული ოლქების თითქმის განახევრებას ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც ნოემბერში პროპორციულის კანონპროექტი ჩააგდეს. ხელისუფლების ახალი ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებებს გულისხმობს, მათ გარეშე კი ეს შეუძლებელია. თუმცა, „პუბლიკასთან“ გიორგი კახიანი ამბობს, რომ მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა ამ ინიციტივას უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა ექნება.
„ჩვენ გვქონდა საუბარი უმრავლესობის ფორმატში. იყო განსხვავებული მოსაზრებები ამ საკითხზე, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ ინიციატივას მთლიანი უმრვლესობის მხრიდან მხარდაჭერა ექნება“.
შეიძლება თუ არა შენარჩუნდეს მოქმედი სისტემა?
დღეს მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნები შერეული მოდელით იმართება. 150-დან 77 მანდატს პროპორციული სისტემა აკომპლექტებს, 73 მანდატს კი – მაჟორიტარული.
იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება ან სხვა მიზეზით კონსტიტუციური ცვლილებები არ მოხდება, მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა არც 40-მდე შემცირდება და არც 20-მდე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც მოქმედი სისტემით გაიმართება.
თუმცა, როგორც „პუბლიკასთან“ სერგი კაპანაძე ამბობს, მიუხედავად მათი მოთხოვნისა მიაღწიონ არსებითად პროპორციულ სისტემას, არც მოქმედი მოდელით არჩევნების გამართვა აშინებთ.
„იმ შემთხვევაში თუ მოქმედი სისტემა დარჩა, ჩვენ გვექნება კოორდინირებული ოპონირება. შევეცდებით, რომ თითოეულ ოლქში ხელისუფლებას ჰყავდეს ერთი ოპონენტი. ასეთ სისტემაში კი ხელისუფლებას მოუწევს 50%-ზე მეტი ხმის მოპოვება მაჟორიტარულ ოლქებში. ამ შემთხვევაში ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ხელისუფლება ერთ კანდიდატთან ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებს“, – ამბობს „პუბლიკასთან“ „ევროპული საქართველოს“ წევრი.
რა როლი აქვს პოლიტპატიმრების თემას?
პროპორციულობასთან ერთად, ოპოზიციის მეორე მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში მათი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. „ქართული ოცნება“ კი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.
მხარეებს შორის მოლაპარაკების ჩიხში შეყვანას პოლიტპატიმრების თემამაც შეუწყო ხელი. რადგან პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება ოპოზიციის მტკიცებით, არ მოხდება თუკი ხელისუფლება მათი განცხადებით, ოპოზიციის სამართლებრივ დევნას არ შეწყვეტს.
„თუ იქნება ამ ორ საკითხზე თანხმობა – პოლიტპატიმრებსა და არსებითად პროპორციულ სისტემაზე, ჩვენ თანახმა ვართ მოლაპარაკების გაგრძელებაზე. მაგრამ თუ არ იქნება, მაშინ არანაირი მოლაპარაკება აღარ გაგრძელდება“, – ამბობს კაპანაძე „პუბლიკასთან“.
თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც სერგი კაპანაძე ჰყვება, შესაძლებელია გაგრძელდეს დაპირისპირება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და ამავდროულად თუკი „ქართული ოცნება“ თუნდაც მოლაპარკების ამ მოცემულობით დასრულების შემდეგ მათთვის მისაღებ კანონპროექტს წარადგენს, დაპირისპირების მიუხედავად „ევროპული საქართველო“ მას მხარს დაუჭერს.
„არსებითად პროპორციული სისტემა თუ იქნება შემოთავაზებული, ჩვენ მხარს დავუჭერთ. ეს არ იქნება ურთიერთობის ნორმალიზება, გავაგრძელებთ მწვავე კამპანიას, ბრძოლას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, მაგრამ კანონპროექტს პარლამენტში მხარს დავუჭერთ“, – დასძენს სერგი კაპანაძე „პუბლიკასთან“ საუბარში.