ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სააპელაციოს მიმართა

პუბლიკა

7-8 მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის, შეცვლის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

ადვოკატის განმარტებით, მეორე ინსტანციის სასამართლომ უნდა შეაფასოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი, რა არსებითი გარემოებები და მტკიცებულებები არ გამოიკვლიეს და იმსჯელოს წინასწარი პატიმრობის მართლზომიერებაზე.

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საჩივრის შეტანიდან 72 საათის განმავლობაში განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხს.

ადვოკატს პრაქტიკიდან გამომდინარე დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს.

„პირდაპირ გპასუხობთ, პრაქტიკიდან გამომდინარე, მე არ მქონია შემთხვევა, სასამართლოს ბრალდებულის სასარგებლოდ შეეცვალოს რამე, მაქვს მოლოდინი, რომ დასაშვებად არ სცნობს“, – განუცხადა ლიკა ბითაძემ „TV პირველს“.

ადვოკატი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს განჩინებაში დასაბუთება „შაბლონურად და ზოგადადაა“ განმარტებული.


ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო“ იყო.

დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

ლაზარე გირგორიადისმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა.

პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად 31 მარტს და პირველ აპრილს აქციები გაიმართა.

მას სოლიდარობას უცხადებენ საზოგადოებრივი ჯგუფები, ორგანიზაციები, პარტიები და მოქალაქეები… 1 აპრილს აქციაზე მივიდა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

სამოქალაქო აქტივისტის სალომე ბარკერის თქმით, მოქალაქეებმა ლაზარეს ოჯახის დასახმარებლად რამდენიმე საათში 20 000 ლარამდე შეაგროვეს.