პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს წინაარმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს და ის აქ დასავლეთის პოლიტიკის დისკრედიტაციისთვის იმყოფება.
ამის შესახებ ვოლსკიმ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ვიოლა ფონ კრამონი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს. იგი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა.
ყველაფერი ნათელი გახდა. ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ისეთი სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც დაკავშირებულია სისხლთან, ადამიანურ მსხვერპლთან. ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას უჭერს მხარს. საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები, ლობისტები არიან და საქართველოს წინააღმდეგ არიან მიმართულები“, – განაცხადა მან.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, მეორე დღეა, საქართველოში იმოყფება. ის შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და ოპოზიციის წევრებს. ასევე ვიოლა ფონ კრამონი დაესწრო ლაზარეს მხარდასაჭერ აქციას და აღნიშნა, რომ მან სოლიდარობა გამოუცხადა საზოგადოებას, რომელიც 21 წლის ბიჭის დაკავებას აპროტესტებს.
ევროპარლამენტარმა ინტერვიუ მისცა „ფორმულას“ სადაც არაერთხელ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში გაწევრებას, რომ საქართველო, როგორც პარტნიორი, ჯერ ისევ არის რადარზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესშია მისი ევროინტეგრაცია.
„ჩვენ არ გვსურს, რომ დაგკარგოთ, არ გვსურს, რომ საქართველო ხელიდან გავუშვათ, რადგან საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს და სწორედ ამიტომ, უფრო მეტი და მეტი, მაღალი რანგის პირები ჩამოდიან საქართველოში, რომ ხაზი გაუსვან იმას, რომ საქართველოსთან ერთობლივი გზის შეკვრა, მთავრობასთან, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ჩვენი გეგმაა“, – აღნიშნა მან „ფორმულასთვის“ 2 აპრილს მიცემულ ინტერვიუში.
ვიოლა ფონ კრამონმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემს მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებაა“ ხელისუფლებაში.