„წვრთნების საქმე“, კავშირი ენმ-სთან, „ქოლცენტრები“ - რაზე ისაუბრა დავით კეზერაშვილმა

პუბლიკა

ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილთან „დროების“ წამყვანმა გიორგი თარგამაძემ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ინტერვიუში საუბარი შეეხო სხვადასხვა თემას, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეს კეზერაშვილის წინააღმდეგ, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტსა და „ნაციონალურ მოძრაობას.“

ე.წ. წვრთნების საქმე

ე.წ. წვრთნების საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც ის დამნაშავედაა ცნობილი, დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ წვრთნები გაიმართა და ამ დროს საქართველოში 200-მდე მაღალკვალიფიციური ოფიცერი ჩამოვიდა ისრაელიდან.

„საქართველოში იმყოფებოდა 200-მდე მაღალკვალიფიციური, სხვადასხვა რანგის ისრაელის ოფიცერი, ეს იყო ლიცენზირებული საქმიანობა – ისრაელის სახელმწიფომ გასცა ლიცენზია ამ კომპანიაზე თავდაპირველად და ეს წვრთნები მიმდინარეობდა ჩვეულებრივად, თუმცა შუაში, როცა ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გაიგეს ამის შესახებ, ისინი რაღაც ხერხებით დაუკავშირდნენ ისრაელის მთავრობას და ჩვენ მივიღეთ თხოვნა, რომ შეგვეცვალა კონტრაქტი. ბოლო ოფიცრებმა, რომლებიც წვრთნიდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, საქართველოს ტერიტორია ბათუმის, სარფის გავლით დატოვეს 10 აგვისტოს. ეს არის დადასტურებული ფაქტები. ომის დაწყებიდან 2 დღეში. ისინი ბოლომდე ადგილზე იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავიანთ საქმეს“, – ამბობს კეზერაშვილი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ამ საქმეზე გამოძიება ისრაელშიც დაიწყეს, თუმცა შემდეგ დახურეს, რადგან „ნახეს, რომ ნამდვილად წვრთნები ჩატარდა, კონტრაქტები იყო, ფული არის გადახდილი, ყველაფერი არის წესრიგში“.

„ახლა მოიგონეს ის გზა, რაც მოიგონეს. მე მიჩივის თავდაცვის სამინისტრო ზიანის ანაზღაურებაზე და ლოგიკურია, მე სხვა არაფერი არ მაქვს საქართველოში, არის მხოლოდ და მხოლოდ „ფორმულას“ წილი და ბინა. ალბათ, წავლენ მაგ გზით, რომ დააყადაღონ ჩემი წილი და სცადონ, დახურონ „ფორმულა“.

[ხელისუფლება] ბოლომდე წავა, ბოლომდე მიიყვანს ამ პროცესს, ჩვენ დაგვრჩა ერთი საფეხური, უზენაესი სასამართლო, სადაც დიდი ალბათობით, ძალიან გაკვირვებული დავრჩები, თუ, რატომღაც, მოვიგებ ამ სასამართლოს. რა თქმა უნდა, წავაგებთ. დარჩება აღსრულება, აღსრულება იქნება ხელისუფლების ხელში, როდის და როგორ აამოქმედოს ეს ბერკეტი „ფორმულას“ წინააღმდეგ… მათ შეიძლება წაიღონ ფორმულა, დახურონ ფორმულა ამ ფორმით, წაიღონ შპს ფორმულას ჩემი წილი, მაგრამ ისინი ვერაფერს ვერ უზამენ იმ გუნდს, რომელიც იქ არის“, – განაცხადა კეზერაშვილმა.

აქვე კეზერაშვილმა თავი ქართული სასამართლო სისტემის მსხვერპლად მიიჩნია და მისი რეფორმის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“

დავით კეზერაშვილის ვერსიით, ნიკა მელიას გუნდსა და მას შორის ურთიერთობა ნორმალურად მიმდინარეობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა მას დაუკავშირდა, მისი სიტყვებით, მეგობარი და არჩევნებში დახმარება სთხოვა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, შარშან ზაფხულში ნიკა მელიამ მიიჩნია, რომ კეზერაშვილი ხელს უშლიდა მას პარტიის მართვაში. კეზერაშვილი ამბობს, რომ ენმ-ს მმართველობაში ის არასდროს ჩარეულა და არასდროს მოუთხოვია ვინმეს „მოყვანა, გაშვება, სიაში ჩაწერა“.

„მე არანაირი ფუნქცია, როლი მაგ პარტიაში არ მაქვს, მაგ პარტიას ჰყავს დამფუძნებელი – სააკაშვილი და ჰყავდა ხელმძღვანელობა, რომელიც ჰყავდა. მე იმ ვერტიკალში არ ვარ, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს. ის რაღაცაზე გაბრაზდა და შემდეგ მე ვიხილე უკვე ეთერით, რომ მან გამოაცხადა რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა და არ ექნება ურთიერთობა. არ ექნება და არ ექნება, არ არის პრობლემა, არავის დავდევ და არ ვეხვეწები ჩემთან ურთიერთობას“, – აცხადებს ის.

კეზერაშვილის თქმით, ის მეგობრობს ენმ-ის ახალ მენეჯმენტთან და თუ მათ დახმარება დასჭირდება, დაეხმარება.

დეოლიგარქიზაცია და კეზერაშვილის გავლენები

დავით კეზერაშვილი ამბობს, რომ მას პარტია არ აქვს და პოლიტიკაში არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პოლიტიკურად არააქტიური უნდა იყოს.

კეზერაშვილი არ უარყოფს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს და განმარტავს, რომ ეს არის მისი გზა, იზურნოს იმ ქვეყანაზე, სადაც ცხოვრებას აპირებს, როცა ამის საშუალება მიეცემა. ის ამბობს, რომ ისურვებდა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მასსავით სხვა ბიზნესმენებიც იყვნენ ჩართულნი.

„ჩემთვის გასაკვირია, როდესაც ოპოზიციურ ფლანგში ამბობენ, მათ შორის, ნიკა მელია, რომ არაო. არ უნდა ვმონაწილეობდე? თუ მარტო იმიტომ, რომ ფინანსურად უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე სხვები, მეკრძალება რომ მივიღო მონაწილეობა? არასწორია.

პრობლემა ის თუ არის, რომ მარტო მე ვარ დღეს, კი, ეს პრობლემაა. ბევრი ბიზნესმენი საქართველოში არ მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად, რაც სასურველი იქნებოდა. მე არ მაქვს იმის ამბიცია, სურვილი ან მოთხოვნილება, რომ ექსკლუზიურად უნდა ვიყო დაკავებული, რაღაცაში ჩართული… მე ვისურვებდი, მე ვიყო 315-ე რიგში და პატარათი ვმონაწილეობდე, მხოლოდ იმიტომ, რომ სურვილი დავიკმაყოფილო, საქართველოს დავეხმარო. დღეს ცოტა ადამიანია, ვინც საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ეხმარება, მე ვარ ერთ-ერთი.

მთავრობის ნარატივია, რომ გამოვეთიშო ამას. ბრძოლის ველიდან წასვლა არის ყველაზე იოლი. არის ერთი „მაგრამ“, როცა სარკეში იყურები, ხედავ, რომ ხარ ადამიანი, რომელიც გაგაგდეს და გიბრძანეს, რომ ქვეყანაში ვერ ჩამოხვალ და ჩვენ გაგიკეთებთ ყველაფერს, რაც გვინდა, რომ გაგიკეთოთ. ჩემ შემთხვევაში ასე არ არის, მე ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა. ვისაც უნდა, ის იქნება ჩემი პარტნიორი“, – ამბობს ის.

„ქოლცენტრების“ საქმე და მისი ბიზნესები

დავით კეზერაშვილი უარყოფს ე.წ. „ქოლცენტრებთან“ კავშირს.

მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც სუსი უსმენს ყველას და ხელისუფლება აკონტროლებს ყველაფერს, აბსურდია, მას ფარულად არალეგალური ბიზნესი ჰქონდეს.

„ნუ ამას ცდილობენ, არის გარკვეული ადამიანები, რომლებზეც ამბობენ, რომ აქვთ [ქოლცენტრების] ბიზნესი, არიან ჩართულები ამ საქმიანობაში, რომელთაც მე ვიცნობ, რომელთანაც მე ვმეგობრობდი, მქონდა გარკვეული ურთიერთობები და რადგან ეს ესეა, მაშინ ეს ყველაფერი ვარ მე.

საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს, ბევრნაირ ადამიანს ვიცნობ, ეს იმას არ ნიშნავს რომ პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე. არა, ეს ასე არ არის, მაგრამ მცდელობა არის მათი მხრიდან, რომ მომაწებონ“, – თქვა მან.

რაც შეეხება მის ქონებას, კეზერაშვილი ამტკიცებს, რომ 2008 წლის შემდეგ, როცა პოლიტიკა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა, შექმნა ნავთობპროდუქტების გადამზიდი კომპანია, რომელმაც ნავთობგადამზიდავებს ერთი ფანჯრის პრინციპი შესთავაზა. 2012 წელს კი მას ქვეყნის დატოვება მოუწია და საქართველოში „ფორმულას“ გარდა სხვა ბიზნესი აღარ აქვს.

„მაშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენს კორიდორში იყო ერთი ნაკლოვანება. ყველა გადამზიდავს, ჰქონდეთ მთავარი პრობლემა – უწევდათ ყველა ქვეყანასთან ცალკე კონტრაქტის გაფორმება. ჩვენ შევთავაზეთ ერთი ფანჯრის პრინციპი. გვქონდა ჩვენი კონტაქტები სხვადასხვა ქვეყანაში და შევთავაზეთ გამარტივებული სერვისი და ამან ძალიან კარგად იმუშავა. ეს იყო როგორც დავიწყე ბიზნესი…ჩვენ შემოვიყვანეთ ინვესტორი დავით იაკობაშვილი, ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც 2010 წელს შემოვიდა ამ ბიზნესში და შემოიტანა ფული. მაშინ დაიწყო ამ კომპანიის კიდევ უფრო ზრდა.

…სამწუხაროდ 2012 წელს მე მომიწია დამეთმო ჩემი წილები, ეს იყო მოთხოვნა ახალი მოსული მთავრობის მხრიდან და დამეტოვებინა საქართველო…დღეს მე საქართველოში არანაირი ბიზნესი არ მაქვს, ერთადერთი აქტივი, რაც მაქვს არის „ფორმულა“ და ბოლო 10 წელია ვმუშაობ საზღვარგარეთ, რამდენიმე ქვეყანაში. ძირითადად 2 სფეროს მიმართულებით – ეს არის ტექნოლოგიები და უძრავი ქონება“, – თქვა მან.