სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დღეს ახალი მოადგილეები წარადგინა. გიორგი ბურჯანაძისა და ეკატერინე სხილაძის ადგილებს ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე დაიკავებენ.
ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას. ნათია ჯულაყიძე 1996 წლის 30 მაისს დაიბადა. მისი ბიოგრაფია ომბუდსმენის გვერდზე გამოქვეყნდა.
ის პარტია „მოქალაქეებსა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობაში“ მუშაობდა. ნათია ჯულაყიძე ალეკო ელისაშვილის დისშვილია. ალეკო ელისაშვილმა პარტია „მოქალაქეები“ ლევან იოსელიანთან ერთად დააფუძნა და ამ პარტიის კვოტით მიიღეს დეპუტატის მანდატი პარლამენტში.
„პუბლიკა“ ნათია ჯულაყიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა უქმნის თუ არა უხერხულობას ალეკო ელისაშვილის დის შვილობა და მისი შეფასებით, ხომ არ შეუქმნის პრობლემას მის მიმართ ნდობას ეს ფაქტი.
„უხერხულობას შემიქმნიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილი რომ იყოს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი ლევან იოსელიანია. ლევანთან წლებია, ვმუშაობ და ჩვენ ერთად ბევრი გვაქვს გაკეთებული, შესაბამისად, არა, არანაირ უხერხულობას არ მიქმნის ის, რომ ჩემი ნათესავი მოქმედი პარლამენტის წევრია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სახალხო დამცველის აპარატთან.“ – გვითხრა ნათია ჯულაყიძემ.
მას ასევე ვკითხეთ, რატომ დასთანხმდა ამ თანამდებობას და მისი ინფორმაციით, რატომ შეირჩა ამ თანამდებობაზე.
„ლევან იოსელიანისგან მივიღე შეთავაზება სახალხო დამცველის მოადგილის პოზიციაზე. ლევანმა, დარწმუნებული ვარ, იმიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ბევრი წელია, ერთად ვმუშაობთ. მანამდე ლევან იოსელიანის (ვიცე-სპიკერის) აპარატის უფროსი სპეციალისტი ვიყავი. ზუსტად ის თემები მებარა ვიცე-სპიკერის აპარატში, რაც ჩემი დაქვემდებარების ქვეშ იქნება სახალხო დამცველის აპარატში. მანამდე მე და ლევანი ერთად აქტიურად ვიყავით პოლიტიკური პარტიის დაფუძნებაში ჩართულნი და უფრო მანამდე ვიყავით ერთ-ერთი სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლები, აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი და მქონდა საქმიანობის გამოცდილება როგორც ევროკავშირიდან, ასევე ამერიკული ორგანიზაციების ფონდებიდან, ამ პროგრამების მთავარი ოფიცერი ვიყავი“, – განაცხადა ნათია ჯულაყიძემ.