საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის ნაწილი ეხება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.
ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებულ კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოსთვის, გამოკითხულთა უმრავლესობა, 34% პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს.
რესპონდენტების 17% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი წინაღობა ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა; 13% ფიქრობს, რომ ქვეყანას ყველაზე მეტად შიდა ოპოზიცია უშლის ხელს ევტოინტეგრაციაში, 11% კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგობას ასახელებს. 7%-მა სხვა პასუხი გასცა, 17%-მა კი არ იცის ან უარი განაცხადა პასუხზე.
ევროკავშირს ასახელებს გამოკითხულთა უმრავლესობა 63% კითხვაზე, თუ ვინ არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი. ევროკავშირს მოსდევს აშშ – 47%-ით, მესამე ადგილზე უკრაინაა – 27%-ით. შემდეგ მოდის თურქეთი, აზერბაიჯანი და გაერთიანებული სამეფო. გამოკითხულთა 8% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი რუსეთია.
მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა კითხვაზე, თუ ვინ არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი. თუმცა ამ შემთხვევაში მცირედით შემცირდა ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერა და გაიზარდა რუსეთის. ევროკავშირი ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად 60%-მა დაასახელა, აშშ – 42%-მა, რუსეთი კი – 12%-მა. ამ კითხვებზე რესპონდენტებს რამდენიმე პასუხის მონიშვნა შეეძლოთ.
ბოლო კვლევაში გაიზარდა მათი წილი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო კურსი მხოლოდ პროდასავლური უნდა იყოს. ასე მიიჩნევს გამოკითხულთა 50%, 32% მიიჩნევს, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი უნდა ჰქონდეს, მაგრამ რუსეთთანაც უნდა შეინარჩუნოს ურთიერთობა. გამოკითხულთა 7% მიიჩნევს, რომ კურსი პრორუსული უნდა იყოს, დასავლეთთან ურთიერთობის შენარჩუნებით და მხოლოდ 2% მიიჩნევს, რომ საქართველოს მხოლოდ პრორუსული კურსი უნდა ჰქონდეს.
შედარებისთვის, 2016 წელს, გამოკითხულთა 22% მიიჩნევდა, რომ საქართველოს მხოლოდ პროდასავლური კურსი უნდა ჰქონდეს.
ბოლო კვლევაში გაიზარდა მათი წილიც, ვინც ემხრობა ევროკავშირში გაწევრებას. IRI-ის მიხედვით, 2013 წლიდან დღემდე ჩატარებულ კვლევებში, 2023 წლის გამოკითხვაში ევროკავშირში გაწევრებას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.
გამოკითხულთა 75% სრულად უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, 13% კი მეტ-ნაკლებად. შესაბამისად ევროკავშირში ინტეგრაციისკენ დადებითად რესპონდენტების თითქმის 90%-ია განწყობილი. გამოკითხულთა უმრავლესობა, 62% ცალსახად უჭერს მხარს ევროინტეგრაციას მაშინაც კი, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შეჩერებას გამოიწვევს.
რესპონდენტების უმრავლესობა, 45% კი კითხვაზე, ევროკავშირში გაწევრებისგან რა იქნება ყველაზე დიდი სარგებელი საქართველოსთვის, ეკონომიკის გაძლიერებას ასახელებს.
რაც შეეხება NATO-ს, ამ შემთხვევაშიც გაიზარდა მათი წილი, ვინც მხარს უჭერს ჩრილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას. 2013 წლიდან დღემდე ჩატარებულ კვლევებს შორის, NATO-ში გაწევრებას ახლა ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს – 65%; მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს NATO-ში გაწევრებას გამოკითხულთა 15%. ამრიგად NATO-ში ინტეგრაციისკენ რესპონდენტების 80%-ია დადებითად განწყობილი.
გამოკითხულთა უმრავლესობა, 33% კი მთავარ სარგებელს NATO-ში გაწევრებით უსაფრთხოებაში ხედავს, მეორე ადგილზე 19%-ით თავდაცვის გაძლიერებაა.
ევროკავშირისგან განსხვავებით, NATO-ში გაწევრების მთავარ წინაღობად, გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთის წინააღმდეგობას მიიჩნევს. ასე ფიქრობს რესპონდენტების 23%, გამოკითხულთა 22%-ის აზრით მთავარი ბარიერი ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსია, 19%-ის აზრით კი პოლიტიკური არასტაბილურობა. გამოკითხულთა 11% მთავარ წინააღმდეგობად შიდა ოპოზიციას ასახელებს.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი – +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.