„ბავშვთა კეთილდღეობის“ ახალი კვლევის თანახმად, სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლების თითქმის 80% აღნიშნავს, რომ კმაყოფილი არიან მათი შვილების მიერ სკოლაში მიღებული განათლებით.
კვლევის ფარგლებში უფრო სიღრმისეულად არ გაანალიზებულა, რა კონკრეტული მიზეზები განაპირობებს მშობლების კმაყოფილებას.
კვლევის შედეგების წარდგენისას უნისეფის წარმომადგენელმა ქეთევან მელიქაძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ კვლევის ეს მიგნება ეყრდნობა პასუხს შეკითხვაზე – კმაყოფილი არიან თუ არა განათლების ხარისხით. კვლევის ფარგლებში არ გაანალიზებულა მათი კმაყოფილების ან უკმაყოფილების მიზეზები.
„პირველ რიგში სამსჯელოდ გამოგვაქვს მონაცემები, მერე გვინდა, რომ დარგის პროფესიონალებთან, დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად ვიმსჯელოთ სიღრმისეულ მიზეზებზე. აღნიშნული კვლევის ფარგლებში ჩვენ ვერ ვასახელებთ ამ შემთხვევაში მიზეზებს, ასე ღრმად კვლევა არ ჩასულა, მაგრამ უდავოდ, ეს ის საკითხია, რომელიც მნიშვნელოვანია და სამომავლოდ საკვლევია“, – უთხრა „პუბლიკას“ ქეთევან მელიქაძემ.
კვლევის ეს კონკრეტული მიგნება მოულოდნელი იყო კვლევაზე მომუშავეებისთვისაც. „ჩვენც გაგვიკვირდა“, – ასეთი იყო ქეთევან მელიქაძის პასუხი, როცა მშობლების კმაყოფილების საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლის შესახებ ვკითხეთ.
ის, რომ ზოგადი განათლების ხარისხი ქვეყანაში „სახარბიელო არ არის“ და ამ მიმართულებით ბევრი გამოწვევის წინაშე დგას სასკოლო საზოგადოება აჩვენებს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული შეფასებებიც. ზოგადი განათლების სისტემაში ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ როგორც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე დარგის სპეციალისტები თუ დაინტერესებული ჯგუფები.
NDI-ის მიერ 2022 წლის დეკემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 37% განათლების სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად განათლების დაბალ ხარისხს ასახელებს.
საგულისხმოა ისიც, რომ განათლების ხარისხით მშობლების კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლის პარალელურად, ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები 6-17 წლის ასაკის თითქმის ყოველ მეხუთე ბავშვს (18.8%) ჰყავს კერძო მასწავლებელი, ბავშვების ამავე რაოდენობას კი სურვილი აქვს, მოემზადოს კერძო მასწავლებელთან, მაგრამ ძირითადად ეკონომიკური პრობლემები ამის საშუალებას არ იძლევა.
რას ამბობს ეროვნული და საერთაშორისო შეფასებები
PISA მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც საქართველოში 2000 წლიდან ტარდება და ამოწმებს 15 წლის მოზარდების ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.
საქართველოში პიზას კვლევა ბოლოს 2018 წელს ჩატარდა. PISA-ს შედეგებით წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა, და მეცნიერებების დაჯამებული ქულის მიხედვით, საქართველო 78 ქვეყნიდან 70-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს შედეგები 2015 წლის შედეგებთან შედარებით ყველა ნაწილში – მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და წიგნიერება – გაუარესდა. ხოლო ბოლო 10 წლის შედეგების მიხედვით, გაუმჯობესებაა მათემატიკაში (19 ქულიანი გაუმჯობესება).
„ვერ ვიტყვით, რომ საერთო სურათი სახარბიელოა, თუმცა ვინარჩუნებთ მზარდ დინამიკას“, – განაცხადა კვლევის შედეგების წარდგენისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
წინა, 2015 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი დაბალი იყო. მოსწავლეთა ნახევარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო კომპეტენციებს არ ფლობს. კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 490 ქულა იყო, საქართველოსი – 404.
TIMSS მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევაა, რომელიც 9-10 (მეოთხეკლასელი) და 13-14 წლის (მერვეკლასელი) მოსწავლეების კომპეტენციებს აფასებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში (ფიზიკური გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია). ასევე, კვლევაში მონაწილე ქვეყნების მოსწავლეების მიღწევების დონეს საერთაშორისო სტანდარტებთან ადარებს.
კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წელს ჩატარდა. კვლევის შედეგებით, საერთაშორისო საშუალო ქულაა 500.
2019 წელს საქართველოს მაჩვენებელია: მათემატიკაში (მე-4 კლასი) – 482 ქულა; მათემატიკაში (მე-8 კლასი) – 461; ბუნებისმეტყველებაში (მე-4 კლასი) – 454; საბუნებისმეტყველო საგნებში (მე-8 კლასი) – 447.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტეს, კვლევის ეს შედეგები აჩვენებს როგორც პროგრესს, ასევე დღეს არსებულ გამოწვევებსაც.
კერძოდ, ბოლო ანგარიშის მიხედვით, მეოთხეკლასელთა შედეგები მათემატიკაში გაუმჯობესდა, ხოლო ერთი მიმართულებით (მიმართულება-რიცხვები) პირველად 2007 წლის შემდეგ საერთაშორისო საშუალოს გადააჭარბა. გამოწვევად რჩება მიღწევები მერვე კლასის მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ორივე საფეხურზე, სადაც მხოლოდ მცირედი გაუმჯობესებაა, რომელიც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
საინტერესო მონაცემებს იძლევა სახელმწიფო შეფასებებიც. სახელმწიფო შეფასება საშუალებას გვაძლევს პასუხი გავცეთ ორ მნიშვნელოვან კითხვას: 1. როგორია მოსწავლეთა მიღწევები და 2. რა ზეგავლენას ახდენს საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პოლიტიკა და პრაქტიკა მოსწავლეთა მიღწევებზე.
მაგალითისთვის ერთ-ერთი ბოლო სახელმწიფო შეფასება მათემატიკაში 2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებს ასახავს.
სახელმწიფო შეფასებით, მათემატიკაში მიღწევათა სკალის დაბალ საფეხურს მიღმაა მე-9 კლასის მოსწავლეთა 30%, ფიზიკაში – 35%, ქიმიაში – 49%, ხოლო ბიოლოგიაში – 13%.
რა შედეგებს აღწევენ მე-9 კლასელი მოსწავლეები მათემატიკაში? სახელმწიფო შეფასებამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა დაახლოებით 70% სხვადასხვა ხარისხით აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
კერძოდ:
– კვლევაში მონაწილე მოსწავლეთა 1.79% წარმატებით ართმევს თავს მიღწევის უმაღლესი საფეხურის დავალებებს და, შესაბამისად, ავლენს მათემატიკაში გაწაფულობისა და საბაზო საფეხურის (მე-9 კლასი) შესაბამისი ცოდნისა და უნარების უმაღლეს დონეს.
– მოსწავლეთა 8.12% წარმატებით ძლევს მიღწევის მაღალი საფეხურის დავალებებს და, შესაბამისად, ავლენს საბაზო საფეხურის (მე-9 კლასი) შესაბამისი ცოდნისა და უნარების მაღალ დონეს.
– მოსწავლეთა 20.86% წარმატებით ძლევს მიღწევის საშუალო საფეხურის დავალებებს, რაც მიუთითებს სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების ნაწილობრივ ფლობაზე.
– მოსწავლეთა 46.02% ართმევს თავს მიღწევის დაბალი საფეხურის დავალებებს და, შესაბამისად, გააჩნია მინიმალური საბაზისო ცოდნა მათემატიკაში.
მე-9 კლასელ მოსწავლეებში გამოიკვეთა მოსწავლეთა კრიტიკული ნაწილი, რომელიც მოსწავლეთა 23.21%- ს შეადგენს. ეს მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებენ.
„ბავშვთა კეთილდღეობის“ კვლევის შესახებ: ანგარიშში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილია „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები. კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე. კვლევის ინსტრუმენტის შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ „გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ოფისი“ Innocenti და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ საქართველოს ოფისი. კვლევის შედეგები არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ამჟამად კონტროლირებად რეგიონებში მაცხოვრებელი ბავშვების რეპრეზენტატული.