„რეტრო“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად 30 000 ლარით დაჯარიმდა

პუბლიკა

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, „რეტრო“ და „რეტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა.

„შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა.

უწყების მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა.

უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორც ზეგანაკვეთური, ასევე, კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით“, – აღნიშნულია ინსპექციის განცხადებაში.


რესტორანი „რეტროს” მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.

გუშინ, 4 ივნისს, რესტორანი „რეტროს“ ყოფილმა მენეჯერმა, მარია ზოიძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს.

ის, ასევე, წერს, რომ რუსების შემოდინებასთან ერთად რესტორანში რუსი თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებიც ძველ თანამშრომლებს ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უქმნიდნენ, მფლობელი კი მათ მხარს უბამდა, რადგან პრორუსია.