მესტიის მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 70 კილომეტრის მოშორებით მდებარე ხაიშის თემის სოფელი – ზედა ხაიში ხუდონჰესის წინააღმდეგ პროტესტითაა ცნობილი.
და დღესაც, ასევე, ხუდონჰესის საწინააღმდეგო აქტივიზმით ცნობილ მკვიდრთან, ზურაბ ნიჟარაძესთან მივდივართ.
ენგურის შენაკადის – ხაიშურას მარჯვენა მხარეს გაშენებული ეს სოფელი მის გარშემო ტყის დიდი მასივითაა დაფარული. სწორედ ამ ტყეს გადაჰყურებს ჩემი რესპონდენტის სახლიც.
ზურაბ ნიჟარაძე, რომელიც ხაიშის სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად წლებია მუშაობს, ისეთივე გატაცებით ლაპარაკობს სოფლის მეურნეობაზე, როგორც თავის პროფესიაზე.
და ის, რომ ეს სფერო უყვარს, მისი ეზოდანაც ჩანს. შესასვლელშივე, სკების გარშემო მოზუზუნე ფუტკრების ხმა ისმის. ირგვლივ ყველგან ხეხილია დარგული და ვაზია გაშენებული. ეზოს მეორე მხარეს კი სათბურია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა პროდუქტი მოჰყავს.
თუმცა, მიზეზი, რის გამოც დღეს ნიჟარაძეს ვსტუმრობთ, ტექნიკაა, რომელიც ევროკავშირის პროექტის დახმარებით თანამოაზრეებთან ერთად შეიძინა და ახლა გარდა პირადი მოხმარებისა, ეხმარება ზემო სვანეთის სხვა მცხოვრებლებსაც.
წინა ღამეს სვანეთში ძლიერი წვიმა იყო, ამიტომ ჩვენი გეგმა, რომ ხვნის პროცესი გადაგვეღო, დავივიწყეთ. მიწა სველი და ხვნისთვის მოუხერხებელია. 45-ცხენისძალიანი ტრაქტორი ახლა მესტიის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ მოსახლესთან დგას და ამინდების გამოსვლას ელოდება.
ზურა ნიჟარაძე მიყვება, როგორ შექმნა სასოფლო სამეურნეო ამხანაგობა და სწორედ ამ ამხანაგობის ეგიდით, გადაწყვიტა, ბედი ეცადა ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში.
ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი(LAG), რომელიც დაარსდა ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD პროგრამის ფარგლებში, 2020 წლიდან ზემო სვანეთში საგრანტო პროექტებს ახორციელებს.
პროექტები განხორციელდა მუნიციპალიტეტის ჩვიდმეტივე თემში და მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ბიზნესის და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარება; აქვე იყო არაკომერციული ინიციატივების სოციალური მხარდაჭერა და თემის განვითარება.
სწორედ ამის ფარგლებში, ზურაბ ნიჟარაძემ მოიპოვა დაფინანსება და იყიდა 45-ცხენისძალიანი ტრაქტორი თავისი აგრეგატებით. ეს ტრაქტორი ხვნისთვის გამოიყენება და გარდა იმისა, რომ ამხანაგობის წევრები მას თვითონ იყენებენ, სიმბოლურ ფასად, მას ზემო სვანეთის სხვა მკვიდრებზეც აქირავებენ, ან სულაც უსასყიდლოდ აძლევენ.
„ამ პროექტით მარტო 5 კაცი არ სარგებლობს. ვეხმარებით მიწის დამუშავებაში სხვებსაც და რაც მთავარია, ვუწევ პოპულარიზაციას იდეას, რომ სოფლის მეურნეობა მარტო საარსებო საშუალება არაა. ესაა ბიზნესის ძალიან პრაგმატული და გამართული ფორმა“, – მეუბნება ზურაბი და ამატებს, რომ ზოგადად, ევროკავშირის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა ზემო სვანეთს იმედი დაუბრუნა, ბევრი ადამიანი უკან დააბრუნა, ბევრსაც დაანახა, რომ შრომა, როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური, შედეგის მომტანია.
მაგრამ, ყველაზე მეტად უხარია, რომ ამან რეგიონში ახალი ცოდნა და გამოცდილება შემოიტანა: „და რაც მთავარია იმედი. ძალიან ბევრი ადამიანი ამ პროექტმა უკან დააბრუნა“.
ზურაბ ნიჟარაძე ფიქრობს, რომ ზოგადად, სვანეთის მსგავსი რეგიონებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ შემდეგ სხვა სფეროებიც განვითარდეს.
„ჩვენთან სოფლის მეურნეობა სულ იყო განვითარებული. მაგრამ ქართველებს, ზოგადად, გვიჭირს არაიძულებითი კოლექტიური აზროვნება. ჩვენ ხომ გამოკვეთილად ინდივიდუალისტები ვართ. LAG-მა ამის კარგი მაგალითი მოგცა, თუ არ მივეშველებით ერთმანეთს, საქმე კარგად არ გამოგვივა. მეც ამ იდეით ვცხოვრობ და ამ იდეითვე ვაპირებ, კიდევ უფრო მეტად განვავითარო ჩემს გარშემო ეს სფერო“.