ეპიდემიოლოგები COVID-19-ის კიდევ უფრო მეტ გავრცელებას პროგნოზირებენ. ამგვარი პროგნოზის პირობებში მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი ვირუსის გავრცელებას. სხვაგვარად, ერთბაშად ისეთი ტვირთი დააწვება ჰოსპიტლურ სექტორს, რომ მედპერსონალს პრობლემასთან გამკლავება გაუჭირდება. ამიტომ, აუცილებელია ყველა რეკომენდაციის შესრულება, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა (პირადი ჰიგიენა, სოციალური დისტანცირება, მაქსიმალური თვითიზოლაცია).
იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ჰოსპიტლური სექტორის გადატვირთვა, საჭიროა:
- პირველ რიგში, ოჯახის ექიმებს ჰქონდეთ მკაფიო ინსტრუქცია, საჯაროდ გამოქვეყნებული და ახსნილი, რომელ პაციენტს აგზავნიან დიაგნოსტიკაზე COVID-19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის გამოყოფილ საავადმყოფოში.
ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს გეგმა, რა ხდება, როცა იმატებს შემთხვევები. რას ვაკეთებთ ამ დროს? ყველას ვაწვენთ საავადმყოფოში, თუ მხოლოდ მძიმე შემთხვევებს? როგორ ვმართავთ მსუბუქ შემთხვევებს?
ვიმეორებ: საჭიროა ყველა დონეზე მკაფიო ინსტრუქცია, რომ ჰოსპიტლური სექტორი ისე არ გადაგვეტვირთოს (როგორც ეს იტალიაში მოხდა), რომ მერე მძიმე შემთხვევების მართვაზე რესურსი არ გვეყოს.
საქართველოში ნაკლებად პრობლემურია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის აღწერა და ბრიფინგების დონეზე სამედიცინო სექტორის პროფესიული რჩევები. თუმცა ვისურვებდი, რომ მთელ სამედიცინო სექტორს – არა მხოლოდ ამჟამად 25 ინფიცირებულის მოვლაში ჩართულ ექიმებსა და ექთნებს, არამედ ოჯახის ექიმებსა და ამბულატორიებს, ჰოსპიტლური სექტორიდან განსაკუთრებით რეანიმატოლოგებს, შშმ პირებისთვის მისაწოდებელ სერვისებში ჩართულ მედიკოსებსა და სოციალურ მუშაკებს და ა.შ. – მიეცეთ ქართულად დაწერილი დეტალური ინსტრუქციები (არა CDC-ისა და WHO-ის მხოლოდ ბმულები) და ეს ახლდებოდეს ყოველდღიურად.
მესმის, რომ თავად მსოფლიო ახლა „სწავლობს” ამ ვირუსს, მაგრამ ექიმებს ქვეყნის მასშტაბით მეტი ინფორმაცია სჭირდებათ. ტელემედიცინის, ანუ არაფიზიკური კონტაქტით ექიმთან კონსულტაციის ფორმების აქტიური გამოყენება გადაუდებელი რიგის ამოცანაა.
- განისაზღვროს დიაგნოსტიკის სტრატეგია: დიაგნოსტიკა უტარდება მხოლოდ სიმპტომების მქონე მოქალაქეებს თუ მასობრივ დიაგნოსტიკას ვიწყებთ, როგორც ეს სამხრეთ კორეამ გააკეთა? ნათელია, რომ მეორე გზა დაკავშირებულია დამატებით ფინანსური, ინფრასტრუქტურული (ლუგარის ლაბორატორიისა და სხვა სახელმწიფო რეგიონული ლაბორატორიების მიღმა კერძო ლაბორატორიების სიმძლავრეების გამოყენება) და ადამიანური რესურსების მოძიებასთან.
ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რა ინსტრუქცია ეძლევა პირველად ჯანდაცვას – ოჯახის ექიმებსა და ამბულატორიებს.
- COVID-19-ით ინფიცირებულთა მკურნალობა მოხდეს კონცენტრირებულად, 2-3 საავადმყოფოში.
გაცილებით ადვილია მედიკოსთა ჯგუფების ტრენინგი და მათთვის ყოველდღიურად განახლებული ინფორმაციის მიწოდება 2-3 ადგილას, ვიდრე 8-9 ადგილას გაფანტული მედიკოსების მცირე ჯგუფებისთვის. ასევე გაცილებით ადვილია პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვა.
- დაცული იყოს მედპერსონალი.
ექიმებისა და ექთნების მნიშვნელოვანი ნაწილი რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს და ისინი თავად შეიძლება გახდნენ ვირუსის გადამტანი, თუ (ა) თავად არ იქნებიან სათანადოდ დაცულნი, და (ბ) თუ ამ კრიზისულ ვითარებაში არ მოხდება მათი კონცენტრაცია ერთ კონკრეტულ საავადმყოფოში.
იმიტომაც არის საჭირო, რომ COVID-19-ით ინფიცირებულთა მკურნალობა მოხდეს კონცენტრირებულად 2-3 საავადმყოფოში, რომ თავიდან ავიცილოთ ექიმებისა და ექთნების რისკის ქვეშ დაყენება ბევრ სხვადასხვა ადგილას და სწორედ კონცენტრირებულად შევქმნათ მათთვის უსაფრთხო გარემო.
ამავდროულად, მედიკოსები, რომლებიც არ იქნებიან ჩართული COVID-19-ით ინფიცირებულთა მკურნალობაში, მაინც მაღალი რისკის ჯგუფად რჩებიან და მათთვის ასევე მიღებული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, გეგმური ოპერაციების რიცხვი შემცრიდება, მაგრამ ჰოსპიტლურ სექტორს მოუწევს, COVID-19-ით ინფიცირებულთა მკურნალობის გარდა, სხვა გადაუდებელ შემთხვევებთან გამკლავება.
გასათვალისწინებელია, რომ პრობლემა შეიძლება იყოს არა იმდენად მატერიალური რესურსი (ჯანდაცვის სამინისტრო გვარწმუნებს, რომ 1500 სუნთქვის აპარატია მობილიზებული), რამდენადაც ადამიანური რესურსი.
- დადგინდეს მკაფიო სტანდარტი, როგორ აუნაზღაურდებათ გაწეული შრომა საავადმყოფოებსა და, შესაბამისად, მედპერსონალს.
მაგალითად, ტრამპის ადმინისტრაცია მოელაპარაკა სადაზღვევო ინდუსტრიას, რომ სამედიცინო მომსახურების მიღებისას თანაგადახდა არ შეეხოს კორონავირუსით ინფიცირებულ პირს. ეს უზარმაზარი ფინანსური ტვირთია და ამერიკის სადაზღვევო ინდუსტრია მზადაა, ეს ტვირთი ზიდოს. კითხვა: რა ხდება ჩვენთან? საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეს, ვისაც ვირუსი დაუდგინდება და ხანგრძლივი მკურნალობა მოუწევს ჰოსპიტალში, ყველა ხარჯს დაუფარავს მთავრობა? შემთხვევები რომ მოიმატებს, ეს დიდ თანხებზე გავა. როგორ აპირებს მთავრობა ბიუჯეტის გადახედვას?