ძალიან საწყენია. ახლაც კი, როდესაც პანდემიას ვებრძვით და ცნობებს თითოეული ახალი დაინფიცირებული ადამიანის შესახებ უფსკრულთან საგრძნობ მიახლოებად განვიხილავთ, არსებობს ერთი დიდი ჯგუფი ადამიანებისა, კერძოდ ისინი, ვინც ნარკოტიკებს მოიხმარენ, და ამ მოხმარებასთან დაკავშირებული უამრავი ისეთი ქცევა, რომლებიც ინფიცირების რისკებს საგრძნობად ზრდის ან ინფიცირების შემთხვევაში კრიტიკულ ხასიათს იძენს, თუმცა, რატომღაც ამის შესახებ არავინ საუბრობს.
ქვეყანაში მინიმუმ რამდენიმე ათეული ათასი (თუ ასეული არა) ადამიანი რეგულარულად და კანონიერად მოიხმარს მარიხუანას. ძირითადად, ვაზიარებთ შეკეთებულ ჯოინთს ან ბოთლს, ჩიბუხს თუ სხვა საქაჩ ინსტრუმენტს მეგობრებთან და ახლობლებთან, ზოგჯერ უცხოებთან ერთადაც. ეს ის ქცევაა, რომელიც საკმაოდ გამჯდარია, მორგებულია მომხმარებელსა და ნარკოსცენის ტრადიციებს და, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო მცდელობებს, დავამარცხოთ პანდემია, გადავირჩინოთ თავი. მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამაზე არავინ გველაპარაკება, ამ რისკების თაობაზე არაფერს შეგვახსენებენ.
ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რომელიც კორონავირუსთან მიმართებაში ნარკოტიკების მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ.
ქვეყანაში აღარ დარჩა ხალხმრავალი თავშეყრის ადგილები, რომლებსაც არ განვიხილავთ, როგორც დიდ რისკფაქტორს ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით და ვცდილობთ, სხვანაირი ორგანიზება გავუწიოთ ცხოვრებას, რომ როგორმე შევაჩეროთ ინფექციის საშიში და სწრაფი გავრცელება – დაიკეტა სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები, ოფისები… იუსტიციის სახლები მნიშვნელოვანი შეზღუდვებით ფუნქციონირებენ; ქორწილები და ქელეხები აღარ იმართება; პრობაციონერებს აღარ უწევთ თითის ანაბეჭდის დასატოვებლად პრობაციის სამსახურში ვიზიტი; მოხუცებულებს კი, რომლებიც ყოველდღიურად დადიოდნენ საკვების მისაღებად ზრუნვის დაწესებულებებში, კვირის სამყოფ საკვებს ვატანთ, რომ თავიდან ავირიდოთ მათი ყოველდღიური შეკრება და ამ გზით საგრძნობლად შევამციროთ ინფექციის გავრცელების რისკი.
რა გასაკვირია და ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ ადამიანები (დღეისათვის 10,000 ადამიანზე მეტი), რომლებიც ყოველ დილით მიდიან ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრებში, დგებიან ცოცხალ რიგში, აქვთ პირდაპირი კონტაქტი სხვა მომხმარებლებთან და სამედიცინო პერსონალთან და იღებენ დღიურ ულუფა მეტადონსა და ბუპრენორფინს. დიდი ხანია, ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, რომ ყოველდღიურად არ გვატარონ ამ რიგებში და კვირის სამყოფი მედიკამენტი მაინც გაგვატანონ სახლში.
მაგრამ – არა! ჩვენ ხომ არ ვართ სანდო ხალხი – არ გვენდობიან, რომ ამ მედიკამენტებს არ გავყიდით, სხვებს არ დავურიგებთ. ამიტომ წლების განმავლობაში გვიწევს ასე ცოცხალ რიგში დგომა, რომ კუთვნილი მედიკამენტი მივიღოთ – იქნებ დღეს მაინც შევცვალოთ ეს წესი, დროებით მაინც? ვფიქრობ, ეს ის აუცილებელი ღონისძიებაა, რომელიც სასწრაფო წესით უნდა დამუშავდეს საქართველოს მთავრობის მიერ და ნაწილობრივ მაინც განხორციელდეს, რომ დავიცვათ როგორც მომხმარებელი, ისე მედპერსონალი.
ნარკოტიკებს ადამიანები ძირითადად სხვა ადამიანებთან ერთად მოიხმარენ. მოსახმარად განკუთვნილი ჭურჭელი და ნივთები კი, როგორც წესი, ზიარდება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთდროულად მოიხმარენ ნარკოტიკს. ზემოთ ხელიდან ხელში გადაწოდებულ ჯოინთსა (მარიხუნას სიგარეტი) თუ მოსაწევ ბონგსა და ბოთლზე ვსაუბრობდი. მსგავსი სიტუაციაა ბევრ სხვა ნარკოტიკთან მიმართებაში. ამფეტამინის მსგავს ნივთიერებებს (ამფეტამინი, ე.წ. მარილები: MDPV, alpa-PVP და მეფედრონი), ასევე კეტამინს, კოკაინს და მსგავს სხვა ფხვნილებს, რომლებსაც იყნოსავენ ან ფოლგაზე წვავენ და ანაორთქლს შეისუნთქავენ, მომხმარებლები ძირითადად საზიარო სასუნთქი საშუალებებით მოიხმარენ.
იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსი ძირითადად წვეთოვანი გზით ვრცელდება, ნარკოტიკების მოხმარების ზემოთ აღწერილი ქცევა ძალიან, ძალიან საშიში და მაღალი რისკის შემცველი ხდება. როდესაც ჩვენი დისკრედიტაცია უნდათ იმის გამო, რომ ნარკოტიკებს მოვიხმართ, არავის ეზარება ჩვენზე ლაპარაკი, იმაზე წუწუნი, როგორ იღუპება ახალგაზრდობა. ახლა კი, როდესაც კორონავირუსის გავრცელება გვინდა შევაჩეროთ, რატომღაც ჩვენ აღარავის ვახსენდებით.
არ გვავიწყდება შევახსენოთ ხალხს, ხელი დაიბანონ, არ იქეიფონ ერთად, არ ეზიარონ საზიარო ჭურჭლით ეკლესიაში, მაგრამ რატომღაც ყველას ავიწყდება რომ ჩვენც გვირჩიოს რამე, შეგვახსენოს, ვიყოთ ფრთხილად… სახელმწიფო დუმს, ზიანის შემცირების ორგანიზაციები დუმან, მოძრაობები გაქრნენ…. ვიყოთ უბრალოდ საღი აზრის იმედად? ალბათ – არა! თუ ზოგად პოპულაციაში არ არის საღი აზრი და 67-ჯერ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს ხშირად ხელის დაბანის შესახებ, რატომ გვაქვს იმედი, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი თავისით, ყოველგვარი ინფორმირებისა და შეხსენების გარეშე ერთ დღეში შეიცვლის ქცევას, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში არსებული კრიმინალიზაციისა და რეპრესიის პირობებში ყალიბდებოდა.
არავინ გვესაუბრება იმაზეც, რა შეიძლება მოხდეს მომავალში, რა შესაძლო რისკების წინაშე ვართ ნარკოტიკების მომხმარებლები. თუკი ვირუსის გავრცელებამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ქვეყნის ცხოვრების ნაწილობრივი პარალიზაცია გამოიწვია, როგორი იქნება ჩვენი წვდომა ისედაც პრობლემებით სავსე შავ ბაზარზე, სადაც ჩვენი ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ნარკოტიკულ საშუალებებს ვყიდულობთ. დეფიციტი ხომ არ შეიქმნება ზოგიერთ ნარკოტიკზე? ფასებზე ხომ არ აისახება? თუ მოსახლეობა ლეგალურ პროდუქტებს იმარაგებს, რატომ არ შეიძლება დავსვათ იგივე შეკითხვა უკანონო ნივთიერებების შესახებ?
ან რა ხდება მაშინ, როცა ნარკოტიკების მომხმარებელი ხარ და კორონავირუსით დაინფიცირდი. სადმე გვესაუბრებიან ამის თაობაზე? არა მგონია! არსებობს კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლებში მითითებები, რა შეიძლება გააკეთო სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკულ საშუალებაზე დამოკიდებული ადამიანის შემთხვევაში?
ამ დისკუსიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ჩემი მიზანი იყო მეჩვენებინა, რომ თუკი სერიოზულად ვფიქრობთ ვირუსის დამარცხებაზე, თვალს ვერ დავხუჭავთ სხვადასხვა ჯგუფის სპეციფიკურ საჭიროებებზე. მე ერთ ასეთ ჯგუფზე, ნარკოტიკების მომხმარებლებზე ვსაუბრობ მხოლოდ. შესაძლოა, ბევრი სხვა ჯგუფია ქვეყანაში, ვისთვისაც განსაკუთრებული მიდგომებია საჭირო ამ ახალ ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით.
აქვე მინდა შემოგთავაზოთ 3D Research-ის რეკომენდაციები კორონავირუსთან მიმართებაში ოპიატების მომხმარებლებისათვის
უახლესი რჩევები ჰეროინის/ოპიატების მომხმარებლებს COVID-19 კორონავირუსთან მიმართებაში
(განახლებულია 3D Research-ის მიერ 2020 წლის 7 მარტს)
1) გადაამოწმეთ თქვენს მომსახურე ცენტრში რამე ხო არ იცვლება ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურებაში – მაგალითად, იკითხეთ უფრო დიდი ოდენობით მეტადონს ხო არ გაგატანენ?
2) იქონიე რაც შეიძლება მეტი დილერის საკონტაქტო ინფორმაცია;
3) მოემზადე იძულებითი „ლომკისთვის” – მოიმარაგე სიმპტომების შესაბამისი მედიკამენტები და ნებისმიერი ოპიატი, რასაც იშოვი;
4) გაიაზრე, რომ კორონავირუსით ინფიცირების დროს არის სიკვდილის მომატებული რისკი, ვინაიდან ოპიატებით შეფერხებული სუნთქვა შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს Covid-19-ით დავირუსების შემთხვევაში;
5) ჰეროინისა და სხვა ნარკოტიკების მწეველებმა უნდა იცოდნენ, რომ Covid-19 ინფექცია გაართულებს მოწევასა და ბოლის შესუნთქვას.
თუ არ შეგიძლია მოწევა და არც ინექციას იკეთებ, რჩება სამი შესაძლებლობა:
- a) შესუნთქვა – ფხვნილი ძალიან წვრილად დაფქვით და შეისუნთქეთ ნელა (შედეგი დადგება, არც ისე ძლიერი);
- b) ჰეროინი გახსენი ლიმონმჟავაში, მოათავსე შპრიცში (რა თქმა უნდა, არა ნემსით!) და შეისხი ცხვირში;
- c) გადაყლაპე – ეს ნიშნავს, რომ ჰეროინი ღვიძლის გავლით მიაღწევს ტვინამდე, რითაც მორფინის ეფექტს მივიღებთ – ეს სულ მცირე „ლომკას“ მოხსნის.
მედიკამენტებზე წვდომა უკვე შეფერხებულია. შესაძლებელია გადაიტვირთოს საავადმყოფოები და არ აღმოჩნდეს საკმაო რაოდენობის მედპერსონალი. არ არის გამორიცხული ნარკოტიკების მომხმარებელთათვის განკუთვნილი მომსახურებაც გარკვეული დროის განმავლობაში შეფერხდეს. შავი ბაზრის ნარკოტიკები შეიძლება დეფიციტური გახდეს, ვინაიდან ვირუსი დილერებსაც ეხებათ (მათი ბევრი ქცევა ზრდის კორონავირუსით დაინფიცირებისა და მისი გავრცელების რისკს). თუ კორონავირუსთან დაკავშირებული დღეს არსებული პროგნოზები გამართლდა, ძალიან მნიშვნელოვანი გახდება ამ რჩევების გათვალისწინება.