კინოცენტრი: რეორგანიზაციის გაპროტესტება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის, ნინო კირთაძის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კირთაძეს ტელეფონით დაუკავშირდა 11 ივლისს და აცნობა, რომ რეორგანიზაციის პროცესში იგეგმებოდა იმ პოზიციის გაუქმება, რომელზეც ის იყო დასაქმებული.

კინოცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ კირთაძე კინოცენტრში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, საერთაშორისო პროექტების მენეჯერად იყო დასაქმებული. „იგეგმებოდა ხსენებული შტატგარეშე პოზიციის გაუქმება და მისი გადატანა საშტატო ერთეულად, ახალშექმნილ საშტატო პოზიციაზე კი გამოცხადდებოდა ღია კონკურსი, რომელშიც მასაც[ნინო კირთაძეს] შეეძლებოდა მონაწილეობა”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

კინოცენტრის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ნინო კირთაძემ „ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის გაპროტესტება რეორგანიზაციის ერთთვიანი პერიოდის დასრულების ბოლო დღეს, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება და ეს მის თუნდაც დროებით გათავისუფლებას გამოიწვევდა”.

„აღნიშნულ რეალობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა ქალბატონმა ნინო კირთაძემ ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობის შეწყვეტა დემარშის სახით, მისი ზოგიერთი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად გადაწყვიტა.

ამის საპირისპიროდ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალბატონმა ნინომ ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის გაპროტესტება რეორგანიზაციის ერთთვიანი პერიოდის დასრულების ბოლო დღეს, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება და ეს მის თუნდაც დროებით გათავისუფლებას გამოიწვევდა. სავარაუდოდ, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ღია კონკურსის წესიც, რადგან თავად „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, ბატონი გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა დანიშნული.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ფაქტების დამახინჯებისა და სპეკულაციებისგან და მოერიდონ სიმართლის დამალვას”, – ვკითხულობთ კინოცენტრის განცხადებაში.

გუშინ, 15 ივლისს, რეჟისორმა, ნინო კირთაძემ „„ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ შეწყვიტა თანამშრომლობა საქართველოს კინოცენტრთან და ის ასევე ტოვებდა პოზიციებს ფონდ „ევრიმაჟსა“ და „ევროპული კინო პრომოუშენში“.

12 ივნისს კინოცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა. რეორგანიზაციის ფარგლებში, კინოცენტრმა შრომითი ხელშეკრულება 7 ადამიანს შუწყვიტა.

კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის და პროცესების პარალელურად, ხელოვანებმა არაერთი აქცია გამართეს. კინემატოგრაფისტები მიიჩნევენ, რომ რეორგანიზაცია და ის პროცესები, რომლებსაც თეა წულუკიანი ახორციელებს, ემსახურება ქართულ კინოში ცენზურის დამკვიდრებას. ისინი პროტესტს არ წყვეტენ.