წულუკიანმა აღიარა, რომ ის არის კინოცენტრის არაფორმალური მმართველი - ლევან აბდუშელიშვილი

პუბლიკა

კინოცენტრში რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული, ლევან აბდუშელიშვილი, რომელიც კინოცენტრის პროტესტის აქტიური მონაწილეა, „ფორმულასთან” ინტერვიუში წულუკიანის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

აბდუშელიშვილის თქმით, კულტურის მინისტრმა დაადასტურა, რომ „ის კინოცენტრის არაფორმალური მმართველია“, რადგან გადაწყვეტილებებს კინოცენტრში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, რეორგანიზაციაზე უნდა იღებდეს დამოუკიდებლად კინოცენტრის დირექტორი და არა კულტურის მინისტრი.

წულუკიანმა „იმედის“ ეთერში გუშინ, 13 ივლისს თქვა, რომ „რეორგანიზაცია კინოცენტრში უფრო ადრე უნდა დაეწყო”.

„გუშინ მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ რეორგანიზაცია აქამდეც უნდა დაეწყოთ ჩემს წინამორბედებსო და ახლა იყო ამის დროო. ეს უკვე არის ფაქტობრივი უზუსტობა, შეცდომა, იმიტომ, რომ კინოცენტრში რეორგანიზაციას აცხადებს კინოცენტრის დირექტორი და არა მინისტრი, ანუ მას თანამდებობრივად არ აქვს უფლება, რეორგანიზაცია გამოაცხადოს კინოცენტრში. ანუ თეა წულუკიანმა აღიარა, რომ ის არის არაფორმალური მმართველი კინოცენტრისა და მის მიერ დანიშნული ხუბუნაია არის მისი დავალებების შემსრულებელი და მას არ აქვს არანაირი გეგმა. ეს არის ფაქტობრივი უზუსტობა”, – განაცხადა „ფორმულასთან” ლევან აბდუშელიშვილმა.

ლევან აბდუშელიშვილი აცხადებს, რომ სამსახურიდან გასაუბრებისა და კვალიფიკაციის შემოწმების გარეშე გაათავისუფლეს. მისი თქმით, ყველა, ვინც რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს იყო ჩართული აქტიურად კინოცენტრის პროტესტში და დატოვეს ისინი, „რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილნი“.