ვისაც „სუხიშვილების“ ფეხმარდი კაცებისა და ქალების მოძრაობები, ილიკო სუხიშვილის გაბედული ქორეოგრაფია და ნინო სუხიშვილის დახვეწილი, პასტელური ფერებით შთაგონებული კოსტიუმები მოენატრა (ან დიდი ხანია არ უნახავს), შესაძლებლობა აქვს ეს დანაკლისი ივლის-აგვისტოში, თბილისის მახლობლად მდებარე ღია სცენა „თაკარაზე“ წარმოდგენილი კონცერტებით შეივსოს.
2021 წელს პანდემიის გამო შექმნილმა სირთულეებმა და მრავალთვიანმა კარანტინმა, ქართულ ნაციონალური ბალეტს ახალი იდეები უკარნახა: ნინო სუხიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა გადაწყვიტეს, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, ნაფეტვრების გზის განაპირას, ჩვენებები ღია სცენაზე – „თაკარაზე“ გაემართათ. სცენის რესტავრაცია საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. სწორედ იმ რთულ და „გაჩერებულ“ დროს ანსამბლმა ახალი პროგრამა წარმოადგინა.
„არტეფაქტები“- ასეთი არქაული თუ სამუზეუმო სახელწოდება შეურჩიეს მაშინ პროექტს, რომლითაც სუხიშვილებმა ზაფხულის დღეებით მოთენთილი მაყურებელი გამოაფხიზლეს, დამუხტეს და ფინალში – აღაფრთოვანეს კიდეც.
დაახლოებით 40-წუთიანი კომპოზიცია „არტეფაქტები“ ქართული ხალხური ცეკვის არქეტიპული (უძველესი, ან საყრდენი) ილეთების არქეოლოგიურ ძიებასა და იმპროვიზაციას წააგავდა. შესაბამისად, „თაკარა“ იმთავითვე ექსპერიმენტების, ქორეოგრაფიული ენის, ახლის ძიების სივრცედ იქცა.
გასულ წელს მაყურებელმა ექსპერიმენტული და კლასიკური ქორეოგრაფიული ნომრები ცალ-ცალკე განყოფილებად იხილა, ხოლო ის ნომრები, რომელსაც სუხიშვილები „თაკარას“ სცენაზე წარმოადგინეს, მოგვიანებით დიდ საკონცერტო სცენაზე, ანსამბლის რეპერტუარშიც დამკვიდრდა.
ასე რომ, 2023 წლის თაკარა ზაფხული „თაკარას“ სცენაზე ახალი აღმოჩენებისა და უკვე მიგნებულის ხელახალი გააზრების შესაძლებლობას ქმნის. უკვე ნაცნობი საკონცერტო ნომრები – „თამაში“, „ოტობაია“, „ორნამენტი“, „ცდო“, „ლაზური“ და ა.შ. სინამდვილეში „ქორეოგრაფიული სინტაქსის“ გამდიდრების კიდევ ერთი წარმატებული მცდელობაა. ილიკო სუხიშვილმა მანამდე დადგმული ეს ნომრები „თაკარას“ სცენას ისე მოარგო, რომ მათ ჩვენი დროის შესაფერისი რიტმი, ენერგია, სიახლე და ოდნავ საგრძნობი ირონიაც შესძინა. მაგრამ ეს არ მომხდარა, ვთქვათ, კლასიკურ სცენებს მორგებული ქორეოგრაფიული ენის გამარტივების, ან ტვირთად ქცეული წარსულის დავიწყება-ნიველირების ხარჯზე. უფრო პირიქით, „თაკარაზე“ წარმოდგენილ ცეკვებში ქორეონახაზი უფრო ხაზგასმული, ტეხილი და მკვეთრია, მოცეკვავეთა განწყობა – ირგვლივ შეფენილი მთების შესატყვისი და ამაღლებული, ტემპი და რიტმი – ზაფხულისათვის სიცხისათვის შეუსაბამოდ გამძაფრებული, ტექნიკა – თავისუფალი შეგრძნებებითა თუ დაუდევარი სიანცით გაჯერებული…
ცალკე აღწერას იმსახურებს „ქარაბშა“, რომელიც ილიკო სუხიშვილმა გასულ წელს შექმნა და რომელიც წელსაც „თაკარას“ რეპერტუარშია. შეიძლება ითქვას, რომ „ქარაბშა“ სუხიშვილების „ახალი დროის“ ქორეოგრაფიულ არქეტიპს ქმნის. დანაწევრებული, გართულებული და ტეხილი მოძრაობები (კაცები), ამასთან, რბილი, ოდნავ თავშეკავებული და ფაქიზად ეროტიკული ხაზები (ქალები) და ნინო სუხიშვილის კოსტიუმების აკვარელური გრადაცია, ნაფეტვრების მთებში მიმობნეული თუ დაკარგული, ჰარმონიის სცენაზე მობრუნებას ჰგავს. როცა ზუსტად ხვდებით, რომ ეს ცეკვაც დროში დაკარგული ეროვნული ენერგიის, მისი „პლასტიკური სხეულის“ და გაცოცხლების კიდევ ერთი მცდელობაა.
ეს ის შემთხვევაა, როცა ცეკვა თითქოს თქვენს თვალწინ იქსოვება და იცვლება, ტრადიციისა თუ ჯერ კიდევ მოუხელთებელი მოდერნის გათვალისწინებით. სუხიშვილებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი ყოველი პროექტი, არტისტული ძიება და გაბედულება ტრანსფორმირდება ქორეოგრაფიულ სიახლედ, რომელსაც თვით მოწინააღმდეგეებიც კი მოგვიანებით აღიარებენ. ეს გაბედულება, რისკი კი მოგვიანებით, ზოგადად ეროვნული კულტურისათვის მნიშვნელოვანი და ფასეული ხდება.
თანამედროვე „სუხიშვილებთან“ სტერეოტიპების ნგრევა და ახალი ქორეოგრაფიული იდეების შენება, საცეკვავო ენის გათავისუფლებასა და გათანამედროვებას ემსახურება. ათწლეულების წინ საბჭოთა იდეოლოგიისა და უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა შეძლეს, რომ ცეკვა თვალსა და ხელს შუა ტრადიციად ექციათ. და ახლაც, მათი შთამომავლობის შემოქმედებაში ფოლკლორმა სარისკო, თუმცა ბრწყინვალე ტრანსფორმაცია განიცადა.
მაყურებელს თავად შეუძლია, შეაფასოს ეს ტრანსფორმაცია „თაკარას“ სცენაზე; რამდენად მნიშვნელოვანია ფოლკლორული ძიების, თანამედროვე კოსტიუმებისა და თანამედროვე მუსიკის სინთეზი.
მოკლედ, ქართული ფოლკლორითა და ექსპერიმენტული ცეკვით შთაგონებულ მაყურებელს შეუძლია, იხილოს თაკარა ცეკვები „თაკარაზე“… მზის ჩასვლის შემდეგ.
SOLO Mastercard World Elite ბარათის მომხმარებელს სუხიშვილების კონცერტზე ბილეთების შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლია. კონცერტები 6 აგვისტომდე გაგრძელდება.