„როცა დედამ მითხრა, რომ მიდიოდა...“ - რა გავლენა აქვს მშობლების შრომით მიგრაციას შვილებზე

პუბლიკა

„როდესაც დედამ მითხრა, რომ მიდიოდა, ჩემთვის ეს შოკი იყო, მერე დეპრესიაც დამეწყო… თავიდან ყველას მიმართ ძალიან უხეში გავხდი. ყველაფერი მაღიზიანებდა. ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, არავისთან ურთიერთობა არ მინდოდა, ვტიროდი. ეს მდგომარეობა დამეწყო დედის წასვლიდან 2-3 დღეში და გასტანა 2 კვირას. შემდეგ ვიმუშავე საკუთარ თავზე და მამაც დამეხმარა. ნუ, დედაც, მაგრამ დედას ვერ ვეუბნებოდი, რადგან არ მინდოდა, ენერვიულა… დღემდე ჩემს ოთახში შევდივარ და ჩემს თავს ვეუბნები, რომ ისევ ჩემთვის არის წასული და მე უნდა შემიქმნას მომავალი, ამიტომ უნდა მოვითმინო“. (არასრულწლოვანი).

„[წასვლიდან] 6 თვის შემდეგ მომწერა [შვილმა], თვითმფრინავის კიბეზე რომ ადიოდი, მე ფეხებში ძალა გამომეცალა და კინაღამ ჩავიკეცეო, [შინ] ჩამოსვლამდე ვტიროდი და ვბღაოდიო. ახლა თქვენ მკითხავთ, ბავშვს ეს ემოცია როგორ ვერ შეამჩნიეო, მაგრამ ასეთი ბავშვია, მალავს თავის ემოციებს“. (საზღვარგარეთ მყოფი მშობელი).

„თავიდან იყო პერიოდი, განვიცდიდი. ვიყავი ბებიასთან და ბიცოლასთან, მაგრამ სიცარიელეს ვგრძნობდი, სიმარტოვეს ვგრძნობდი, შეგუების პერიოდი მქონდა. იყო რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლა, ჩავიკეტე რაღაც პატარა მონაკვეთით, ბევრს არ ვლაპარაკობდი… რამეს რომ მკითხავდნენ, ვპასუხობდი და ეგ იყო“. (არასრულწლოვანი).

„იყო მომენტები, რომ სიზმრად ნახულობდა, თითქოს მე მეუბნებოდა, მამიკო რომ მეხუტება, ისე ჩამეხუტეო. უთქვამს, რომ არაფერი აღარ უნდა, ოღონდ მამა მოვიდეს“. (ბავშვზე პასუხისმგებელი პირი).

2022 წელს ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ პროექტის – „უკეთესი მომავლისთვის“ – ფარგლებში იკვლია „მშობლების შრომითი მიგრაციის ზეგავლენა მათი არასრულწლოვანი შვილების აღზრდისა და განვითარების ფაქტორებზე“.

კვლევის მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ დასაქმების მიზნით მყოფი პირების ოჯახების, განსაკუთრებით – მათი არასრულწლოვანი შვილების, გამოწვევებისა და საჭიროებების შესწავლა.

კვლევის მიგნებები ეყრდნობა ჯგუფური და სიღრმისეული ინტერვიუებიდან, ასევე  ფოკუსჯგუფებიდან მიღებულ ინფორმაციას, რომლებშიც ჩართულნი იყვნენ არასრულწლოვანები, მზრუნველები, საზღვარგარეთ მყოფი მშობლები, სოციალური მუშაკები, საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები/მენეჯერები, პედაგოგები და აღმზრდელები.

კვლევის ანგარიშში მიმოხილულია ინფორმაცია ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საზღვარგარეთ დასაქმების გარემო პირობებსა და არსებულ სირთულეებზე, როგორც საზღვარგარეთ მყოფი მშობლების, ასევე არასრულწლოვანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებზე, არასრულწლოვანთა საგანმანათლებლო საჭიროებებზე და ა.შ.

მასალაში წარმოგიდგენთ იმ ძირითად მიგნებებს, რომლებიც უშუალოდ არასრულწლოვანთა საგანმანათლებლო საჭიროებებს შეეხება. უფრო კონკრეტულად კი იმას, თუ როგორია საზღვარგარეთ მყოფი პირების არასრულწლოვანი შვილების საგანმანათლებლო გამოწვევები, მათი აკადემიური შესაძლებლობები და საჭიროებები, რომლებიც ბავშვებს აქვთ განათლების მიღების პროცესში; ასევე, ფაქტორები, რომლებიც პოზიტიურ ან ნეგატიურ გავლენას ახდენენ მათ აკადემიურ მიღწევებზე.

როგორც კვლევის ანგარიშშია აღწერილი, შრომითი მიგრანტების შვილების ყოველდღიური ყოფა იცვლება. პირველ რიგში, მათ უწევთ იმ ახალ გარემოებასთან შეგუება, რომ რჩებიან რომელიმე ან ორივე მშობლის გარეშე, რაც, კვლევის შედეგების მიხედვით, მძიმედ აისახება არასრულწლოვნის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და ხშირად გარკვეული დისფუნქციის მაპროვოცირებელიც ხდება,-  „ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ქცევითი სირთულეები, მიდრეკილება დეპრესიისა და სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემისკენ.“

როგორც კვლევის ძირითად მიგნებებში ვკითხულობთ, საზღვარგარეთ დასაქმებული მშობლების უმეტესობისთვის პრიორიტეტულია შვილის განათლება, შესაბამისად, მათი მიზანია, მაქსიმალურად დააკმაყოფილონ არასრულწლოვანთა საგანმანათლებლო საჭიროებები. ეს მეტწილად უკავშირდება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას რეპეტიტორებთან, რაც ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯია.

რესპონდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნების ძირითადი საგანმანათლებლო გამოწვევა უკავშირდება იმ საგნებს, რომლებსაც ისინი აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კვლევის მონაწილეებისა მიიჩნევს, რომ რეპეტიტორთან მომზადების გარეშე საგამოცდო მასალა ვერ დაიძლევა და სასკოლო განათლება ამისთვის საკმარისი არ არის.

კვლევის მიგნებებში აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანი რესპონდენტების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა დამატებით ემზადება სამ ან მეტ საგანში. იქიდან გამომდინარე, რომ რეპეტიტორთან ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება დროის მნიშვნელოვან რესურსთან არის დაკავშირებული, არასრულწლოვანები ვეღარ ახერხებენ არათუ ამა თუ იმ წრეზე სიარულს, არამედ სკოლაში გაკვეთილებზე დასწრებასაც კი. კვლევის შედეგების მიხედვით, მე-12 კლასში მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლაში არ დადის, რაშიც მათ აქვთ სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების ძირითადი ნაწილის მხარდაჭერა.

„მომავალ წელს [ჩემი შვილი] უკვე აბიტურიენტი იქნება და ალბათ დაგვჭირდება მომზადება… ვერ ვენდობი მთლიანად… მომზადება დასჭირდება, რომელიც გამიჭირდება [მატერიალურად], აქედანვე ვიცი“. (საზღვარგარეთ მყოფი მშობელი).

„ალბათ დამატებითი მეცადინეობები ხელს შემიწყობდა, უკეთესი აკადემიური მოსწრება მქონოდა. ზოგადად, თუ ემზადები სკოლის პედაგოგთან და იხდი ფასს, ასეთ შემთხვევაში ბავშვები რჩებიან გაკვეთილის შემდეგ და მეცადინეობენ ასე, უფასოდ – არა. ზოგადად, მგონია, რომ შეუძლებელია, მხოლოდ სკოლის მეცადინეობით შეძლო უმაღლესში ჩაბარება“ (არასრულწლოვანი).

აქვე ვკითხულობთ, რომ არასრულწლოვანები სკოლაში მეტწილად დაინტერესებული არიან იმ საგნებით, რომლებიც მათ დასჭირდებათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. „შესაბამისად, სხვა საგნებში ნაკლებად მეცადინეობენ და მათი სწავლის ხარისხიც დაბალია“.

„არ დავდივარ სკოლაში იმის გამო, რომ მყავს მასწავლებლები [დამატებით]. ჩემი კლასელებიც არ დადიან, რა… და აქედან გამომდინარე, გაკვეთილები არ ტარდება. ასე რომ, მე-12 კლასი, ჩემი აზრით, უკვე დროის [უაზროდ] ხარჯვაა, აზრი არ აქვს“ (არასრულწლოვანი).

„ფაქტობრივად, არ დავდივართ [სკოლაში]. სკოლაში პრობლემა არ აქვთ. იციან, რომ იმ საგნებში ვემზადებით, რომლებიც გამოცდებზე გვჭირდება და ისე, ტყუილუბრალოდ არ ვაცდენთ“ (არასრულწლოვანი).

როგორც კვლევის ანგარიშშია აღწერილი რესპონდენტების თქმით, საზღვარგარეთ მყოფი მშობლები მეტ-ნაკლებად არიან ჩართული შვილების მიერ განათლების მიღების პროცესში. ისინი კომუნიკაციას ამყარებენ სკოლის პედაგოგებთან, ან ოჯახის წევრები აწვდიან ინფორმაციას არასრულწლოვანის აკადემიური მიღწევების შესახებ, „თუმცა რეალური მექანიზმები საიმისოდ, რომ მშობლებმა სასიკეთო გავლენა მოახდინონ შვილების მიერ განათლების მიღების პროცესზე, ან არ არსებობს, ან არაეფექტურია“.

„სულ ვარ ჩართული ბავშვის სკოლის ამბებში. მუდმივი კონტაქტი მაქვს პედაგოგებთან, დამრიგებელთან და მათგან ვიგებ ყველაფერს. მე-10 კლასშია [შვილი], თუ რამე არ გამოსდის, იცის, რომ მე დავეხმარები, მაგრამ ჯერ თავად უნდა სცადოს, ხოლო შემდეგ შალაშინს მე ვუკეთებ… „ჩონჩხი დამანახე და შემდეგ მე დაგეხმარები“, – ასე ვეუბნები ხოლმე“. (საზღვარგარეთ მყოფი მშობელი).

„[ამბებს] პედაგოგებისგან ვიგებ, ჩათი გვაქვს და ვადევნებ თვალ-ყურს, მაქვს კონტაქტი დამრიგებელთან და მასწავლებლებსაც ვეკონტაქტები ინტერნეტის საშუალებით“ (საზღვარგარეთ მყოფი მშობელი). „მე, სკოლის გარდა, დამატებით ვამზადებ [შვილებს], მაგალითად, მათემატიკაში, ისტორიაში, ინგლისურში, ქართულში… მუდმივად კონტაქტი მაქვს დამრიგებელთან, დირექტორთან, საგნის მასწავლებლებთანაც და იმ მასწავლებლებთან, რომლებთანაც დამატებით დადიან. თითქმის ყოველკვირეულად. ხან ვწერ, ხან ვესაუბრები“. (საზღვარგარეთ მყოფი მშობელი).

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სკოლისა და საბავშვო ბაღის წარმომადგენლების თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მშობლის საზღვარგარეთ დასაქმების ფაქტი არ გამხდარა ბულინგის მიზეზი, თუმცა თავად მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ მშობლების წასვლით გამოწვეული სტრესი მძიმედ აისახა მათი შვილების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, რომლის შედეგებიც თანატოლების მხრიდან მათი აბუჩად აგდების მაპროვოცირებელი გამხდარა.

კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა ისიც, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მიუთითებენ თავიანთ დაბალ კომპეტენციაზე, რაც ხელს უშლით, იმუშაონ მოწყვლად და სხვადასხვა დისფუნქციის მქონე მოსწავლეებთან. პრობლემის მოგვარების გზებად კი ესახებათ ტრენინგები ზემოაღნიშნულ თემაზე, ფსიქოლოგის ინსტიტუტის არსებობა საგანმანათლებლო დაწესებულებაში და წვდომა მრავალფეროვან რესურსებზე.

საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შეფასებები

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კვლევაში ჩართული ზოგადი და სკოლამდელი საფეხურის განათლების სფეროს წარმომადგენელთა უმეტესობა არ ფლობს სტატისტიკურ მონაცემებს, არ აწარმოებს აღრიცხვას, თუ რამდენი არასრულწლოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელთა მშობელიც საზღვარგარეთ არის დასაქმებული.

როგორც ანგარიშშია აღწერილი, ინტერვიუებში სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ მათ ჰყავთ ისეთი მოსწავლეები, „რომლებიც ხშირად გარკვეული მახასიათებლებით გამოირჩევიან თანაკლასელებისგან და ზოგჯერ ჩამორჩებიან სწავლაში“. ამას, კვლევის მონაწილეების აზრით, განაპირობებს „ბავშვის მზრუნველის ნაკლები ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესებში და კონტროლის მექანიზმების შესუსტება ოჯახის სხვა წევრების მხრიდან“.

როგორც აღმზრდელები ინტერვიუებში ამბობენ, შედარებით მცირე ასაკში მაგალითად, სკოლის დაწყებით საფეხურზე საზღვარგარეთ დასაქმებული მშობლების შვილები განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ აღმზრდელების/პედაგოგების მიმართ.  აღმზრდელების შეფასებით, ეს მანიშნებელია იმისა, რომ ბავშვებს აკლიათ ყურადღება და ცდილობენ, ეს დანაკლისი სხვადასხვანაირად შეივსონ. პედაგოგთა დაკვირვებით, ამ კატეგორიის ბავშვების ნაწილი გამოირჩევა მომატებული მგრძნობელობით, ემოციურობით, ნაწილი კი – აგრესიული ქცევით (ჩხუბი თანატოლებთან, კბენა და სხვ.).

როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, სკოლისა და ბაღის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ არ აქვთ მსგავსი მოწყვლადი კატეგორიის არასრულწლოვანებთან მუშაობის დიდი გამოცდილება და არც ინფორმაციას ფლობენ იმ სტრატეგიების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასწავლო პროცესში მათ აქტიურად ჩასართავად და გარემოში ინტეგრაციის გასაადვილებლად. და აქვე მიუთითებენ ტრენინგების საჭიროებაზე, რათა მეტი გაიგონ იმ სტრატეგიებისა და მეთოდოლოგიის შესახებ, რომლებსაც ისინი გამოიყენებენ მოსწავლეებთან/აღსაზრდელებთან მუშაობის პროცესში.

რა რეკომენდაციები აქვთ კვლევის ავტორებს

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კვლევის მიგნებები ადასტურებს, რომ მშობელთა შრომითი მიგრაცია არ წარმოადგენს მოკლევადიან ცხოვრებისეულ ეტაპს – მას აქვს გრძელვადიანი პერსპექტივა. ბავშვები მშობლისგან განცალკევებულად ცხოვრებით იღებენ სხვადასხვა სახის არასასურველ გამოცდილებას, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ღრმავდება.

სწორედ ამიტომ კვლევის ავტორთა რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღიაროს მშობლების შრომითი მიგრაცია ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს ერთ-ერთ გამოწვევად და ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე ეტაპობრივად აამოქმედოს მიზნობრივი მხარდამჭერი სისტემები ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის მიმართულებით. აქვე განმარტებულია, რომ მოცემული სისტემები გულისხმობს როგორც მშობლების გაძლიერების კომპონენტს (განათლება, დასაქმება, მშობლობის უნარ-ჩვევების გაძლიერება და სხვ.), ასევე, ბავშვიანი ოჯახებისთვის მიზნობრივი პროგრამების/მომსახურებების ამოქმედებას და მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. მოცემული სისტემების განვითარებას წინ უნდა უსწრებდეს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების შეფასება და მათი გათვალისწინებით ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის სტრატეგიის შემუშავება.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, სკოლამდელი განათლებისა და ზოგადი განათლების დაწესებულებების თანამშრომლები (აღმზრდელ-პედაგოგი, პედაგოგი) იცნობდნენ შრომით მიგრაციაში მყოფი მოქალაქეების არასრულწლოვანი შვილების სპეციფიკურ საჭიროებებს და ფლობდნენ მათთან მუშაობის მეთოდებს, რაც ხელს შეუწყობს საბავშვო ბაღის/სკოლის სივრცეში არასრულწლოვანებთან მიმართებით არასასურველი/რისკის შემცველი სიტუაციების  წარმოშობის პრევენციას, ხოლო მათი გამოვლენის შემთხვევაში – კონკრეტული შემთხვევების სწორად  მართვას პროცესში ჩართული სპეციალისტების მიერ.

ერთ-ერთი რეკომენდაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შრომითი მიგრანტი მშობლების შვილებზე ბულინგის განხორციელების ფაქტების პრევენციის მიზნით მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს უნდა ჩაუტარდეთ დამატებითი გადამზადება მსგავსი შემთხვევების პრევენციისა და მათი აღკვეთის სტრატეგიების შესახებ. ასევე, სასურველია, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაიგეგმოს და განხორციელდეს ბულინგის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დამრიგებლის კომპეტენციების გაძლიერება შრომით მიგრაციაში მყოფი ბავშვების კლასის სივრცეში მხარდაჭერისა და ჯგუფში მათი ინტეგრაციის მიმართულებით.