წინანდალში კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.
როდესაც 2019 წელს, წინანდლის ისტორიული სახლ–მუზეუმის მიმდებარე ღია სივრცეში, კლასიკური მუსიკის ფესტივალი ოფიციალურად დაარსდა, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკვე ხუთ წელიწადში (მითუმეტეს პანდემიური წლების სირთულეების გათვალისწინებით) წინანდალი ასე სწრაფად და „ალერგო ფურიოზოს“ ტემპით ჩაეწერებოდა ევროპული კლასიკური მუსიკალური ფესტივალების კონტექსტში.
უკვე პირველსავე წლებში, საერთაშორისო მნიშვნელობის კონცერტებით ფესტივალმა დაამტკიცა, რომ თავისი კულტურული, ტრადიციული და ეგზისტენციური ღირებულებებით საქართველო სწორედ ევროპული ღირებულებების ქვეყანაა. ჯერ კიდევ 2007 წელს Silk Road Group-მა ჭავჭავაძეების სახლ–მუზეუმისა და წინანდლის მამულის აღდგენა დაიწყო. მუზეუმის რესტავრაციის დასრულების შემდეგ, აღდგენილ და განახლებულ მამულში კლასიკური მუსიკის პირველი კონცერტები გაიმართა, რომელშიც სახელოვანი მევიოლინე, გიდონ კრემერი მონაწილეობდა.
2017 წელს წინანდლის მამულში უნიკალური ამფითეატრი აშენდა, რომელიც XIX საუკუნის თაღოვანი მარნების თავზეა განლაგებული. მარნების მდებარეობამ და არქიტექტურულმა აგებულებამ განაპირობა კიდეც ამფითეატრის თვითმყოფადი და უნიკალური აკუსტიკაც, რაც საფესტივალო ღია დარბაზის ერთ–ერთ გამორჩეული და მნიშვნელოვანი დეტალია.
2017 წლის 14 სექტემბერს გაიმართა მომავალი ფესტივალის ერთგვარი ინაუგურაცია: ამფითეტრის ახლადაშენებულ სცენაზე პირველად წარდგნენ მსმენელის წინაშე ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი, მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით. ეს კონცერტი 140 ქვეყანაში გადაიცემოდა, რითაც საერთაშორისო მუსიკალურმა სამყარომ (პირველ რიგში კლასიკური მუსიკა იგულისხმება) შეიტყო რომ საქართველოში, ქვეყნის ისტორიული და კულტურული „მეხსიერების წერტილში“ – წინანდალში, საფუძველი ჩაეყარა მუსიკალურ ფესტივალს, რომელიც რამდენიმე წელიწადში მთელი კავკასიის რეგიონის კულტურულ ცხოვრების ეპიცენტრად იქცა.
ფესტივალმა სახელოვნებო სამყაროში რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილით დაიმკვიდრა თავი. პირველ რიგში, ეს არის საერთაშორისო ვარსკვლავების – დირიჟორების, პიანისტების, მევიოლინეების კონცერტები თუ მასტერკალსები. ასევე ძალიან მომნიშვნელოვანია პან–კავკასიური ორკესტრის დაფუძნება. ეს არის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელმაც რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები გააერთიანა. ორკესტრის შექმნის იდეაც სწორედ ახალგაზრდა მუსიკოსების ერთიანობას და თანამშრომლობას გულისხმობს, რაც ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება. გასულ 2022 წელს, პანდემიის შემდეგ, პან–კავკასიური ორკესტრი კვლავ დაბრუნდა ფესტივალის პროგრამაში.
წინანდლის ფესტივალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია Silknet-ის პროექტის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი დააარსება. სწორედ ეს ფონდი უზრუნველყოფს, რომ წინანდალში ბინა დაიდო საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო ცენტრმა, რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები უერთდებიან. მუსიკოსებთან ერთად, წინანდალში ჩამოდიან ცნობილი მუსიკოსები და კონცერტმაისტერები ისეთი სახელოვნებო სივრცეებიდან, როგორებიც არის – მეტროპოლიტენის ოპერა, ინგლისის სამეფო ოპერა, ამსტერდამის Concertgebouw და ა.შ.
ფესტივალის დაწყებამდე ორი–სამი კვირით ადრე, წინანდალში ჩამოდიან უცხოელი პროფესორ–მასწავლებლები და იწყება პროგრამისათვის მზადება, ინტენსიური რეპეტიციები და მასტერკლასები. ამის შემდეგ კი ახალგაზრდულ ორკესტრს საფესტივალო სცენაზე ცნობილი მუსიკოსები უერთდებიან.
წლევანდელ, საიუბილეო მეხუთე ფესტივალზე პან–კავკასიურ ორკესტრში 70-ზე მეტი ახალგაზრდა მუსიკოსი დაუკრავს, რომლებიც შვიდ ქვეყანას წარმოადგენენ. 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით პან–კავკასიურ ორკესტრს მსოფლიოში ცნობილი დირიჟორები გაუძღვებიან: იტალიელი ჯანანდრეა ნოზედა (რომელიც ასევე წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორიცაა), ავსტრიელი მანფრედ ჰონეკი (პიტსბურგის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი), ახალგაზრდა და უკვე აღიარებული ავსტრიელი კრისტოფ კონცი, რომელიც დრეზდენის „შტაატსკაპელის“ დირიჟორია და ვატანგ კახიძე (თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი).
ფესტივალზე ასევე სოლისტების ვარსკვლავთცენაა: მსმენელმა ფესტივალის პირველ დღეებში უკვე მოისმინა იეფიმ ბრონფმანის შესრულებით შუმანის საფორტეპიანო კონცერტი (ლა მინორი, თხზ. 54), გამორჩეული პიანისტის, ბორის გილტბურგის ინტერპეტაციით რახმანინოვის საფორტეპიანო სონატა N2 და ცამეტი პრელუდია, ახალგაზრდა პიანისტის, ალექსანდრე მალოფეევის რახმანინოვის ციკლი. დიდი შთაბეჭილება მოახდინა 13 წლის ქართველი პიანისტის და კომპოზიტორის, ცოტნე ზედგინიძის გამოსვლამ ფესტივალის კამერულ დარბაზში, რომლის გამორჩეული ნიჭი, ინდივიდუალიზმი და მუსიკალური აზროვნება გაცილებით ცხადად, ზუსტად წარმოჩინდა საკუთარი ნაწარმოებების შესრულებისას, ვიდრე შუბერტის „ოთხი ექსპრომტის“ (ოპუსი, N90) დაკვრისას.
პუბლიკისათვის განსაკუთრებით მღელვარე და ემოციური აღმოჩნდა იაპონელი პიანისტის, ნობუიუკი ცუჯის მოსმენა, რადგან მუსიკოსი დაბადებით ბრმაა და ის მუსიკალურ ნაწარმოებებს სმენით სწავლობს და უკრავს. ბეთჰოვენის საფორტეპიანო სონატა N14 (დო დიეზ მინორი), გრიგის „ლირიკული პიესები“ და ლისტის „მოგზაურობის წლები“ და „ნუგეში“ – ასეთი რეპერტუარის ბოლომდე გათავისება და სრული ემოციური კონცენტრაცია ალბათ ძალიან რთულია. თუმცა პიანისტის ვნება, თავდავიწყება და კონკრეტულ მუსიკალურ ნაწარმოებთან შერწყმა იმდენად მომნუსხავია, რომ გავიწყდებათ კონცერტის „ჩვეულებრივობაც“ და მუსიკოსის წინაშე არსებული სირთულეებიც. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ცუჯიმ გაიმარჯვა ვან კლაიბერნის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე.
წინანდლის მუსიკალური ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მუსიკოსებითვის, რადგან მათ შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი ნიჭი მსმენელის წინაშე უფრო კარგად წარმოაჩინონ.
2 სექტემბერი რახმანინოვის „მუსიკალურ მარათონის“ დღე იყო, რომელიც დიდი ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნა. მთელი დღის განმავლობაში ოთხი კონცერტი გაიმართა, რომელზეც შესრულდა კომპოზიტორის კამერული, საორტეპიანო თუ ვოკალური ნაწარმოებები. ყველაზე ამაღელვებელი მაინც მარათონის ბოლოს, ღამის 10 საათზე, გიორგი გიგაშვილის მიერ შესრულებული ვარიაციები აღმოჩნდა რახმანინოვის თემებზე, რომელმაც სრულად წარმოაჩინა ახალგაზრდა პიანისტის გაბედული მუსიკალური აზროვნება და შესრულების ახალი, უჩვეულო მანერა… თუმცა ეს სხვა და ცალკე საუბრის თემაა.