წინანდლის მუსიკალური ფესტივალი – მზერა ახალი ტალანტებისკენ
წინანდლის მეხუთე, ასე ვთქვათ, მსუბუქად საიუბილეო ფესტივალს შთამბეჭდავი და მძიმეწონიანი ფინალი ჰქონდა – მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე საუკეთესო მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა პან-კავკასიურ ორკესტრთან ერთად, ბეთჰოვენის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები, სავიოლინო კონცერტი შეასრულა.
ორკესტრს ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ლონდონ-ციურიხ-ბერლინის ორკესტრებთან ნამუშევარი ავსტრიელი მუსიკოსი, ქრისტოფ კონცი დირიჟორობდა. კონცერტის მეორე ნაწილში კი რობერტ შუმანის სიმფონია N2 (C major, op.61) შესრულდა.
საფესტივალო პუბლიკა, რომლისთვისაც თავად მუსიკის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამდევი სოციალური თუ კულტურული შლეიფი (ბილეთების საკმაოდ მაღალი ფასი, ზოგადად ფესტივალის მისაწვდომობა, სარეპერტუარო პოლიტიკა და მისი პერსპექტივა, წინანდლის მამულში კონცერტებზე დასწრების შესაძლებლობა დ ა.შ.), ცხადია მუსიკის მიღმა შეკითხვებსაც ჩაუღრმავდება. თუმცა ათდღიანი, საამო მუსიკალური მარათონი, რომელიც „სილქნეტმა“ და „სილქ როუდ ჯგუფმა“ წელს მეხუთედ აჩუქა კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, ამ კითხვებს სულაც არ გამორიცხავს. პირიქით, თავად ფესტივალისა და „სილქ როუდ ჯგუფის“ დამაარსებელი, გიორგი რამიშვილი და ბორდის წევრები, ფესტივალს სწორედ ხარვეზების დაძლევის, განვითარებისა და პერსპექტივის თვალსაზრისით განიხილავენ.
წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი თანადამფუძნებლისა და ბორდის წევრის, დევიდ ბორგერის თქმით „მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ვერც გლობალურმა ვირუსმა და პანდემიამ, ვერც რეგიონულმა კონფლიქტებმა ვერ შეაჩერა ფესტივალის გაგრძელებისა და განვითარების სურვილი. კლასიკური მუსიკის მრავალი თაყვანისმცემელი, მათ შორის ბევრი უცხოელი, ჩამოდის ამ შესანიშნავ მამულში, რათა თანამედროვეობის საერთაშორისო ვარსკვლავებს მოუსმინოს. წელს მაყურებლის წინაშე ბევრი უცნობი ახალგაზრდა მუსიკოსი წარდგა (მათ შორის, ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდებიც), რისთვისაც მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს. ეს ახალი იდეის რეალობაში განხორციელების კარგი მაგალითია“.
2023 წელს შეიძლება ვუწოდოთ „მწერა ახალი ტალანტებისკენ“, რადგან წინანდალს ახალი თაობის მუსიკოსთა ჭრელი შემადგენლობა ეწვია.
„პუბლიკა“ უკვე წერდა 13 წლის ტალანტის, ცოტნე ზედგინიძის შესახებ, რომლის საშემსრულებლო და საკომპოზიციო ტალანტი პუბლიკამ სოლო კონცერტზე შეაფასა.
ლამის ფანტასტიკური იყო 22 წლის გიორგი გიგაშვილის ორი სოლო კონცერტი, რომელმაც ლისტის სონატა წარმოუდგენელი ტექნიკური, ჟღერადი და ბგერადი შესაძლებლობებით დაუკრა.
კამერული მუსიკის მგრძნობელობა და შარმი სრულად იგრძნობოდა ახალგაზრდა მუსიკოსების – მარკ ბუშკოვის (ვიოლინო), ზლატომირ ფანგის (ჩელო) და ბორის გილტბურგის (ფორტეპიანო) შესრულებაში, რომლებმაც რახმანინოვის „ელეგიური ტრიო“ წინანდლის მამულში შემორჩენილი რომანტიკული ატმოსფეროთი გაამდიდრეს.
არანაკლები შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა მევიოლინის, აუგუსტ ჰადელიხის მიერ შესრულებულმა ბეთჰოვენის რომანსმა ვიოლინოსა და ორკესტრისათვის. ასევე მასთან „შეამხანაგებულმა“ ამიჰაი გროშმა (ალტი), რომელთა დუეტი დიდ სცენაზე, მსმენელს მოცარტის „სიმფონია კონჩერტანტეს“ (მი ბემოლ მაჟორი) ხარისხიანი შესრულებით დაამახსოვრდა.
წლევანდელ საფესტივალო ჰიტად იქცა მსოფლიოში ცნობილი მევიოლინეს, დევიდ გარეტის სოლო კონცერტი, რომელმაც ე.წ. ლაითი კლასიკა თავისი საფირმო „ელექტრონული“ ვიოლინოს წყალობით ასობით მუსიკის მოყვარულთა მეხსიერებაში აღბეჭდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი „სტადიონის კლასიკა“ უფრო შოუს ელემენტებს შეიცავს და გარკვეული ტიპის პუბლიკაზეა გათვლილი.
ცალკე კონცერტზე შესრულდა ასევე დევიდ გარეტის საფორტეპიანო კონცერტი „მთელი სამყარო“, რომელიც 2023 წელს დაიწერა და პირველად მას სწორედ წინანდალში გაეცნო მსმენელი.
გარეტის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა.
წლევანდლის ფესტივალის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია პანკავკასიური ორკესტრის რეპერტუარის გაფართოება. ახალგაზრდულმა ორკესტრმა, რომელშიც კავკასიის რეგიონის (და წელს უკვე სხვადასხვა ქვეყნის) მუსიკოსები არიან გაერთიანებული, წელს ბრამსის, დვორჟაკის, შუმანის სიმფონიები შეასრულა, რომელსაც წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა.
პანკავკასიური ორკესტრი ახალგაზრდა მუსიკოსების ერთიანობის და თანამშრომლობას ნამდვილი მაგალითია, რაც ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება… და ეს ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია.
წინანდლის ფესტივალის დასრულების შემდეგ კლასიკური მუსიკის მოყვარულებმა ახალი და განსაკუთრებული ამბავი შეიტყვეს: მომავალ წელს, ფესტივალთან ერთად, წინანდლის მამული ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრს უმასპინძლებს.
ამჯერად საქართველოში ჩატარდება „ევროპაკონცერტი“, რომლითაც ყოველ წელს აღინიშნება ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის დაარსების დღე. მომავალ, 2024 წელს ბერლინის სიმფონიური ორკესტრი თავის დაბადების დღე სწორედ წინანდალში აღნიშნავს.
კლასიკური მუსიკის სამყაროში ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას თავის დროზე მასპინძლობდნენ პარიზი, ვენა, პრაღა, ბარსელონა და ევროპის სხვა ქალაქები.