14 წლის ნინის ჯერ კიბეზე ასვლა გაუჭირდა, სულ ქოშინებდა, შემდეგ კანზე ლაქები და გამონაყარი შენიშნა, დროთა განმავლობაში მოემატა თმიანობა, დაერღვა მენსტრუალური ციკლი, ცუდად ეძინა. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ სახლიდან გამოსვლა აღარ უნდოდა, არც მეგობრებთან ურთიერთობა, ძირითად დროს ეკრანთან ატარებდა. მისი წონა 120 კილოგრამს შეადგენდა. გამოხატული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა ნინის მშობლებისთვის შეშფოთების საფუძველი. ბავშვი ენდოკრინოლოგთან მიიყვანეს.
ასეთივეა 9 წლის გიგას ამბავიც. ის ექიმთან მისვლამდე 90 კილოგრამს იწონიდა, მოძრაობა უჭირდა, მალე იღლებოდა; კანზე მასაც გამონაყარი მოემატა; სიმაღლეში ზრდაც შეჩერდა, მისი წონა კი იმატებდა. განსაკუთრებით პანდემიის დროს სულ სახლში იყო და ძირითადად ტკბილეულს ჭამდა. მშობლებმა ფიზიკური დატვირთვის მიზნით მისი სპორტზე მიყვანა გადაწყვიტეს, თუმცა ჭიდაობიდან გამოსული სახლში მისვლამდე ხშირად ან ტკბილ გაზიან სასმელს სვამდა, ან ბურგერს ჭამდა. ასეთმა რეჟიმმა ჯანმრთელობის კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა.
***
„ჩვენთან ფიქრობენ, რომ თუ ბავშვი ცოტა დიდია ფიზიკურად, ის ჯანმრთელი და კარგად მოვლილია, რაც ძალიან მცდარია. ჭარბ წონასა და სიმსუქნეს ჯანმრთელობის სერიოზული, ქრონიკული გართულებები მოჰყვება. ამ დაავადებებთან გამკლავება კი ადამიანს შესაძლოა მთელი ცხოვრება მოუწიოს“, – ამბობს ბავშვთა ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2018-2020 წელს შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა, ევროპაში ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის გავრცელების მაჩვენებლები ბავშვებში ჯერ კიდევ მაღალია. საქართველოში ბავშვების 28%-ს აწუხებს ჭარბწონიანობა, სიმსუქნის ჩათვლით. ამავე ანგარიშში ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ყურადღება დაუთმონ ამ საკითხს და ეროვნულ დონეზე შეიმუშაონ ეფექტიანი პოლიტიკა, ბავშვებში სიმსუქნის მზარდი ტენდენციის შესამცირებლად.
რას ამბობენ ექიმები ბავშვების ჭარბი წონისა და სიმსუქნის მიზეზებზე
„ალბათ, არ დამიჯერებთ, ახლა რასაც გეტყვით, მაგრამ მე მყოლია პაციენტები, რომლებსაც ხილი საერთოდ არ ჰქონდათ გასინჯული, არც ბოსტნეული“, – გვეუბნება ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნატალია მოსულიშვილი.
როგორც ის გვიყვება, მშობლებს თითქოს ესმით, რა არის მათი შვილებისთვის საჭირო და სასარგებლო, მაგრამ ფაქტია, მასთან როცა მიჰყავთ ბავშვი, მას უკვე აქვს ჭარბი წონა, უჭირს მოძრაობა, ქოშინებს, ადვილად იღლება, სიმაღლეში ჩამორჩება, აწუხებს ოფლიანობა და ა.შ.
„ეს რაც შესამჩნევია მშობლებისთვის, თორემ მერე უკვე როცა ღრმად, ლაბორატორიულად ვიკვლევთ, იქ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა ამოდის, იგივე ინსულინ-რეზისტენტობა, მეტაბოლური დარღვევები, D ვიტამინის დეფიციტი და საერთოდ თითქმის ყველა ვიტამინის დეფიციტი,“ – ამბობს ნატალია მოსულიშვილი.
ბავშვთა სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის მთავარ მიზეზად ექიმები არაჯანსაღ კვებასა და ნაკლებ ფიზიკურ დატვირთვას ასახელებენ. ამას კი, თავის მხრივ, ოჯახების არასწორ კვებით კულტურასა და მშობლების არაინფორმირებულობას მიაწერენ.
ექიმები ხაზს უსვამენ, რომ დიდ ქალაქებში ბავშვები, ძირითადად, სწრაფი კვების ობიექტებში ან ქუჩაში ნაყიდ არაჯანსაღ საკვებს იღებენ. ასევე, ტკბილ გაზიან სასმელს მოიხმარენ დიდი რაოდენობით, წყალს – იშვიათად. რეგიონებსა და სოფლებში კი უფრო ცომეულის მოხმარებაა მაღალი. აქვე აღნიშნავენ, რომ მშობლები ხშირად ბავშვებს ტკბილეულით ახალისებენ, რაც ძალიან ცუდი პრაქტიკაა.
„მხოლოდ ჭამა არ ასუქებს ბავშვს, არამედ უჭმელობა – არანაირ ვიტამინს არ იღებენ, ყველაფრის დეფიციტია გამოხატული, რამ უნდა მოგვცეს ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება. რამ უნდა მოგვცეს მისი სტაბილურობა, ცომეულმა და ნახშირწყლებმა მხოლოდ?
მაგალითად, მშობელს შეიძლება მიაქვს ხილი სახლში ან ბოსტნეული და ამზადებს, მაგრამ თვითონ არ ჭამს. ბავშვს ბუნებრივია, გაუჩნდება პროტესტი, თუ რაღაც მავნეა, მაშინ ოჯახის სხვა წევრი რატომ ჭამს და მას სტაფილოს ჭამას რატომ სთხოვენ. ამიტომ, გენეტიკური თუ სხვა მიზეზების მიღმა, ბავშვების ჭარბი წონა, ძირითადად, ოჯახური არასრულფასოვანი კვების შედეგია “, – ამბობს ნატალია მოსულიშვილი.
ექიმები აღნიშნავენ, რომ არაჯანსაღ კვებასთან ერთად სიმსუქნის უმნიშვნელოვანესი რისკ-ფაქტორია ბავშვების უმოძრაობა და ეკრანებთან დიდი დროის გატარება, რაც პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა.
როგორც ბავშვთა ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე ამბობს, მაგალითად, ამერიკულ CDC -ის მკაფიოდ უწერია რეკომენდაციებში, რომ სკოლის ასაკის ბავშვი, სულ მცირე, ერთი საათი უნდა იყოს ყოველდღე ფიზიკურად დატვირთული და, მაქსიმუმ, 2 საათს უნდა ატარებდეს ყველანაირ ეკრანთან – იქნება ეს ტელეფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი თუ სხვა.
ექიმები მიუთითებენ, რომ ძილიც ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია და დარღვეული ძილის რეჟიმიც ასევე უკიდურესად აქტუალური გახდა პანდემიის შემდეგ. ყველა ბავშვს 9 საათი მაინც უნდა ეძინოს ღამის განმავლობაში მშვიდი ძილით.
„ეს ერთი, ჩახლართული და არასასიამოვნო სურათია, რაც გვაქვს. ჭარბი წონა და სიმსუქნე სერიოზული პრობლემაა და ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი გართულებები აქვს. ყველა ორგანოთა სისტემის კუთხით ხდება გართულება, იქნებ ღვიძლი, კუჭნაწლავი, ფილტვი, თავის ტვინი, ძვალსახსროვანი თუ გულსისხლძარღვთა სისტემები. განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ ასეთ ბავშვებს და მოზარდებს მაღალი წნევისა და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის“, – ამბობს ის.
არასწორი კვებითი პრაქტიკის ჯაჭვი
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ჯანმრთელობისა და ნუტრიციის სპეციალისტი თაკო უგულავა გვეუბნება, რომ ერთი კონკრეტული მიზეზი ბავშვებში ჭარბწონიანობის ზრდის ტენდენციისა არ არსებობს და ეს კომპლექსური საკითხია.
ის ამბობს, რომ საქმე არ არის მხოლოდ ჯანსაღი კვების ხელმისაწვდომობაზე, არამედ – ცოდნა-არცოდნაზე, რამდენად ესმით მშობლებს, რა არის ჯანსაღი კვება, რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი და რამდენად კავშირშია მათი შვილების ჯანმრთელობასთან.
თაკო უგულავა გვეუბნება, რომ ყველაფერი იწყება დაბადების პირველი წუთებიდან, თუ როგორ ვითარდება ბავშვის კვების პრაქტიკა.
„დაწყებული ძუძუთი კვებით, რომელსაც თავისი მეცნიერული მტკიცებულება აქვს, რომ ბავშვები, რომლებიც იკვებებიან და იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე იმის საწინდარია, რომ შემდგომ არ განვითარდეს ჭარბწონიანობა, სიმსუქნე, გულსისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი… ეს მოგონილი არ არის, ამას ნამდვილად მეცნიერული მტკიცებულება უმყარებს საფუძველს.
მერე უკვე მოდის პერიოდი, როდესაც ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს დამატებითი საკვები. მაგალითად, რომ ჩავხედოთ „მიქსის“ კვლევებს – 19%-ია ძუძუთი კვება და მერე კიდევ საოცრად დაბალია პროცენტი იმ ბავშვების, რომლებიც იღებენ ადეკვატურ დამატებით კვებას, ადეკვატური რაოდენობითა და შემადგენლობით. აქაც სადღაც 26%-ზე ვსაუბრობთ, ანუ მხოლოდ 26% იღებს დამატებით კვებას საჭირო ჯერადობით და საჭირო შემადგენლობით.
ასეთი კვებით მერე ბავშვი მიდის საბავშვო ბაღში. სხვათა შორის, ბაღთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ახლანდელი პროტოკოლების მიხედვით, ბაღის კვება, ალბათ, ყველაზე უფრო სრულყოფილია და დალაგებული მთელ ამ ჯაჭვში, მაგრამ ბუნებრივია, ის არ არის ყველა ბავშვისთვის“, – ამბობს თაკო უგულავა.
როგორც ის იხსენებს, როდესაც საბავშვო ბაღებში „იუნისეფის“ ჩართულობით, თანამედროვე რეკომენდაციებისა და გაიდლაინების მიხედვით მოხდა რევიზია და საუბარი იყო ბაღების მენიუში ნახშირწყლების შეზღუდვაზე, ამას მშობლების პროტესტი მოჰყვა.
„მათ ჰქონდათ საოცარი პროტესტი, რომ ჩვენ ბავშვებს წავართვით საყვარელი ნამცხვარი და კომპოტი. ეს ხომ იმაზე მიუთითებს, რომ მშობლებს საერთოდ არ ესმოდათ ამის სიკეთე“, – ამბობს ის.
საბავშვო ბაღის შემდეგ ბავშვი მიდის სკოლაში, სადაც ასევე რთული სიტუაციაა. როგორც თაკო უგულავა გვეუბნება, არავინ აკონტროლებს, რა იყიდება კაფეტერიებსა და ბუფეტებში, ასევე, არ არის დაცული ის რეგულაცია, რომ სკოლასთან ახლოს არ უნდა იყიდებოდეს ე.წ. ჯანქ ფუდი და ტკბილი, გაზიანი სასმელები. ბავშვისთვის ხელმისაწვდომია ყველანაირი არაჯანსაღი საკვები და რა თქმა უნდა, ის ამას ირჩევს. ამ ყველაფრის ფონზე კი სკოლაში და მის გარეთაც დაბალია ბავშვების ფიზიკური აქტივობა.
„მთელი ეს გზა – დაბადებიდან, როგორ მოვყვებით ბავშვს უკვე მოზარდობის პერიოდამდე, რა თქმა უნდა, სავსეა უზარმაზარი ჩავარდნებით და პრობლემებით. ამას არ უშველის ერთი კონკრეტული ასპექტის გამოსწორება. მაგალითად, დავიწყეთ სკოლაში კაფეტერიების მონიტორინგი, ეს არ იქნება საშველი. მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მიდგომა იყოს კომპლექსური. დაბადებიდან გამოვყვეთ, მივცეთ ახალგაზრდებს ცოდნა და დავეხმაროთ, რომ ეს ცოდნა გადავიტანოთ პრაქტიკაში“, – ამბობს თაკო უგულავა.
ის აქვე ხაზს უსვამს, რომ სკოლა მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ჯანსაღი კვების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით. მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ ეს გზა გაიარა და პრაქტიკამ აჩვენა, რომ სასურველია, ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყოს ნაბიჯ-ნაბიჯ ინფორმაციის მიწოდება და შემდეგ თვითონ ბავშვი ხდება ოჯახში კვების სტილის შემცვლელი.
რას გვეუბნება ციფრები?
„საქართველოში ბავშვთა ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის მაჩვენებელი საშუალოა ევროპის ქვეყნებს შორის და 28%-ს შეადგენს, თუმცა ამ სფეროში ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის არარსებობის პირობებში, ამ მაჩვენებელმა ადვილად შეიძლება მიიღოს მზარდი ხასიათი“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში.
საქართველოში ერთიანი, კონსოლიდირებული მონაცემები ბავშვებში ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის გავრცელების შესახებ არ არსებობს. გარკვეულ ტენდენციებზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა UNICEF-ის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა, რომლის ფარგლებში 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების ანთროპომეტრიული მონაცემებიცაა თავმოყრილი.
თუმცა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კვლევა, რომელმაც საქართველოში სკოლის ასაკის ბავშვთა შორის ჭარბი წონის პრევალენტობა შეისწავლა, ჯანმოს ბავშვთა სიმსუქნის კონტროლის ინიციატივის (COSI) ფარგლებში მომზადდა. კვლევა 2016-2017 წელს ჩატარდა და სულ 7 წლის ასაკის 3 375 მოსწავლე იყო ჩართული.
კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო შემდეგი ანთროპომეტრიული მონაცემები: მოსწავლის სიმაღლე, წონა და წელისა და ბარძაყის გარშემოწერილობა.
ოჯახის კითხვარი მოიცავდა ინფორმაციას მოსწავლეთა ფიზიკური აქტივობისა და კვების ჩვევების შესახებ.
სკოლის კითხვარის მონაცემები კი მოიცავდა ინფორმაციას სასწავლო კვირის განმავლობაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების რაოდენობასა და სპორტულ აქტივობებში დასწრების შესაძლებლობებს. ასევე, ინფორმაციას სკოლაში არსებულ საკვებსა და სასმელებზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და პროექტების შესახებ.
კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის პრევალენტობა საკმაოდ მაღალია 7 წლის ბავშვებში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ბავშვთა სიმსუქნე აღმოჩნდა სერიოზული პრობლემა საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ევროპის ქვეყნებში.
კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე მეორეკლასელი იყო მსუქანი ან ჭარბი წონის მქონე. ჯანმრთელობის შესაძლო რისკების გათვალისწინებით, მსუქანი და ჭარბი წონის მქონე ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვანია და შესაბამისად, შეშფოთების გარკვეულ მიზეზს წარმოადგენს.
კვლევის თანახმად, ჭარბი წონის ძირითადი მიზეზია არასწორი ფიზიკური ვარჯიშები, არაბალანსირებული კვება.
„დადებითია ის შედეგი, რომ სკოლების უმრავლესობა აძლევს შესაძლებლობას მეორე კლასის მოსწავლეებს, ისარგებლონ სპორტული დარბაზით, ტრენაჟორებითა და სათამაშო მოედნით.
თუმცა, ვერცერთი სკოლა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეებს უშაქრო რძის პროდუქტით, ბოსტნეულით და ხილით. უფრო მეტიც, ბევრი სკოლა აწვდის თავის მოსწავლეებს ტკბილეულს, შაქრიან სასმელებს და წვენებს, რაც ეწინააღმდეგება ჯანსაღ კვებას “, – ნათქვამია კვლევაში.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ჯანმრთელობისა და ნუტრიციის სპეციალისტი, თაკო უგულავა ამბობს, რომ სქესობრივ ჭრილს თუ შევხედავთ ამავე კვლევაში უფრო მეტად ეს პრობლემა დგას ბიჭებში.
„გოგოები რეგიონულ ჭრილში უკეთესად გამოიყურებიან, ვიდრე ბიჭები, მაგრამ მთლიანობაში ვადასტურებ, რომ ეს არის დიდი პრობლემა და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ქვეყანაში მექანიზმი და ინსტრუმენტი, რომ რუტინულად ამ პროცესებს ვაკვირდებოდეთ“, – ამბობს თაკო უგულავა.
ის აქვე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ამ პრობლემის მოგვარება იყოს პრიორიტეტი, ამაზე საუბრობდეს და მუშაობდეს ყველა, პირველადი ჯანდაცვის რგოლიდან და ოჯახის ექიმიდან დაწყებული.
სახელმწიფოს პოლიტიკა – რა ვიცით
ბავშვთა ექიმი-ენდოკრინოლოგები ამბობენ, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია პრობლემის უკეთესად იდენტიფიცირება, ბავშვებში ასაკობრივ ჭრილში ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის გავრცელებაზე დაკვირვება და შესაბამისი მონაცემების შეგროვება. საამისოდ კი საჭიროა ეროვნულ დონეზე ფართომასშტაბიანი კვლევის წარმოება.
„ქვეყანაში ერთიანი პოლიტიკა ამ პრობლემის გადასაჭრელად, რა თქმა უნდა, არ არსებობს, რაც ძალიან საჭიროა და აუცილებელი. ინდივიდუალურ დონეზე, მარტო ერთ ბავშვზე ამინდს ვერ შეცვლით. ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა. ჯანმრთელობის დაზიანება, რაც მოჰყვება სიმსუქნეს და ის რისკები, რაც ქრონიკულად მიჰყვებათ შემდეგ ამ ბავშვებს, განსაკუთრებით დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია, სახელმწიფოს გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე დაუჯდებოდა პრევენცია“, – ამბობს ექიმი ნინო ხელაძე.
ის იხსენებს ინგლისის მაგალითს, როდესაც რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში წამოიწყეს სპეციალური კამპანია ტელევიზიით და სხვადასხვა საშუალებით, რომ შეემცირებინათ ტკბილი, გაზიანი სასმელების ჭარბი მოხმარება და ჩაენაცვლებინათ ის რძის გამოყენებით. როგორც ამბობს, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამ კამპანიამ და დაახლოებით 11%-მდე შემცირდა სიმსუქნისა და ჭარბი წონის მატება.
ასევე, ბევრი ევროპული ქვეყანა ცდილობს, სახელმწიფო დონეზე წაახალისოს ფიზიკური აქტივობები, უფრო ხელმისაწვდომი გახადოს სავარჯიშო დარბაზები, მუდმივად აწარმოოს ცნობიერების ამაღლების კამპანია ჯანსაღი კვების სიკეთეზე და იზრუნოს არაჯანსაღი საკვების მოხმარების შემცირებაზე, განსაკუთრებით ბავშვებში.
საქართველოში მსგავსი კამპანიის გახსენება რთულია. უცნობია, ასევე, ამ რეალობის გათვალისწინებით როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა და მიდგომა. ხელმისაწვდომია მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე 2015 წელს დამტკიცებული ჭარბი წონისა და სიმსუქნის მართვის ზოგადი პროტოკოლი.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვებში ჭარბი წონისა და სიმსუქნის საკითხზე სასაუბროდ, თუმცა რამდენიმედღიანი კომუნიკაციის მიუხედავად, პასუხი ვერ მივიღეთ.