კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა სამინისტროში ხვალ არის დანიშნული - კულტურის სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო  კონსერვატორიასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. ამ განცხადებაში სამინისტრო არ პასუხობს კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს გუშინდელ მოთხოვნას მინისტრის ბრძანების გაუქმების შესახებ, რომლითაც შეჩერდა კონსერვატორიის რექტორის არჩევის პროცესი.

სამინისტროში ამბობენ, რომ კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა ხვალ, 29 სექტემბერს, 16 საათზეა დაგეგმილი.

„მივესალმებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს სურვილს, სამინისტროსთან ერთად იმსჯელოს იმ მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზზე, რომლითაც რექტორის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა.

როგორც გუშინდელ საჯარო განცხადებაში ითქვა, სამინისტრო მზად არის, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რათა კონსერვატორიამ უმოკლეს ვადაში შეძლოს რექტორის არჩევნების ჩატარება კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით.

ამ მიზნით კონსერვატორიის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა სამინისტროში დანიშნულია ხვალ. შეხვედრაზე ასევე მოწვეული იქნებიან ქართული მრავალხმიანობის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელები და სხვა წარმომადგენლები.

სამინისტროში შეხვედრას გაუძღვება მინისტრის მოადგილე და სამინისტროს საპარლამენტო მდივანი, ბატონი იოსებ ბაღათურია, რომელიც სხვებთან ერთად კურირებს სამართლებრივ საკითხებს და სამინისტროს წარმოადგენს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. შეხვედრას ასევე დაესწრება სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ბატონი გუგა მირიანაშვილი“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

ამავე განცხადებაში, სამინისტრო აღნიშნავს, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში „მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარე საარჩევნო პროცედურა შეწყდა“, რაც ნიშნავს, რომ რექტორის არჩევნები ცოტა ხნით გადაიდო. მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე გრძელდება.


გუშინ კონსერვატორიის აკადემიურმა საბჭომ კულტურის სამინისტროს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, გააუქმოს კონსერვატორიაში მიმდინარე არჩევნების შეჩერებაზე თავისივე დადგენილება.

„რექტორის არჩევნები გამოცხადდა და მიმდინარეობდა კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით და მისი დაცვით,“ – ნათქვამია კონსერვატორიის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც  აკადემიური საბჭოს 6 წევრი აწერს ხელს.