რამდენიმე დღის წინ ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში მთამსვლელთა ფესტივალი გაიმართა.
ქართული მთამსვლელობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ამ ფესტივალზე ექვსი ადამიანი დააჯილდოვეს, მათ შორის იყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. ეს ინფორმაცია კულტურის სამინისტრომ გაავრცელა.
ვინ არის ის ხუთი ადამიანი, ვინც ამ ფესტივალზე დააჯილდოვეს და კონკრეტულად, რა წვლილისთვის დაჯილდოვდა თეა წულუკიანი, ამის გასარკვევად „პუბლიკა“ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანების ფედერაციის პრეზიდენტს, ირაკლი ჟღენტს დაუკავშირდა.
„თეა წულუკიანს რაც შეეხება, ისე მოხდა, რომ მისი მინისტრობის დროს დაემთხვა ეს ასი წლისთავი. იცით, რომ სამინისტრო გვაფინანსებს მთლიანად. თუ სამინისტრო არ დაგვაფინანსებს, ქართულ ალპინიზმს ძალიან გაუჭირდება არსებობა, რადგან ჩვეულებრივი სპორტის სახეობა არ არის და სპონსორის მოძიება თუ ა.შ. რთულია.
თან გავითვალისწინეთ ისიც, რომ ქალბატონი თეა თვითონაც არ არის შორს ალპინიზმისგან, სამხრეთ აფრიკის უმაღლეს მწვერვალ კილიმანჯაროზეა ნამყოფი, ანუ ალპინიზმთან ნაზიარებია.
ასევე, ძალიან შეგვიწყო კულტურის სამინისტრომ ამ ღონისძიების ორგანიზებაში ხელი, ისევე, როგორც სხვა დროსაც გვიწყობს, ხოლმე. ამიტომ მადლობის ნიშნად ისე, რომ წინასწარ მასთანაც არ გვქონდა შეთანხმებული, ეს ჯილდო გადავეცით“, – გვეუბნება ირაკლი ჟღენტი.
მისივე თქმით, დაჯილდოებას ყველა არ ესწრებოდა, მათ შორის არც კულტურის მინისტრი. როგორც გვეუბნება, ეს იყო სიმბოლური, მადლობის ნიშანი ქართულ ალპინიზმში შეტანილი წვლილისთვის.
„დაჯილდოვდნენ ასევე: შოთა მირიანაშვილი და გივი ქართველიშვილი. ესენი არიან ვეტერანი მთამსვლელები, დაახლოებით 80 წელს გადაცილებული ადამიანები და უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი ქართულ ალპინიზმში. კიდევ იყვნენ: იგორ კაზალიკაშვილი, რომელიც არის ალპინიზმის მუზეუმის დირექტორი ყაზბეგში და ასევე 100 წლის წინ პირველად ამსვლელი ჯგუფის წევრის, იაგორ კაზალიკაშვილის პირდაპირი შთამომავალი; მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის წინა ხელმძღვანელები ავთანდილ ცინცაძე და საბა საბანაშვილი“, – ამბობს ირაკლი ჟღენტი.