ექთანმა „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას" შრომითი დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო

პუბლიკა

ექთანმა, ნინო კვაჭაძემ „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას” შრომითი დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო, – ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელი” ავრცელებს.

სასამართლომ „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას“ ექთნის სამსახურში აღდგენა და მისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა.

30-წლიანი სტაჟის მქონე ექთანი, ნინო კვაჭაძე „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ 2022 წლის ივნისის თვეში ის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან რატიანმა უკანონოდ და უსამართლოდ გაათავისუფლა, რადგან დასაქმებული უკეთეს შრომის პირობებს ითხოვდა. მი­სი­ვე თქმით, კლი­ნი­კა­ში სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ირ­ღვე­ო­და, რა­საც ექთა­ნი მუდ­მი­ვად აპ­რო­ტეს­ტებ­და.

ექთნის თქმით, სამედიცინო დარღვევებთან ერთად, ის ხშირად საუბრობდა ხელფასების მომატების საკითხზეც. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ყველაფერი ერთად, გახდა მიზეზი, რის გამოც, ლევან რატიანმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

„ბოლო წლებში კიდევ დაემატა ის, რომ გავწევრიანდი პროფკავშირებში და ასეთ უხეშ სამედიცინო დარღვევებთან ერთად, ხმა ამოვიღე დაბალ ხელფასზეც. ანაზღაურება კარდიო-ინტენსიურში იყო 470 ლარი. ეს იყო ყველაზე მაღალი ხელფასი. ამ ყველაფრის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან.

გარდა ამისა, კარდიო-ინტენსიურ განყოფილებაში მე უნდა მყავდეს 3-4 პაციენტი, მაგრამ ვემსახურები 10-12 პაციენტს, რაც ყოვლად დაუშვებელია.  ფიზიკურადაც შეუძლებელია და ასევე, საზიანოა არამარტო ჩემთვის და, ზოგადად, მედპერსონალისთვის, არამედ თვითონ პაციენტისთვისაც. როგორ შეიძლება ის ენერგია, რაც 3-4 პაციენტს უნდა მოხმარდეს, გადანაწილდეს 10-12 პაციენტზე“, – ამბობს ნინო კვაჭაძე.

ექთნის ინფორმაციით, ერთ-ერთი მორიგეობის დროს, მასთან ლევან რატიანი მივიდა და უთხრა, რომ ახსნა-განმარტებითი ბარათი დაეწერა, რატომ ეძინა ინტენსიურ განყოფილებაში. როგორც ნინო კვაჭაძე ამბობს, ამ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„გამორიცხულია, რომ ვინმეს ეძინოს ინტენსიურში. ამას გარდა, თუ ექთანი დაღლილია, მას აქვს უფლება შევიდეს მოსასვენებელ ოთახში და მოისვენოს, თან ამ დროს ერთი ექთანი კი არ არის, ორია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ რატიანს უნდოდა ჩემი მოცილება. მე ვიყავი ის ექთანი, რომელიც ვაპროტესტებდი იმ უსამართლობას, რომელიც კლინიკაში ხდებოდა“, – აცხადებს კვაჭაძე.

როგორც ნინო კვაჭაძე ამბობს, სამსახურიდან გათავისუფლების მთავარი არგუმენტი მისი მხრიდან „შინაგანაწესის დარღვევა იყო, რომელიც საერთოდ არ არსებობდა“. შეკითხვაზე, აპირებს თუ არა კლინიკაში დაბრუნებას სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ექთანი ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

„პუბლიკა“ აღნიშნულთან დაკავშირებით „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურ დირექტორს, ლევან რატიანს დაუკავშირდა. რატიანი ბრალდებებს უარყოფს. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, ის ამბობს, რომ „ჯერ გადაწყვეტილება არ მოსულა, არაფერი არ მიგვიღია, როცა მოვა, ვნახოთ მერე“.


„პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ“ 2020 წლის 28 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია მიზეზებზე, რის გამოც ნინო კვაჭაძე სამსახურიდან გათავისუფლდა.

როგორც კლინიკის განცხადებაში იყო განმარტებული, „ექთანი ნინო კვაჭაძე პაციენტებისადმი გამოირჩეოდა უხეში, უტაქტო და გულგრილი დამოკიდებულებით, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იგი დროულად არ ასრულებდა ექიმის მითითებებს პაციენტის კვების, ჰიგიენური ნორმებისა და სანიტარიული ნორმების დაცვის შესახებ. რაც მთავარია, არ ასრულებდა ექიმის მითითებას და არ აძლევდა მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებს, რაც ცალსახად მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე და არშესრულებამ შესაძლოა, პაციენტის მდგომარეობის დამძიმება და შესაძლო სიკვდილიც კი გამოიწვიოს“, – წერია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „ნინო კვაჭაძე სისტემატურად აგვიანებდა სამსახურში ან დროზე ადრე ტოვებდა კლინიკას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის შესახებ შესაბამისი სიტყვიერი თუ სხვა სახის გაფრთხილება მას რამდენჯერმე მიეცა“.

კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი კი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებამდე ამბობდა, რომ ნებისმიერი მედპერსონალი, რომელიც პაციენტის უსაფრთხოებას დაარღვევს, მის გუნდში აღარ იქნებოდა.