ბრიტანეთის მთავრობა მესამე ქვეყნებში გადამუშავებულ რუსულ ნავთობზე სანქციებს ამსუბუქებს

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეამსუბუქა სანქციები იმ რუსულ ნავთობზე, რომლებიც მესამე ქვეყნებში გადამუშავდება დიზელად და საავიაციო საწვავად.

გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან, 20 მაისიდან შედის.

გარკვეული სანქციები ასევე მოიხსნა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტრანსპორტირებაზეც.

მიზეზი ფასების ზრდაა, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანში ომის დაწყების შემდეგ ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ განაპირობა.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ზოგადი სანქციები უფრო გამკაცრდა, თუმცა საჭირო გახდა გარკვეული მოქნილობა.

ჰორმუზის სრუტე, რომელსაც ჩრდილოეთიდან ირანი, ხოლო სამხრეთიდან ომანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ესაზღვრება, სპარსეთის ყურეს არაბეთის ზღვასთან აკავშირებს.

აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) შეფასებით, 2025 წელს ჰორმუზის სრუტეში დღეში საშუალოდ 20 მილიონი ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტი გადიოდა. ეს წელიწადში დაახლოებით 600 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგოვაჭრობას უდრის.

ამ სრუტით ხდება ნავთობის გადაზიდვა არა მხოლოდ ირანიდან, არამედ ყურის სხვა ქვეყნებიდანაც, როგორებიცაა: ერაყი, ქუვეითი, კატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

თუმცა, უკვე რამდენიმე კვირაა, ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ჩაკეტილია და მხოლოდ ირანული საწვავის გატარება ხდება.

შედეგად, ირანში ომის დაწყების შემდეგ ევროპაში საავიაციო საწვავის ფასი ორჯერ გაიზარდა, თუმცა ამჟამად თავდაპირველ ნიშნულზე დაახლოებით ნახევარჯერ მაღალია, ხოლო გაერთიანებული სამეფოს ავტოგასამართ სადგურებზე ფასები კვლავ მზარდია.

ავტომოყვარულთა ორგანიზაცია RAC-ის თანახმად, ორშაბათს ბენზინის საშუალო ფასმა ლიტრზე 158.52 პენსს მიაღწია, რაც ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გაერთიანებულ სამეფოსა და მთელ მსოფლიოში მოქმედმა რამდენიმე ავიაკომპანიამ საავიაციო საწვავის ფასების საპასუხოდ ავიარეისები გააუქმა და ბილეთები გააძვირა.

წლების განმავლობაში გაერთიანებული სამეფო ლიდერობდა საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში ომის გამო რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას ითვალისწინებდა.

19 მაისს ქვეყანამ ხელი მოაწერა „დიდი შვიდეულის“ (G7) განცხადებას, რომლითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი „ურყევი ერთგულება“ რუსეთისთვის „მძიმე საფასურის“ დაკისრებისადმი.

გასული წლის ოქტომბერში რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გეგმავდა იმ ნავთობპროდუქტების, მათ შორის დიზელისა და საავიაციო საწვავის იმპორტის აკრძალვას, რომლებიც მესამე ქვეყნებში რუსული ნედლი ნავთობისგან იყო გადამუშავებული.

სანქციების შემსუბუქება ფაქტობრივად დაუშვებს საავიაციო საწვავის იმპორტს ინდოეთიდან, რომელიც მანამდე გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის მთავარი მომწოდებელი იყო. რუსული ნედლი ნავთობის დიდი ნაწილი თურქეთშიც გადამუშავდება.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქცირებული გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ახალი წესები „განუსაზღვრელი ვადით“ იმოქმედებს, თუმცა ისინი პერიოდულად გადაიხედება და შესაძლოა შეიცვალოს ან გაუქმდეს.

გაერთიანებულმა სამეფომ ასევე გამოსცა დროში შეზღუდული ლიცენზია რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ფარგლებში, რომლებიც ეხება თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) საზღვაო ტრანსპორტირებასა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს და ძალაში იქნება 1 იანვრამდე.

თუმცა, დუბაიში ბაზირებული ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია Qamar Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რობინ მილსმა, BBC-ის ეთერში თქვა, რომ სანქციების საკითხში უკან დახევა არ იყო სწორი ნაბიჯი და ეს გაერთიანებულ სამეფოში ფასებს ვერ დასწევს.

„ეს ნეგატიური სიგნალია, რომელიც აჩვენებს, რომ სპარსეთის ყურეში არსებული კრიზისის გამო რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები შესაძლოა, შესუსტდეს და რომ სხვადასხვა პრობლემების გამო, ქვეყნები, მათ შორის გაერთიანებული სამეფო და აშშ, სანქციების საკითხში დათმობაზე წავლენ“, – თქვა მან.

მან ასევე დასძინა, რომ ეჭვი ეპარება, საავიაციო საწვავის „ფიზიკური დეფიციტის რეალური საფრთხე ოდესმე საერთოდ არსებულიყო“.