Kyiv Independent: რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ქიმიურ საწარმოს უკრაინულმა დრონებმა ერთ კვირაში მეორედ დაარტყეს

პუბლიკა

გამოცემა Kyiv Independent რუსული მედიის ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით წერს, უკრაინულმა დრონებმა, 20 მაისს, ღამით ერთდროულად დაარტყეს როგორც რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ისე ქიმიური წარმოების ობიექტს, რაც ამ კვირაში მეორე თავდასხმაა.

ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოს მცხოვრებთა თქმით, დილით ადრე დაინახეს დრონები, რომლებიც „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგანოსინთეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უახლოვდებოდნენ, რასაც მოჰყვა ცნობები აფეთქებების შესახებ.

 „უკრაინული დრონებით რეგიონზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქარხნიდან ამომავალი კვამლი ჩანდა” – იტყობინებოდა დამოუკიდებელი რუსული ტელეგრამ-მედიაარხი ASTRA.

როგორც გამოცემა წერს, ქარხნიდან ამომავალი ცეცხლი ჩანდა 18 მაისსაც, უკრაინის მხრიდან ამ კვირაში პირველი თავდასხმის შემდეგაც. მაშინ უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ეს ქარხანა „რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა“, რომლის გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. უკრაინელი სამხედროების თანახმად, ობიექტი აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს და საავიაციო საწვავს, რომლებიც „გამოიყენება რუსეთის საოკუპაციო ძალების საჭიროებების მხარდასაჭერად“.

ნევინომისკის მერმა მიხაილ მინენკოვმა შეტევის დროს ქალაქის თავზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ განაცხადა. რუსული ტელეგრამ-არხების თანახმად, ადგილობრივი მცხოვრებლები ღამით ქალაქში აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ იუწყებოდნენ.

სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა კი ტელეგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს დრონებით განხორციელებული თავდასხმა, რომელიც ნევინომისკში დაუკონკრეტებელ „სამრეწველო ზონაზე“ იყო მიმართული და რომ დაზიანება არ დაფიქსირებულა. თუმცა გამოცემა Kyiv Independent ვერ ადასტურებს რუსი ოფიციალური პირების განცხადებებს. როგორც მედია წერს, „ნევინომისკ აზოტი“ სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა სამიზნე, ბოლო დროს, 16 მაისის დარტყმის დროს.  

ქარხანაზე წინა თავდასხმები ასევე დაფიქსირდა 2026 წლის მარტსა და იანვარში, ასევე არაერთხელ 2025 წელს. ბოლო, სავარაუდო, თავდასხმა აღნიშნავს სულ მცირე მეშვიდე შემთხვევას, როდესაც უკრაინამ ობიექტი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ სამიზნედ აქცია.