შოლცი გერმანიაში არალეგალური მიგრაციის შეზღუდვისთვის ახალი ზომების მიღებას გეგმავს

პუბლიკა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ გერმანიაში არალეგალური მიგრაციის შეზღუდვას ღონისძიებების პაკეტის მეშვეობით გეგმავს. მათ შორის კანცლერმა დაასახელა ის, რომ მოლდოვა და საქართველო უსაფრთხო ქვეყნებად ცნეს.

„შპიგელთან“ ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა ისაუბრა ვიზიტზე ისრაელში, ისრაელი-ჰამასის ომზე, ასევე გერმანიაში საპროტესტო გამოსვლებზე და გამოხატვის სხვადასხვა ფორმაზე.

„შპიგელის“ შეკითხვები შეეხებოდა გერმანიაში ანტისემიტურ გამოსვლებს და როგორ აპირებს ქვეყანა, შეეწინააღმდეგოს ამას. საკითხი შეეხო არაბული ფესვების ადამიანებს და გერმანიაში მიგრაციის პრობლემას.

სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა ოლაფ შოლცმა არალეგალური მიგრაციის კონტროლზე.

„ერთი მხრივ, ხდება სამუშაო ძალის იმიგრირება, რომელიც გვჭირდება. არიან ისინიც, ვინც თავშესაფარს ეძებენ, რადგან ისინი პოლიტიკური დევნის სამიზნე არიან. მეორე მხრივ კი, ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვინც არ მიეკუთვნებიან ამ რომელიმე ჯგუფს, დარჩენას ვერ შეძლებენ. სწორედ ამიტომ ვზღუდავთ უკანონო მიგრაციას გერმანიაში. ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის.

[ამის გაკეთებას ვაპირებთ] ზომების ახალი პაკეტის საშუალებით. ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებს მივაკუთვნებთ. ორივე მათგანს ევროკავშირის წევრობა სურს, ამიტომაც მიზანშეწონილი არ არის, ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება. ჩვენ ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა ნაკლებმა შეძლოს ევროპაში შემოსვლა. ჩვენ ევროკავშირში შევთანხმდით ახალ სოლიდარობის მექანიზმზე – ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველივე ქვეყანაში, რომელშიც შევლენ გერმანიაში გაშვების ნაცვლად. სანაცვლოდ, ისინი სამართლიანად გადანაწილდებიან მთელ ევროპაში. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო თვეებში ევროპარლამენი დაამტკიცებს ამ მექანიზმს“. – განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, უნდა შემცირდეს გერმანიაში დარჩენისთვის სტიმული, ასევე მალევე უნდა დეპორტირდნენ ადამიანები, ვინც ვერ დაადასტურებენ გერმანიაში დარჩენის აუცილებლობას.

„გვსურს, შევამციროთ აქ უკანონოდ დარჩენისთვის სტიმული. თუ გერმანიის ფედერალურ მიწებზე განაცხადებენ, რომ მათ სურთ თანხის სანაცვლოდ სოციალური დახმარების ნატურალური სახით გაწევა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. თუ მათ სურთ სადებეტო ბარათების შემოღება თავშესაფრის მაძიებლებისთვის (ნაღდი ფულის ნაცვლად, რომელსაც სახლში რიცხავენ ან კონტრაბანდისტებს უხდიან), ჩვენ ამასაც მხარს დავუჭერთ. მეტიც, სწორად მივიჩნევთ თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზოგადოებრივი მომსახურების სერვისების გახსნას.

ისინი, ვისაც გერმანიაში დარჩენის ნებართვას სავარაუდოდ არ მიანიჭებენ, რადგან არ ან ვერ დაადასტურებენ დაცვის საჭიროებას, უნდა დაბრუნდნენ. ამის რეალიზაციისთვის, ჩვენი სახელმწიფო ორგანოები ხელმისაწვდომი უნდა იყვნენ უწყვეტად, რათა ის პირი, რომელსაც ფედერალური პოლიცია დააპატიმრებს, რეალურად დეპორტირებულ იქნას”. – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერის თქმით, უნდა გაგრძელდეს საიმიგრაციო ოფისისი გაციფრულება, რათა პროცედურები დაჩქარდეს და თავშესაფრის მინიჭებაზე განცხადებები და პირველადი გასაუბრებები მიღების პუნქტებშივე ხორციელდებოდეს.

„ზოგიერთ მიწაზე, დეპორტაციის საქმეებზე პირველადი დადგენილებები ოთხი თვის შემდეგ მოდის, სხვაგან კი, ამას 39 თვე სჭირდება. ეს დაუშვებელია. ჩვენ უფრო ხშირად და სწრაფად უნდა განვახორცილოთ დეპორტაციები“.  – განაცხადა ოლაფ შოლცმა.