მოსკოვის საავადმყოფოში 79 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი პნევმონია იყო. მასთან ერთად გარდაცვლილს სხვა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის, დიაბეტიც ჰქონდა.
რუსეთის ოფიციალური პირების მტკიცებით, დაღუპულ პაციენტთან შემხებლობაში მყოფი პირების წრე დადგენილია და სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ არიან.
რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 147 შემთხვევაა დაფიქსირებული. რუსეთმა 18 მარტიდან 1 მაისამდე ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლა აკრძალა და 50 ადამიანზე მეტი რაოდენობით თავყრილობები აკრძალა.
საქართველომ კი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოსვლის შეზღუდვაზე მკაცრი ზომების მიღება 14 მარტს დაიწყო, აზერბაიჯანსა და სომხეთთან მიმოსვლის შეჩერებით. რუსეთთან კი 18 მარტს შეაჩერა, მას შემდეგ, რაც, პრემიერის განკარგულებით, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოსვლა აიკრძალა ყველა ქვეყნიდან.