მიტროპოლიტ იობის გინების გამო ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

მიტროპოლიტ იობის გინების გამო სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

შსს ლაშა ნაცვლიშვილს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ედავებოდა. სადავოდ იყო გამხდარი პოსტი, რომელშიც ნაცვლიშვილი მიტროპოლიტ იობს აგინებს რუსულ ენაზე, მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტმა „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა.

პროცესს არც ლაშა ნაცვლიშვილი ესწრებოდა და არც მისი წარმომადგენელი.

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა 10 ნოემბერს ქადაგებისას ხელისუფლების მიერ ეკლესიის დაფინანსების პრაქტიკა გააკრიტიკა, რადგან ამის შედეგად, მიტროპოლიტის თქმით, სასულიერო პირების დიდი ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ ხმას ვეღარ იმაღლებს.

„ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიურია. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს – გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქმნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმინდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ“, – თქვა მიტროპოლიტმა.

ის სუსის კრებსებსაც შეეხო და თქვა, რომ კრებსების გასაჯაროება ბიძინა ივანიშვილის მიერ პატრიარქზე გაკეთებულ კომენტარს მოჰყვა.

ამ განცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტმა, ლაშა ნაცვლიშვილმა მიტროპოლიტ იობს სოციალურ ქსელში რუსულ ენაზე აგინა.

ნაცვლიშვილი 2018–2021 წლებში მუშაობდა პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ კონსულტანტად საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. 2017 წელს წელს დააფუძნა POSTV, 2012 წელს მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, შემდეგ კი საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ.

„ლაშა ნაცვლიშვილს პარტიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. თავის დროზე სერიოზული როლიც ჰქონდა, თუმცა დღეს არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, ამასთან დაკავშირებით წარმოება დაწყებულია, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დღეს ირაკლი კობახიძემ.