პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის და მან ზუსტად იცის, ვინც არიან ეს ოჯახები. ამის შესახებ მან მოქალაქეებთან შეხვედრისას ისაუბრა. ვიდეოჩანაწერი კი, რომელიც გავრცელდა, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა დამსწრემ გადაიღო.
„…ეს ხალხი მერე ამ თანამდებობასაც ეჩვევა, ფულის მოპარვასაც ეჩვევა, დაუსჯელობასაც ეჩვევა და მერე ერთ დღეს იმდენს მოიპარავს, ეშინია, ის აქვს დასაცავი უკვე… რომ ამბობენ, გამოვიდეს გახარია და კითხვებს უპასუხოსო, კითხვები აწი იქნება, კაცო – ვის რამდენი აქვს წაღებული, ვის რამდენი აქვს მოპარული…
გამოდიან ხოლმე და ამბობენ, რომ აი ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, მართლა იზრდება, ახლა რის ხარჯზე იზრდება, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის, სულ ზეპირად ვიცი ვისი. ზუსტად ვიცი ვისი… აი, ის რაც იზრდება, იმიტომ არის, რომ ვიღაცა ძალიან მდიდრდება, ვიღაცა გარბის ქვეყნიდან.
ვერაფერს ვერ დამაბრალებენ და ვერაფერს ვერ მიზამენ, რადგან საქმის კეთების მეტი არაფერი არ გამიკეთებია და სახლში არაფერი არ წამიღია. ამათ სახლში იმდენი აქვთ წაღებული, რომ მთელი დიდი პრობლემა ახლა ის იქნება, ეს როგორ დაიცვან – თან ეშინიათ არ დამიჭირონო, თან რაც მოიპარეს იმის შენარჩუნება უნდათ“, – თქვა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2017 წლიდან 2019 წლამდე. „გავრილოვის ღამის“, 2019 წლის ივლისის საპროტესტო აქციების შემდეგ ის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. 2021 წლის 18 თებერვალს ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. ამის შემდეგ კი მან პარტია „საქართველოსთვის“ შექმნა.