პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი და „ოცნების”დეპუტატი შოთა ხაბარელი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებას მოჰყვა, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, თუ სპორტის დიდ ოჯახში რაიმე პრობლემა წარმოიშობა, სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა სწორი არ არის.
„ერთი ამბავია ატეხილი ამ ფედერაციასთან დაკავშირებით. მინდა, გავახსენო ყველას, ვინც ამ არასასიამოვნო სიტუაციაშია ჩაბმული, რომ ჩვენ ვართ დიდი სპორტული ოჯახი, ბევრი სახეობა შედის, როგორც სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტი და ფედერაციები. თუ რაიმე სირთულე წარმოიშობა, სოციალური ქსელებით ამ საკითხების გარჩევა არ მიმაჩნია სწორად, სირცხვილია, მით უმეტეს, არ არის პრობლემა, გეგა გეგეშიძე აღმასკომის წევრიც არის და ფედერაციის პრეზიდენტია, დაუძახეთ და ჰკითხეთ, არ არის საჭირო სოციალურ ქსელში ამ ამბების წერა და კომპიუტერის კლავიშებზე კაკუნი.
სამწუხაროა, რომ ასეთი ამბავი ხდება. ჩემდა სამწუხაროდ, იმდენი რამ ვიცი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ ავტორთან დაკავშირებით, რომელმაც დაიწყო ეს ყველაფერი, იმდენი რამე ვიცი, რაც თუნდაც ჩემი მინისტრობის დროს ხდებოდა… დაანებეთ სოციალურ ქსელებში წერას თავი. ტყუილებით ნუ კვებავთ ამ ხალხს. რაც გასარკვევია, ერთმანეთში გაარკვევენ, ამ საკითხზე საუბარი დავასრულოთ“, – თქვა მეძმარიაშვილმა.
მეძმარიაშვილს ამ გამოსვლის შემდეგ კორექტულობისკენ მოუწოდა შოთა ხაბარელმა.
„რას ნიშნავს დაამთავრეთ და გადაამთავრეთ. კორექტულად ისაუბრეთ. თქვენ პირიქით ძაბავთ სიტუაციას ამ გამოსვლით. კორექტული იყო ფედერაციაც და ოლიმპიური კომიტეტიც. თქვენ ზუსტად ძაბავთ ვითარებას ამ თქვენი გამოსვლით“, – თქვა ხაბარელმა საპასუხოდ კი მეძმარიაშვილმა უთხრა – „მაგ სიმართლით იარეთ თქვენ”.
ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა კურტანიძის განცხადებით, მას არ მისცეს უფლება, დასწრებოდა 1 დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გამართულ ყრილობას. კურტანიძემ ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ასე „დამამცირებლად არ უნდა მოქცეოდნენ”.
„ჯერ პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მკითხა, რა გინდა აქ და მიმანიშნა, რომ ზედმეტი ვიყავი. შემდეგ დაუძახა გენმდივანს და ბატონ თამაზს მითითება მისცა. გენერალურმა მდივანმა მითხრა, რომ კანონით ყრილობაზე დასწრების უფლება არ მქონდა, კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა… დავიბენი, რადგან არ ველოდი. შემრცხვა, ძალიან დამცირებული ვარ!“, – წერდა კურტანიძე.