ლუკა კურტანიძე: გეგა გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის ყრილობაზე არ შემიშვა

პუბლიკა

ლუკა კურტანიძე ამბობს, რომ 30 ნოემბერს ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობაზე არ შეუშვეს. კურტანიძის თქმით, მას ჯერ „ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მიანიშნა, რომ ზედმეტი იყო, შემდეგ კი გენერალურ მდივანმა, თამაზ გოგელიამ უთხრა, რომ ყრილობაზე დასწრების უფლება კანონით არ აქვს და გასვლა სთხოვა”.

„იმის ღირსი მაინც ვიყავი, ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ. იმდენი ადამიანის წინაშე მაინც. არადა ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი, რომ უბრალოდ გამეგო, რა ხდება, მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა. […] ძალიან დავმცირდი, ძალიან მეტკინა, რაღაც ვთქვი და წამოვედი! ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით ყველას, პირველ რიგში პრემიერ მინისტრიდან დაწყებული – დიახ, თქვენგან, ბატონო ირაკლი, უბრალო მოქალაქემდე, ვისთვისაც მთელი ცხოვრება შევწირე, რადგან მხოლოდ ჩემი ერი და სამშობლო იყო ჩემი ძალა – მე სხვა საზღაური არაფერი მქონდა იმ დროში! რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მამცირებენ?”.- დაწერა ელდარ-ლუკა კურტანიძემ ფეისბუქზე.

ლუკა კურტანიძე თავისუფალი სტილით მოჭიდავეა. ის არაერთხელ გახდა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი. რამდენიმე მედალი მოიპოვა ვეტერანი მოჭიდავის რანგშიც. ასევე, იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე.

რაც შეეხება გეგა გეგეშიძეს – ის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს.

2019 წლის იანვარში, სპორტის სასახლეში, გეგა გეგეშიძემ ევროპის ორგზის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს, საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა.

ინციდენტიდან 2 კვირის შემდეგ გეგა გეგეშიძე დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებიდან 2 დღეში ის 5000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

2020 წლის 5 დეკემბერს გეგა გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. გეგეშიძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.