რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია. ამის შესახებ მან ამერიკელ კომენტატორსა და Fox News-ის ყოფილ წამყვან ტაკერ კარლსონთან განაცხადა 2-საათიან ინტერვიუში, რომელიც 9 თებერვალს გამთენიისას გამოქვეყნდა.
პუტინმა ერთ-ერთ მიზნად ისევ „დენაციფიკაცია” დაასახელა და თქვა, რომ მოლაპარაკებები მათი ინიციატივით არ დასრულებულა და განმარტავს, რომ მას ევროპელმა ლიდერებმა უთხრეს, რომ დოკუმენტის საბოლოო ხელმოწერისთვის რუსეთს საჭირო პირობები უნდა შეექმნა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა დასავლური მედიის წარმომადგენელს.
„ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს, რადგან ერთ-ერთი მიზანია დენაციფიკაცია. ეს გულისხმობს ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც განვიხილეთ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც დასრულდა სტამბოლში გასული წლის დასაწყისში
ჩემმა კოლეგებმა საფრანგეთიდან და გერმანიიდან თქვეს: „როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ მოაწერენ ხელს შეთანხმებას, იარაღით თავში? კიევიდან ჯარები უნდა გავიდნენ“. მე ვთქვი, კარგი და ჩვენ გამოვიყვანეთ ჩვენი ჯარები კიევიდან.
შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაა, რომ ჩვენ მოვახდინეთ ქმედებების ინტენსიფიკაცია და იარაღის გამოყენებით გადავწყვიტეთ ამ ომის დასრულება, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, 2014 წელს დაიწყო დონბასში“, – განაცხადა პუტინმა.
ვლადიმირ პუტინმა მიმართა შეერთებულ შტატებსაც და თქვა, რომ „შტატებმა უნდა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება“ უკრაინაში.
„თუ ნამდვილად გსურთ საომარი მოქმედებების შეწყვეტა, უნდა შეწყვიტოთ იარაღის მიწოდება – ყველაფერი დასრულდება რამდენიმე კვირაში, სულ ეს არის. და შემდეგ შეგიძლიათ შეთანხმდეთ ზოგიერთ საკითხზე, მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ, შეჩერდით“, – თქვა მან.
გარდა ამისა, ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ რუსეთი და უკრაინა შეთანხმდებიან და „ხალხებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება“,
„ეს გაუთავებელი მობილიზაცია უკრაინაში, ისტერია, საშინაო პრობლემები, ადრე თუ გვიან ეს გამოიწვევს შეთანხმებას. იცით, ეს ალბათ უცნაურად ჟღერს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ ხალხებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აღდგება“, – განაცხადა პუტინმა.
საინტერესოა, რომ 2-საათიანი ინტერვიუს დასაწყისში პუტინმა, დაახლოებით, ნახევარი საათი დაუთმო რუსეთისა და უკრაინის ისტორიის მოყოლას ისე, რომ ჟურნალისტს ამ დროის განმავლობაში მისთვის სიტყვა არ შეუწყვეტინებია.
მან საუბარი დაიწყო მე-9 საუკუნიდან, მივიდა მეორე მსოფლიო ომამდე და თქვა, რომ უკრაინის შემადგენლობაში დღესაც შედის იმ ტერიტორიების ნაწილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ-მ რუმინეთსა და უნგრეთს ჩამოართვა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქვს თუ არა უფლება უნგრეთს, დაიბრუნოს თავისი მიწები ან სხვა ერებს თუ შეუძლიათ მიწების დაბრუნება, პუტინმა არ გამორიცხა, რომ უნგრეთსა და სხვა ქვეყნებს ამის უფლება ჰქონდეთ.
„არ ვიცი, როგორ იქნება 1654 წლის საზღვრებთან დაკავშირებით. სტალინის მმართველობის პერიოდს სტალინის რეჟიმს ეძახიან, ყველა ამბობს, რომ მაშინ ძალიან ხშირი იყო ადამიანის უფლებათა დარღვევა, სხვა სახელმწიფოების უფლებების დარღვევა. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია – რომ არ ვილაპარაკოთ აქვთ თუ არა უფლება, დაიბრუნონ საკუთარი მიწები, მაშინ, ნებისმიერ შემთხვევაში, გასაგებია…”, – განაცხადა პუტინმა.
კარლსონმა პუტინს ასევე ჰკითხა, უთქვამს თუ არა მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისთვის, რომ მას „უკრაინის მიწების ნაწილის დაბრუნება შეუძლია”.
„არასდროს მითქვამს. არასდროს, არცერთხელ. ჩვენ ამის შესახებ არანაირი საუბარიც კი არ გვქონია. თუმცა ჩემთვის დანამდვილებით ცნობილია, რომ უნგრელებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, სურთ საკუთარ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება”, – თქვა პუტინმა.
ტაკერ კარლსონმა ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუ 6 თებერვალს დააანონსა და აღნიშნა, რომ ინტერვიუს მიზანი ამერიკელების ინფორმირებაა, რომლებმაც არაფერი იციან უკრაინაში მიმდინარე ომზე.
კარლსონის თქმით, ის ამერიკელ ხალხს არ სთხოვს, რომ დაიჯერონ პუტინის სიტყვები, თუმცა მათ მოუწოდა, რომ მის ინტერვიუს უყურონ.