ჰერჩინსკი 9 ნაბიჯზე: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, გამონახოს გზები NGO-ების ჩართულობისთვის

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ EU-ის წევრობისთვის საჭირო 9 ნაბიჯის შესასრულებლად ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორთან ერთად უნდა იმუშაოს. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფებში უნდა მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმიდან გასული არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

„სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში. სწორედ ამიტომ, 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთში დაზუსტებითაა საუბარი სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ჩართულობაზე საკანონმდებლო პროცესებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

მოხარული ვართ, რომ ვხედავთ, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება, არსებობს სამოქალაქო საზოგადოების უზარმაზარი მრავალფეროვნება, რომლებიც განსხვავებულ საკითხებზე არიან ორიენტირებული.

ჩვენი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რაც შეიძლება ჩართულები იყვნენ საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, გამონახოს გზები, რომ სამოქალაქო საზოგადოება რაც შეიძლება ჩართული იყოს”. – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.

2023 წლის დეკემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა” დატოვეს. ჯგუფში მხოლოდ 3 ორგანიზაცია დარჩა.

2024 წლის 29 იანვარს პარლამენტში, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში არ მიიწვეს საქართველოში მომუშავე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნები“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და სხვები.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ორგანიზაციებთან თანამშრომლობას NGO-ების კოალიციის ფორმატში განიხილავს, ამიტომაც, მათ „ცალ-ცალკე ვერ გამოეკიდებიან”.

ამასთან, შალვა პაპუაშვილი ამ ორგანიზაციებს თავს დაესხა და თქვა, რომ „ეროვნულ პლატფორმაში“ ყოფნისას მათი ერთადერთი მიზანი „ პარტნიორობის ინდექსის“ მომზადების პროცესში სიმართლის დამახინჯება იყო.

„მათი მხრიდან პლატფორმის წევრობის ბოროტად გამოყენება და შემდეგ მისი დატოვება, უბრალოდ, არასწორი იყო, ვინაიდან „ეროვნული პლატფორმა“ ევროკავშირის მიერ აღიარებულ სამოქალაქო საზოგადოებრივ კავშირს წარმოადგენს და ხელისუფლებასთან სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობის მნიშვნელოვანი არხია“. – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.