სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი უკრაინის ბრძოლის ველზე სიტუაციას „უკიდურესად სერიოზულს” უწოდებს. ამის შესახებ მან გუშინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და იარაღის საჭიროებას გაუსვა ხაზი.
„ახლა სიტუაცია უკიდურესად სერიოზულია – ჩვენ ვნახეთ უკრაინის ფრონტის ხაზის ჯარები, რომლებსაც რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად საჭირო იარაღი არ აქვთ. ისინი მაინც მამაცურად იბრძვიან, მაინც გაბედულად იბრძვიან. მათ ჯერ კიდევ აქვთ საბრძოლო მასალები, რის გამოყენებაც შეუძლიათ, მაგრამ ახლა მათი რაციონირება უნდა მოახდინონ, რადგან აშშ-ის კონგრესმა ვერ იმოქმედა.
მაგრამ ჩვენ ველით, რომ უკრაინის ძალები მამაცურად ბრძოლას გააგრძელებენ და წინსვლა ექნებათ, როგორიც ბოლო დროს ჰქონდათ შავ ზღვაში. მაგრამ ეს ბევრად რთული იქნება, თუ საჭირო საბრძოლო მასალაზე წვდომა არ ექნებათ. ამიტომაცაა, რომ პრეზიდენტი კონგრესს მოქმედებისკენ მოუწოდებს”, – განაცხადა მან.
მილერმა ისაუბრა დასავლური ჯარების უკრაინის ბრძოლის ველზე გაგზავნის ალბათობაზეც და თქვა, რომ აშშ სამხედროების გაგზავნას არ აპირებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა არ უნდა გამორიცხონ. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მსგავს ნაბიჯზე კონსენსუსი ამ ეტაპზე არ არსებობს.
მაკრონმა თქვა, რომ უკრაინის ფრონტის ხაზზე დასავლეთის ჯარებთან დაკავშირებით საკითხი ძალიან „თავისუფლად და პირდაპირ” განიხილეს – ის აღნიშნავს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია, თუ ის გამოსადეგია”.
Politico-ს ცნობით, პირველად საკითხზე საჯაროდ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ NATO-სა და EU-ს წევრი რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში სამხედროების გაგზავნას განიხილავს. მის განცხადებას ჩეხეთის პრემიერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ჩეხეთი ნამდვილად არ გეგმავს სამხედროების გაგზავნას უკრაინაში და ამაზე „არავინ არ უნდა ინერვიულოს”.
სლოვაკეთის პრემიერის განცხადების საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.